Accessibility links

logo-print

თბილისში წყალიც გაძვირდება


თბილისში გაძვირებათა მწვავე სერია გრძელდება და ამჯერად მას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კვალდაკვალ, წყლის თემა განაგრძობს.

თუკი დედაქალაქის საკრებულო “თბილწყალკანალის” მიერ წამოყენებულ მოთხოვნას მხარს დაუჭერს, წყლის საფასური თბილისში ორჯერ გაიზრდება. ხსენებული გაძვირება მომავალი წლის პირველი იანვრიდან არის მოსალოდნელი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “თბილწყალკანალის” გენერალური დირექტორი იუზა ცარციძე აცხადებს, რომ საწარმოს ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი ბალანსი ზარალიანია და თუ კვლავაც ასე გაგრძელდა, დარგი არსებობას ვეღარ შეძლებს.

იმის გარდა, რომ ამჟამად მოქმედი ტარიფი, თურმე, მიწოდებული წყლის თვითღირებულებაზე გაცილებით დაბალია, ძალიან ხშირად ამ მცირე თანხების ამოღებაც ვერ ხერხდება. საგულისხმოა, რომ მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში “თბილწყალკანალის” მიმართ მოსახლეობისა და ორგანიზაციების დავალიანებამ 57 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის, ომარ როინიშვილის განცხადებით, მოსახლეობა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე უკეთესი გადამხდელია. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თბილისში მცხოვრებთა გარკვეული (და არცთუ მცირე) ნაწილი წყლის გადასახადის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობს და, შესაბამისად, არც არაფერს იხდის. ამ ნაწილს შევახსენებთ, რომ ყოველთვიური ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე ამჟამად 60 თეთრს შეადგენს, ხოლო საბიუჯეტო და სამეურნეო ორგანიზაციებს კუბური მეტრი წყლის მოხმარება ერთი ლარი უჯდება.

ხსენებული 57 მილიონი ლარიდან (რომელიც “თბილწყალკანალის” მიმართ არსებულ დავალიანებას ასახავს) 21 მილიონი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე მოდის. ვალით დამძიმებულთა ნუსხაში ხაზგასმით მოიხსენიება სახელმწიფო კანცელარია და პარლამენტი, რომელთა მხრიდანაც “თბილწყალკანალს” წელიწადია, ერთი თეთრიც არ მიუღია.

მუნიციპალურ საწარმოს მრავალჯერ უცდია ურჩი გადამხდელების დასჯა და სხვადასხვა დროს 3 ათასამდე ობიექტს წყლის მიწოდება შეუწყვიტა კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მისი მცდელობა მცდელობადვე რჩებოდა. თითოეულ ასეთ ფაქტს თან სდევდა: საპროტექციო ზარები ხელისუფალთა მხრიდან, მოვალეთა დაპირებები, ბოდიშები და ვალის დაფარვის მოჩვენებითი გრაფიკების შედგენა (რომლებიც, ცხადია, არასდროს სრულდებოდა).

ძნელი სათქმელია, როგორ გაუმკლავდება ხსენებულ ფაქტორებს, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი და გამწარებული “თბილწყალკანალი” კომპრომისზე წასვლას აღარ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, საწარმოს ხელმძღვანელობა ხსნასა და გამოსავალს, ტარიფის გაზრდასთან ერთად, პრინციპულობაში ხედავს. ეტყობა, სწორედ ამ პრინციპულობის გამოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის გარეშე დარჩა. როინიშვილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ დავალიანების დაფარვამდე, ამ უწყებას წყლის მიწოდებას არ განუახლებენ. საფიქრებელია, რომ “თბილწყალკანალი” საბიუჯეტო ორგანიზაციების ჯავრსაც ფინანსთა სამინისტროზე იყრის.

ამოუღებელი გადასახადების ფონზე, “თბილწყალკანალს” ბევრს ვერაფერს შველის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სუბსიდირებული ხუთნახევარი მილიონი ლარი, რომელიც ძირითადად ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვისკენაა მიმართული. თუმცა, ეს თანხა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერც ამ პრობლემას ერევა და 2001 წელს დაგროვილი დავალიანების (18 მილიონი ლარის) გამო მუნიციპალურ საწარმოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიძლება ყოველ წუთს შეუწყვიტონ. აი, მაშინ კი, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, დედაქალაქს წყურვილის მოკვლაც გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG