Accessibility links

logo-print

ბონის მოლაპარაკებები ავღანეთის პოლიტიკური მომავლის შესახებ


ბონში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ავღანეთის ოთხმა დელეგაციამ შეთანხმებას მიაღწია საბოლოო დოკუმენტის ტექსტის შესახებ

რომელიც განსაზღვრავს თალიბანის შემდგომი ავღანეთის დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას და მუშაობის ვადებს. აგრეთვე დოკუმენტი განსაზღვრავს სტაბილურ ხელისუფლებაზე გადასვლის გზას. ბონის კონფერენციის შესახებ მარიამ ჭიაურელი გესაუბრებათ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ, ვინ შევა ამ დროებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ვინ იქნება მისი თავმჯდომარე.

”ჩრდილოეთის ალიანსმა” მხოლოდ კვირას ღამით განაცხადა თანხმობა, რომ 20-25 კანდიდატს წარმოადგენდა ახალი ადმინისტრაციისთვის.

როგორც გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმი განაცხადა, ბონის შეხვედრაზე წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ კანდიდატთა სია, რომლებმაც უნდა დაიკავონ დროებითი კაბინეტის წევრთა, კაბინეტის თავმჯდომარის, აგრეთვე თავმჯდომარის ხუთი მოადგილის თანამდებობები. ამის შემდეგ ოთხი დელეგაცია მოლაპარაკებებს გამართავს აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობისა და მისი ამოქმედების თარიღზე.

დიპლომატიური წრეებიდან ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებზე გარკვეულ სირთულეებს ქმნის ავღანეთის დე იურე პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის პოზიცია. რაბანი ცდილობს შეანელოს მოლაპარაკებების ტემპი და, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, საერთოდ შეაფერხოს საბოლოო შეთანხმება. იგი ორშაბათს ღამით დათანხმდა კანდიდატთა სიის წარმოდგენაზე, ოღონდ მხოლოდ მას მერე, რაც ალიანსის დელეგაციის ხელმძღვანელმა იუნუს ყანუნიმ დადო საამისო პირობა.

რაბანის პოზიცია გაკვირვებას არ იწვევს. ახალი გარდამავალი ხელისუფლება, რომელიც შეთანხმების მიღწევის უმალ ამოქმედდება ქაბულში, ფაქტობრივად საბოლოოდ ჩამოაცილებს ასპარეზს რაბანის ხელისუფლებას. ეს უკანასკნელი 1996 წელს ჩამოაგდეს თალიბებმა, მაგრამ იგი დღემდე აღიარებულია გაეროს მიერ.

დროებითი აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაში სულ ცოტა ერთი ქალი იქნება. იგი ხუთი ვიცე-პრემიერის პოსტიდან ერთ-ერთს დაიკავებს. რამდენიმე მინისტრის პოსტზეც არიან ქალები გათვალისწინებული.

გარდამავალი ორგანო ექვსი თვის მანძილზე იმოქმედებს, სანამ მოწვეულ იქნება ლოია ჯირგა – ეთნიკური ჯგუფებისა და პროვინციათა ლიდერების ტრადიციული შეკრება. მასზე გადაწყდება ახალი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ბედი, რომლებიც ორ წელს იმოქმედებს, სანამ მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუცია.
XS
SM
MD
LG