Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცდილობს თუ არა რაიონის გამგეობა ბინის უკანონოდ დასაკუთრებას


დავით პაიჭაძე ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადაცემა ”60 წუთში” მოტანილი ფაქტები, როგორც წესი, რეაგირების გარეშე რჩება. ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ პროკურატურა თუ რამეს იძიებს, ეს ისევ ჟურნალისტების საქმიანობაა:

რამდენად სწორი იყო მათი მოწოდებული ინფორმაცია, შეიცავდა თუ არა ცილისწამებას, გაყალბებული იყო თუ არა ფაქტები... აკაკი გოგიჩაიშვილის საავტორო გადაცემას არცერთხელ არ მოჰყოლია კორუფციულ თუ სისხლის სამართლის დანაშაულთა კვალიფიციური გამოძიება ან კონკრეტულ პირთა მხილება სამძებრო ორგანოების მიერ. ამჯერად კი ცოტა განსხვავებული სურათია: ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, დავით პაიჭაძის აზრით, ”60 წუთის” ბოლო გადაცემაში მოთხრობილი ამბავი სერიოზულ დაზუსტებებს საჭიროებს, თორემ ჟურნალისტთა მტკიცებამ შეიძლება დაამახინჯოს სიმართლე, შელახოს ადამიანის საქმიანი რეპუტაცია და დასწამოს სისხლის სამართლის დანაშაული პირს, ვისაც, უბრალოდ, არ შეეძლო ის ჩაედინა.

მსმენელს შევახსენებთ, ”60 წუთის” ბოლო გადაცემაში ლაპარაკი იყო ვაკე-საბურთალოს გამგეობის უკანონო ქმედებაზე; სახელდობრ, მოგვიყვნენ, რას აკეთებს მმართველობის ეს ორგანო და კერძოდ მისი იურისტი, ანზორ ჯაღმაიძე საიმისოდ, რომ რაიონში მდებარე ბინა საბოლოოდ სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდეს და შემდეგ, ალბათ სურვილისამებრ, მოუნახონ პატრონი. მტკიცებათა საილუსტრაციოდ მოიხმეს ამბავი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენს ეთერშიც გავიდა, ოღონდ სხვაგვარი ინტერპრეტაციით.

”60 წუთის” მიხედვით, ანზორ ჯაღმაიძე ცდილობს ხელში ჩაიგდოს ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის პრივატიზების უფლება სასამართლომ მიანიჭა პენსიონერ თამარ ჩხაიძეს, მაგრამ ის პრივატიზებას ვერ ახერხებს. თავად თამარ ჩხაიძე აცხადებს, რომ გამგეობაში მის სიკვდილს ელოდებიან; გამგეობა, თავის მხრივ, ადასტურებს, თუ თამარ ჩხაიძის გარდაცვალების შემდეგ ბინის პრივატიზება არ მოხდა, ის სახელმწიფოს ანუ გამგეობის ბალანსზე დარჩება. ”60 წუთი” ამტკიცებს, რომ ბინაზე პრეტენზია შორეულმა ნათესავებმა განაცხადეს; სასამართლოში ეს შორეული ნათესავები წარადგინა ანზორ ჯაღმაიძემ, რომელიც თვითონ იყო ჩართული პროცესში. ჯაღმაიძემ, თამარ ჩხაიძის ქალიშვილის, ვიოლა ხურცილავას თქმით, კატეგორიული უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამის გამო ვაკე-საბურთალოს გამგეობის იურისტზე ახლა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

