Accessibility links

logo-print

პარლამენტი ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატურებს განიხილავს


თამარ ჩიქოვანი 4 დეკემბერს, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაირკვევა ჯერაც ჰაერში გამოკიდებული მინისტრობის 7 კანდიდატის ბედი.

პარლამენტმა გადაწყვიტა, იმუშაოს მანამ, სანამ მინისტრობის ყველა კანდიდატს არ მოუსმენს და კენჭს არ უყრის.

4 დეკემბერს, გვიან ღამით, ბოლოს და ბოლოს, მეტ-ნაკლებად დასრულდა ახალი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი. დღეისთვის ვაკანტურად მხოლოდ სახელმწიფო ქონებისა და გარემოს დაცვის მინისტრების თანამდებობები რჩება. გასულ კვირას და 4 დეკემბერს განხილულ მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტმა ერთად უყარა კენჭი. შედეგი მინისტრობის კანდიდატებისთვის პოზიტიური აღმოჩნდა: გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატის ნინო ჩხობაძის ბედი (ჩხობაძეს, შეგახსენებთ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა) არავის გაუზიარებია. თუმცა, გარეშე თვალისთვის, ამის პერსპექტივა, მინისტრობის ორ კანდიდატს მაინც ელოდა: ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს დავით მირცხულავასა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ნოღაიდელს, რომელთა მიმართ კრიტიკული გამოსვლები განსაკუთრებით თვალშისაცემი გახლდათ.

ზურაბ ნოღაიდელის ოპონენტთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”, რომელიც ქვეყანაში საფინანსო კრიზისის შექმნაში არა მხოლოდ კონკრეტულ კანდიდატს, არამედ ზურაბ ჟვანიას მთელს გუნდს ადანაშაულებს. ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ამ გუნდის წარმომადგენელთა საქმიანობა ფინანსთა სამინისტროს პირველ პირებად ქვეყანას ძვირად დაუჯდა: მიხეილ ჭკუასელის მინისტრობისას სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევამ 100 მილიონი შეადგინა, დავით ონოფრიშვილის მინისტრობისას 300 მილიონი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის ყოფნისას – 450 მილიონი. გამყრელიძის ვარაუდით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევა 150 მილიონი მაინც იქნება.

ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკა “დამღუპველად” შეაფასეს ფრაქციებმა “აღორძინებამ”, “სოციალისტებმა”, “მრეწველებმა”. საინტერესო ნიუანსი: ერთის მხრივ, ეს ფრაქციები პრეზიდენტს არასწორი საკადრო პოლიტიკისთვის აკრიტიკებდნენ, მეორე მხრივ კი დაუშვებლად მიიჩნევდნენ მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ პრეზიდენტისთვის დაკისრებას.

ზოგადად, ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის განხილვა საპარლამენტო ოპოზიციის დადგენის საშუალებად იქნა აღქმული. მაგალითად, კობა დავითაშვილის განცხადებით, ის და მისი თანამოაზრეები მონაწილეობას არ მიიღებენ კენჭისყრაში ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურაზე, რადგან არ ეთანხმებიან პრეზიდენტის პოლიტიკას. ამან უკვე ფრაქცია “ოცდამეერთე საუკუნის” წევრების აღშფოთება გამოიწვია, პრეზიდენტის მომხრეების იმავე პრეზიდენტის ოპოზიციად უცნაურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. და მაინც, თუ ნოღაიდელის მხარდამჭერთა გათვალისწინებით, შესაძლებელია პარლამენტში ოპოზიციის დადგენა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ასეთთა რაოდენობა პარლამენტში დღეისთვის 70-ს აღწევს. ზუსტად ამდენმა კანონმდებელმა არ დაუჭირა მხარი ზურაბ ნოღაიდელს, რასაც ხელი არ შეუშლია ფინანსთა მინისტრად მისი დამტკიცებისთვის. მოკლედ, პარლამენტმა და საზოგადოების ნაწილმა მთავრობის “გადახალისებით” თავისებური ფსიქოლოგიური განტვირთვა მოიწყო. რამდენ ხანს გასტანს ამ განტვირთვით გამოწვეული შვება, მალე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG