Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ რჩეულიშვილისა და ხიზრი ალდამოვის დაპირისპირება


საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის გენერალურ წარმომადგენლად წოდებული ხიზრი ალდამოვი არაერთხელ გამხდარა მოსკოვსა და თბილისს შორის დავისა და უთანხმოების მიზეზი.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა ალდამოვისათვის ხელი დაეფარებინა, თუმცა ამ ბოლო დროს ჩეჩნეთის წარმომადგენელს მოწინააღმდეგეები თბილისშიც გამოუჩნდნენ. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს ალდამოვის საკითხის გარკვევა მოსთხოვა.

სოციალისტური პარტიის ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ხელმოწერებს აგროვებს, რომლითაც რუსეთის მიმართ მოსახლეობის ნების წარმოჩენა სურს.

ერთთვიანი აქციის სახელწოდებაა „რუსეთი ჩემი მეზობელია", მასში მონაწილეები - ხელმომწერები, საქართველო-რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებასა და გამოუცხადებელი „ცივი ომის" დასრულებას მოითხოვენ. რჩეულიშვილის ინიციატივას რუსეთში ხელი მოაწერეს: მიხეილ გორბაჩოვმა, სხვა ცნობილმა ადამიანებმა და მათ შორის ბორის პასტხოვმაც, რომელსაც ორ ქვეყანას ჩარჩო ხელშეკრულების მომზადება აქვს დავალებული.

ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა რჩეულიშვილის ეს ინიციატივა სამარცხვინო ქცევად მონათლა და გაზეთ „ახალი თაობისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ დაუშვებს ხელმოწერების შეგროვებას. ალდამოვი რჩეულიშვილს ურჩევს, თუ რუსეთში სეირნობა მოენატრა, ოჯახთან ერთად „ბარგი-ბარხანა" ჩაალაგოს და მოსკოვში წავიდეს.

4 დეკემბერს ვახტანგ რჩეულიშვილმა ალდამოვის განცხადებას მიუძღვნა სპეციალური პრესკონფერენცია, რომელსაც რუსეთის ელჩთან ვლადიმირ გუდევთან ერთად მეზობელი ქვეყნების ელჩთა უმრავლესობაც ესწრებოდა.

რჩეულიშვილმა ალდამოვის საქმიანობაში ეჭვი შეიტანა და მას ნარკომაფიისა და ადამიანის გამტაცებლებთან შუამავლობა დააბრალა. ამ ბრალდების სისწორისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩეჩნეთის წარმომადგენლობა არაერთხელ გამხდარა მოსკოვის გაღიზიანების მიზეზი.

[რჩეულიშვილის ხმა] „პრეზიდენტი ვერ გაერკვია ვერც გელაევის სტატუსში და ვერც ამ ხიზრი ალდამოვის სტატუსში. სამაგიეროდ ჩვენ ვგრძნობთ მაგათ სტატუსს ჩვენს საკუთარ კისერზე და მე არ მინდა, რომ ამ ადამიანმა გინდაც იგივე ჩეჩნეთთან გაგვიფუჭოს ურთიერთობა. ამიტომაც ესეთი ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებენ ურთიერთობას და ამიტომაც ვამბობ, ჩვენ არ დავუშვებთ ამას."

რჩეულიშვილის პოზიციებს ამყარებს საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებინი ელჩი ვლადიმირ გუდევი.

[გუდევის ხმა] „ამ ადამიანის საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობა უკანონოა. ძირს უთხრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. მისი განცხადება იმ მომენტს მოჰყვა, როდესაც ჩვენი პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პოზიტიური ძვრები გამოიკვეთა."

ალდამოვი საქართველოს მოქალაქეა და მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოთქმა, ალბათ სწორედ ამიტომაც რჩეულიშვილი ყურადღებას კრიმინალებთან ჩეჩნეთის წარმომადგენლობის კავშირზე ამახვილებს. ეს კი სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მიუღებელი ფიგურის ჩამოცილების არაპოლიტიკურ საფუძველს აძლევს.
XS
SM
MD
LG