Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასის ექსტრემისტების ტერორს ისრაელი პალესტინელთა ქალაქებზე საჰაერო დარტყმებით უპასუხებს


მსოფლიო ალაპარაკდა ისრაელის მიერ პალესტინელთა ავტონომიის წინააღმდეგ ორშაბათს და სამშაბათს განხორციელებულ სამხედრო აქტზე.

ამ ქვეყნის პრემიერმა არიელ შარონმა, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, როცა მის ქვეყანაში ექსტრემისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” ტერაქტები განახორციელა, გამოაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა საშუალებით იბრძოლებს.

ამ ბრძოლაში ისრაელს სრული მხარდაჭერა აღუთქვა თეთრმა სახლმა. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, როგორც მისმა წარმომადგნელმა არი ფლაიშერმა თქვა, მიიჩნევს, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, თავი დაიცვას. აქვე გეტყვით, რომ ეს გამონათქვამი არაბულ სამყაროში გულგრილად ვერ მიიღეს. არაბი მიმომხილველების აზრით, ბუშმა ამით გზა გაუხსნა შარონს პალესტინელთა წინააღმდეგ ომისა და თვითმმართველობის განადგურებისაკენ.

შეგახსენებთ, თუ რა მოხდა. შაბათ-კვირას ისრაელში ჰამასის თვითმკვლელმა ექსტრემიტებმა სამი ტერაქტი განახორციელეს. მათ მოჰყვა სერიოზული მსხვერპლი: 26 ადამიანი დაიღუპა, უამრავი დაშავდა. სწორედ ამაზე რეაქცია იყო ისრაელის არმის მიერ ორშაბათ საღამოს დაწყებული ოპერაცია. მანამდე პალესტინის ავტონომიამ ტერორისტების წინააღმდეგ გაილაშქრა. დაიჭირეს ასზე მეტი ეჭვმიტანილი, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა და სხვა. მაგრამ ისრაელის საპასუხო დარტყმამ არ დააყოვნა. ავიაციამ მასიური თავდასხმა მოაწყო ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ისრაელის საბრძოლო შვეულმფრენებმა რაკეტები დაუშინეს თვითმმართველობის ობიექტებს, მათ შორის ქალაქ რამალაში, იასირ არაფატის შტაბ-ბინის გვერდით მდებარე პოლიციის შენობას. არაფატი ამ დროს თავის ბიუროში იმყოფებოდა. გაანადგურეს არაფატის შვეულმფრენები. ქალაქ ღაზაში F 16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების თავდასხმას პანიკა მოჰყვა. ქალაქში გამოირთო ელექტროდენი. ღაზაში საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა პოლიცის შენობა, ასევე ელიტარული შენაერთის, “ფორს 17”-ის ბაზა. საჰაერო თავდასხმა მოხდა, აგრეთვე, ღაზის სამხერთში. ამ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2 პალესტინელი, ხოლო 100-მდე ადამიანი დაშავდა.

ისრაელის მთავრობა ყოველთვის ადანაშაულებდა პალესტინის ავტონომიას, რომ ის არაკმარისად ზრუნავს ტერორისტული გაერთიანებების მოსპობისთვის. ახლა, შაბათ-კვირის ტერაქტების შემდეგ, ისრაელის მთავრობამ თვითმმართველობა ტერორიზმის მხარდამჭერ გაერთიანებად შერაცხა. პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე მოქმედებს უშიშროების ორგანოდ გაფორმებული, სულ ცოტა, ათი შენაერთი. აღსანიშნავია, რომ ოსლოს შეთანხმება არ ითვალისწინებს ამ ტიპის ჯგუფების ასეთი რაოდენობით არსებობას. ისრაელის მთავრობამ პასუხი არ დააყოვნა და, როგორც ჩანს, არაფატისთვის ჭკუის სწავლება დააპირა. ამაზე მეტყველებს სამხედრო ოპერაციის ინტენსიურობა, რომელმაც არაბებიც კი გააოცა: ისინი, ცხადია, ელოდნენ, რომ ისრაელი ტერაქტებს უპასუხოდ არ დატოვებდა.

არაბთა ლიგამ დაგმო ისრაელის მოქმედება და განაცხადა, რომ შურისძიება ახალ ძალადობას წარმოშობს. ლიგის გენერალურ მდივანს, ამრ მუსას, თეთრი სახლის ზემოხსენებულმა განცხადებამ შემდეგი ათქმევინა: პალესტინელები ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ თავს იცავენო. ნეიტრალურ შვეიცარიაში გამომავალი “ტაგესანცაიგერი” ცდილობს, ნეიტრალური იყოს და წერს, რომ ტერორიზმის ომით დაძლევა შეუძლებელია და აუცილებელია, ამ ტერორიზმის მიზეზები დავადგინოთო. ისინი კი “ტაგესანცაიგერის” აზრით, ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზის სექტორის დაკავება და დასახლებაა.

ამასობაში ისრაელის მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხონ ტერორს. მთავრობის მემარჯვენე წევრები პალესტინის ავტონომიას მტრად მიიჩნევენ, სხვები უფრო თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე არიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის სამთავრობო კრიზისი სამშვიდობო პროცესს ხელს არ შეუშლის. პაუელმა ისრაელის პრემიერის ქმედება ასე შეაფასა: შარონი იმ მანერით პასუხობს, რომლის სისწორეშიც დარწმუნებულიაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG