Accessibility links

logo-print

საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნებით კმაყოფილი ძალები იგორ გიორგაძის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ


საქართველოში მოქმედებს კომიტეტი, რომელიც იგორ გიორგაძის დაბრუნებაზე ზრუნავს. კომიტეტის წევრები ირწმუნებიან, რომ ტერორისტობისა და სახელმწიფო ღალატისთვის ძებნილი

უშიშროების ექს-მინისტრი უდანაშაულოა და საქართველოში ხელშეუხებლობის გარანტიით დაბრუნებას იმსახურებს. ვინ არიან ისინი, ვის და რას ემსახურებიან და რატომ ითხოვენ გიორგაძის რეაბილიტაციას?

უმძიმესი ბრალდებებისთვის ძებნილი იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას ლამობს. გიორგაძის ამ სურვილის ხორცშესხმისთვის კი ისევ ადგილობრივი პროკომუნისტურ-პრორუსული ძალები ირჯებიან. ვახტან გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, გიორგი ბიჭაშვილი, ბორის კაკუბავა... ანუ ისინი, ვინც იგორ გიორგაძესთან სატელეფონო თუ უშუალო საუბრებისთვის, მის თანამზრახველებად შერაცხეს და დაკითხეს კიდეც, სამსახურს ახლა უკვე პრეზიდენტს სთავაზობენ. მათი აზრით, იგორ გიორგაძისთვის წაყენებული “უსაფუძვლო” ბრალდებების გამო პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს:
[ვახტანგ გოგუაძის ხმა] “ახლა ჩვენ უნდა მივეხმაროთ პრეზიდენტს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ თუ შევაშინებთ, იგორ გიორგაძის ჩამოსვლა შეიძლება ერთი თვით დაგვიანდეს. გიორგაძე თავისუფალია, ის მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისგან მისმა უდიდებულესობამ დრომ გაათავისუფლა.”

ვახტანგ გოგუაძის მტკიცების მიუხედავად, იგორ გიორგაძე მის მიმათ წაყენებული უმძიმესი ბრალდებებისგან არავის და მათ შორის, არც დროს გაუთავისუფლებია. უშიშროების ყოფილ მინისტრს ბრალდებებისთვის არ უპასუხია და, სხვათა შორის, არც შევარდნაძე განიცდის უხერხულობას ამ ბრალდებების გამო. როგორც მან თავის ტრადიციულ ბრიფინგზე განმარტა, “თუ გიორგაძე მართალი კაცია, მაშინ ჩამოვა და ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება. ოღონდ დაბრუნების შემთხვევაში ის ვერ გადაურჩება დაკითხვას იმ ბრალდებებზე , რომლებიც მის მიმართ არსებობს.”

იგორ გიორგაძის სახელი და გვარი გენერალური პროკურატურის მრავალტომიან საქმეებში უამრავ ადგილას ფიგურირებს, მას ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული და განუხორციელებელი ტერაქტების ორგანიზატორობაში და სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ. გიორგაძის დამცველი ქეთევან ჭაბუკიანი კი ირწმუნება, რომ ეს უმძიმესი ბრალდებები მხოლოდ სამ იძულებით ჩვენებას ეფუძნება და უსაფუძვლოა. როგორც ჭაბუკიანმა 4 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, გიორგაძე მზად არის, საქართველოს გენერალურ პროკურატურას განმარტებები მისცეს და სასამართოლს წინაშე წარდგეს, ოღონდ ამისთვის ხელშეუხებლობის გარანტია უნდა მიიღოს.

გიორგაძის დამცველები პრეზიდენტს სწორედ ამ ხელშეუხებლობის გარანტიას სთხოვენ, რისთვისაც ქეთევან ჭაბუკიანმა პრეზიდენტს ამ ცოტა ხნის წინ წერილობით მიმართა. პასუხი ცალსახაა: დაბრუნების შემთხვევაში გიორგაძეს გამოძიების, შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. თუმცა, ტერორისტობისთვის ძებნილის თანამოაზრეები საქართველოში რუსეთის ახლებურ შემოსვლაზე და გიორგაძის უცილობელ დაბრუნებაზე საუბრობენ:

[გოგუაძის ხმა] “ღვთის წყალობით, ძალიან დიდი ძვრებია, ახლა ელოდებიან რუსეთის შემოსვლას, მე-11 არმიაზე საუბრობენ, მაგრამ რუსეთი შემოვიდა უკვე , პუტინის ორი სიტყვით შემოვიდა.”

პარლამენტის ყოფილი სპიკერის მსოფლმხედველობაზე დროს არ უმოქმედია, ის ძველ დროში დარჩა, მაგრამ ეს ტრაგედია არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: გოგუაძე ძველისკენ შემობრუნებას ხედავს, უფრო სწორად, რუსეთისკენ შევარდნაძის მორიგ შებრუნებას, და ამ შემთხვევაში იქნებ არც სცდებოდეს.
XS
SM
MD
LG