თავად ანზორ ჯაღმაიძე ჩემთან საუბრისას აცხადებს, რომ სისხლის სამართლის ეს საქმე, ალბათ, მალე შეწყდება, რადგან უკანონოდ არის აღძრული [ჯაღმაიძის ხმა]: ”უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ შევასრულეთ; ჩვენ გავეცით პრივატიზაციის ხელშეკრულება ორ სულზე – ბებია თამარ ჩხაიზესა და შვილიშვილ თამარ ხურცილავაზე. ასე რომ, გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ არის აღძრული და ალბათ, ძალიან მალე შეწყდება” გამგეობის იურისტის ნახსენები თამარ ხურცილავა თამარ ჩხაიძის ღვიძლი შვილიშვილია, რომელიც ”60 წუთმა” შორეულ ნათესავად მოიხსენია; ნუცუბიძის 52-ში მდებარე ბინაში თამარ ხურცილავა დაბადებიდან, 1983 წლიდან იყო ჩაწერილი და ცხოვრობდა მშობლებთან, დასთან, მამის მხრიდან ბებიასა და ბაბუასთან ერთად. 90-იან წლებში ბინა პრივატიზებულ იქნა თამარ ხურცილავას მამის, ივერი ხურცილავას მიერ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ პრივატიზება გაფორმდა გარდაცვლილის მამის, გრიგოლ ხურცილავას სახელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 1999 წლის 29 აპრილს გამოიტანა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ და დღესაც ძალაშია, 60 წუთის მტკიცებისაგან განსხვავებით, თამარ ჩხაიძეს არ აძლევს სადაო ბინის პრივატიზების უფლებას. სასამართლო ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ბათილად მიიჩნევს სადაო ბინის ყველა საპრივატიზაციო ხელშეკრულებას და ადგენს: ,,პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმების გამო აღდგენილ იქნეს ბინის აღრიცხვის პირვანდელი მდგომარეობა და ეს ბინა აღირიცხოს ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ბალანსზე”. ასე რომ, ბინის დატოვება გამგეობის ბალანსზე და თამარ ჩხაიძისთვის პრივატიზებაზე უარის თქმა ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილების არა შეუსრულებლობას, როგორც ამას ”60 წუთი” ამტკიცებს, არამედ სწორედ საპირისპიროს – კანონის აღსრულებას. რაც შეეხება თამარ ჩხაიძის პრეტენზიას, რომ ბინა მისია და უნდა მოახდინოს კიდეც პრივატიზება, ანზორ ჯაღმაიძე განმარტავს [ჯაღმაიძის ხმა]: “თამარ ჩხაიძის მოთხოვნა, მხოლოდ მის სახელზე გაკეთდეს პრივატიზაცია, არასწორია იმიტომ, რომ ორივე სრულწლოვანი წევრი ერთნაირი უფლებით არის რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე და ხელშეკრულებაშიც, ამდენად, ორი სული გვყავს შეყვანილი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არაფერი წერია თამარ ხურცილავას რეგისტრაციის მოხსნის თაობაზე... სანამ თამარ ხურცილავა არ მოიხსნება რეგისტრაციიდან, ძველი სიტყვა რომ ვიხმაროთ, არ ამოეწერება, არ ამოწერენ ბინიდან, ერთ სულზე, თამარ ჩხაიძეზე პრივატიზება არ შეიძლება. სამართლებრივი საფუძველი კი მისი ამოწერისთვის არ არსებობს; სპეციალური სამსახური ადასტურებს, რომ ბინაში იგი კანონიერად არის რეგისტრირებული”.

სპეციალური სამსახური, რომელსაც ჯაღმაიძე იხსენიებს, არის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ თარხნიშვილის ოფიციალური ცნობა იუწყება, რომ თამარ ხურცილავას რეგისტრაცია გაუქმებას არ ექვემდებარება და თამარ ჩხაიძეს უარს ეუბნება ,,შვილიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე”. არც თამარ ჩხაიძეს და არც თამარ ხურცილავას არ შეუძლიათ ერთმანეთის თანხმობის გარეშე გახდნენ ბინის მესაკუთრენი; თანხმობა კი მათ შორის ვერ მიიღწევა, რადგან თამარ ჩხაიძის სახელზე ბინის პრივატიზების შემთხვევაში მაღალი ალბათობით მას გაყიდიან და არავინ იცის, მამისეული სახლიდან ბებია, მამიდა და ბიძა რა წილს შეახვედრებენ თამარ ხურცილავას, რომელიც კანონით, გარდაცვლილი მამის პირველი რიგის მემკვიდრეა. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბინისადმი თამარ ჩხაიძის ქალიშვილის, ვიოლა ხურცილავასა და მისი მეუღლის, ანზორ ბაქრაძის შესაძლო ინტერესი ანზორ ჯაღმაიძემ ასე აღწერა [ჯაღმაიძის ხმა]: ”აქ დაინტერესებას აქვს ადგილი. მათი ოჯახის სიძეა ანზორ ბაქრაძე. როგორც გადმოცემით ვიცი – რა ჩემი საქმეა, მაგრამ მაინც – გაყიდულივით აქვს ეს ბინა; უნდა, რომ ხელში ჩაიგდოს, ცოლის ძმისშვილები ქუჩაში დატოვოს, გაასხვისოს ეს ბინა და ფული მოიხმაროს... რა ვიცი... აქ გამგეობა არაფერ შუაშია. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ”60 წუთმა” ცალმხრივად გააშუქა ეს საკითხი და შვილიშვილი, თამარ ხურცილავა უცხო ნათესავად, უცხო ადამიანად გამოაცხადა საზოგადოებაში... ისე გამოვიდა, თითქოს ან გამგეობა, ან ანზორ ჯაღმაიძე დაინტერესებული იყოს ამ ბინის ხელში ჩაგდებით”.

დაბოლოს: ”60 წუთის” ხსენებულ გადაცემას არ აკლდა ემოციური დამაჯერებლობა: ჭაღარა, 80-ს მიტანებული თამარ ჩხაიძე, რომელსაც ქალიშვილი თეთრ თმას უვარცხნის და გამგეობის ჩინოვნიკი თითქოს საკუთარ ბინას არ ანებებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ემოციური ძალა არ დააკლდებოდა იმ ერთოთახიანი ბინის ამსახველ კადრებსაც, სადაც თამარ ხურცილავა ასევე 80-ს მიტანებულ პაპა-ბებიასთან, დედასა და დასთან ერთად ცხოვრობს და მეექვსე წელია ვერ შესულა სახლში, სადაც დაიბადა, რეგისტრირებულია, ცხოვრების უფლებაც აქვს, მაგრამ ამას არა გამგეობა, არამედ უახლოესი ნათესავები არ ანებებენ.
XS
SM
MD
LG