Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის მოგზაურობა ევროპასა და შუა აზიაში


შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სამშაბათს ევროპასა და შუა აზიაში გაემგზავრა. რვადღიანი მოგზაურობის მანძილზე იგი ათი ქვეყნის დედაქალაქს ესტუმრება.

შეხვედრების დღის წესრიგშია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები. პაუელის მისიის შესახებ უფრო დაწვრილებით ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

პირველი ქალაქი, რომელშიც პაუელი ჩავიდა, არის ბუქარესტი, სადაც მან ეუთოს მინისტრთა საბჭოს სამიტში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა იგი ესტუმრება თურქეთს, ბელგიას, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ყაზადეთს, რუსეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

სახელმწიფო მდივნის მთავარი მიზანია ავღანეთის პოლიტიკური მომავლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონსულტაციები გამართოს მსოფლიოს ლიდერებთან. ნიშანდობლივია, რომ იგი სხვადასხვა ადგილზე სამჯერ შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს.

ბუქარესტში ეუთოს წევრი მინისტრები მიიღებენ დოკუმენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე. წინასწარი ვარაუდით მასში ნათქვამი იქნება, რომ ტერორიზმი არავითარი მიზნისთვის არ არის გამართლებული.

ბუქარესტის შემდეგ პაუელი ანკარაში ჩავა. აქ იგი განიხილავს კიპროსის შესაძლო გაერთიანების და ევროპის კავშირის სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალებში თურქეთის როლს.

ხუთშაბათს და პარასკევს სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში, ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ითათბირებს რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის კავშირების გაღრმავების შესახებ. ანალიტიკოსების აზრით, ამ შეხვედრაზე შეიძლება მიღწეულ იქნეს შეთანხმება ახალი სტრუქტერის შესახებ, რომელშიც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას. ოღონდ ისე, რომ მოსკოვი არ იქნება სრულუფლებიანი წევრი და არ ექნება ვეტოს უფლება.

მოვლენათა ამგვარი განვითარება, რაც ბუშსა და პუტინს შორის უკანასკნელ ხანებში მომხდარი დაახლოებით შეიძლება აიხსნას, მრავალი კრიტიკოსის აზრით, ნატოს საქმეებში მოსკოვის ზედმეტად ჩართვას – საქათმეში მელას შეშვებას ნიშნავს.

თავად რუსეთი ამგვარ დაახლოებას კარგა ხანია პოზიტიურად უყურებს. [პუტინის ხმა] ”3 ოქტომბერს ბრიუსელში ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ბევრი დრო არ გასულა. მაგრამ ნატოსა და რუსეთს შორის დიალოგი ამ ხნის მანძილზე ძალიან ენერგიულად ვითარდებოდა.” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში ნატოს გენერალურ მდივანთა შეხვედრაზე.

ამის შემდეგ პაუელი ჩავა შუა აზიის ქვეყნებში, რომელთაც უკანასკნელ ხანებში, ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს შეერთებული შტატებისთვის. ანალიტიკოსთა აზრით, პაუელი შეეცდება დაარწმუნოს ადგილობრივი ხელმძღვანელები, რომ რეგიონით შეერთებული შტატების დაინტერესება არ არის პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული დროებითი მოვლენა.
XS
SM
MD
LG