Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა


თამარ ჩიქოვანი არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, ნელ-ნელა პარლამენტართა მხარდაჭერასაც იძენს.

მართალია, პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა წერილობით მხოლოდ 25 კანონშემოქმედის თანხმობა მოიპოვა ამ საკითხზე, მაგრამ სიტყვიერად ფრაქციათა უმრავლესობა ახალი არჩევნების დანიშვნისთვის მზადყოფნას აცხადებს. რამდენად რეალურია საჯაროდ გამოთქმული ეს განწყობილებები?

საქართველოს ხელისუფლება თავისდაუნებურად ქაჯანას როლში აღმოჩნდა, რომლის მისამართითაც შეძახილი - “წადი, წადი”- სულ უფრო ხშირად გაისმის. ნოემბრის აქციების მთავარი მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა - დღის წესრიგიდან, როგორც ჩანს, დიდხანს არ მოიხსნება. თუმცა, მეორე მხრივ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, პარლამენტარებმა ის მაინც იციან, რომ დღევანდელი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არც პარლამენტის თვითდაშლის და არც ახალი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მექანიზმები. ანუ, პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის მინიმუმ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი. თუმცა, ამის გარდა, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები დამატებით პირობებს აყენებენ ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად.

უფრო კონკრეტულად: ალბათ ისევ პირობად რჩება ტრადიციონალისტების და მაშინდელი მმართველი პარტიის მოთხოვნა, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის მოგვარების შესახებ. შეგახსენებთ, სწორედ ამ მიზეზით წელს ნოემბრის დასაწყისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო. გარდა ამისა, პარლამენტარები არჩევნების ღიად და დემოკრატიულად ჩატარების უზრუნველსაყოფად რამდენიმე კანონის მიღების აუცილებლობას ასაბუთებენ. მოქალაქეთა კავშირის წევრი პეტრე ცისკარიშვილი ამისთვის მერებისა და გუბერნატორების არჩევითობის პრინციპს ასახელებს.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] “მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ (არჩევნები) ჩასატარებელი, მაგრამ ამ ადმინისტრაციული ხელმძღვანელების (არსებობის) პირობებში შეუძლებელია. გუბერნატორები, გამგებლები მყავს მხედველობაში. ჩატარდეს არჩევნები მათიც, ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებიც და მერე შესაძლებელი იქნება მართლაც რაზეც არის საუბარი – ყველა პარტია თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ამ ფონზე დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები იქნება ჩატარებული”.

ვადამდელი არჩევნების იდეის მხარდასაჭერად სხვა პირობას აყენებს სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომლის განცხადებითაც, მის პარტიას არჩევნების არ ეშინია. ამავე დროს [ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ეს პარლამენტი დაემსგავსა მართლა სამარცხვინო ბალაგანს, როგორც თქვა აქ ქალბატონმა. ამიტომ, მე მგონია, გადაწყვეტილია... ახლა ჩვენ რომ გამოვაცხადოთ – ვიშლებით – სისულელეა. იშლები – რას ტოვებ? მივიღოთ კანონი საარჩევნო – დღესვე დავსხდეთ სამუშაოდ ამ კანონზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს უნდა ეხებოდეს პრეზიდენტის, პარლამენტის და ადგილობრივ არჩევნებს. მაგრამ კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ აზრი ჰქონდეს ამ არჩევნების ჩატარებას”.

საბოლოოდ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შეირჩევა დღე, როცა ვადამდელი არჩევნების შესახებ პარლამენტში დებატები გაიმართება. თუმცა, მთლიანობაში, არჩევნების ჩასატარებლად პარლამენტს იმდენად მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოუწევს, რომ საეჭვოა, იმ წელიწადნახევარში, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდეა დარჩენილი, ამ კანონების შექმნა და მიღება მოესწროს.
XS
SM
MD
LG