Accessibility links

logo-print

მთავრობის ფორმირებით უკმაყოფილო სტუდენტებმა საპროტესტო აქციები განაახლეს


მთავრობის ფორმირებით უკმაყოფილო სტუდენტებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. 5 დეკემბერს ისინი, ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმესაათიანი გამაფრთხილებელი აქციის გამართვით დაკმაყოფილდნენ.

მათ საქართველოს პარლამენტი გარდაცვლილად გამოაცხადეს, მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივიც მიაგეს, შემდეგ კი დროებით დაიშალნენ. სტუდენტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

5 დეკემბრის გამაფრთხილებელი აქცია ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. პარლამენტის შენობის წინ ხელისუფლების მიმართ პროტესტი მხოლოდ ასიოდე სტუდენტმა და ცალკეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელმა გამოხატა.

სტუდენტების გვერდით ეროვნულ ძალთა გაერთიანების წევრები იდგნენ, მაგრამ ეს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია იყო. გამაფრთხილებელი საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც წინ უძღოდა ფაქტობრივად ძველი მთავრობის დამტკიცება და ზოგიერთი დეპუტატის მოთხოვნა ნოემბრის სტუდენტური მღელვარების მიზეზებისა და მიზნების გამოძიების შესახებ.

ნოემბრის დიდი მღელვარება ხელისუფლების რეალური რეორგანიზაციის მოლოდინით ჩაწყნარდა. შედეგად კი მას მხოლოდ რამდენიმე მინისტრის შეცვლა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოჰყვა.

სტუდენტთა ნოემბრის აქციაზე მისული დეპუტატები ერთხმად აცხადებნენ, რომ საზოგადოების მოთხოვნების შესრულებისთვის, უკეთესი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის და ქვეყნის აღმშენებლობისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ დაპირებული ბრძოლა არ შედგა.

პარლამენტმა ძველი მინისტრები ძველებურად “რიხინ-რიხინით” დაამტკიცა. ამდენად, სტუდენტთა გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესაც მოუწია ეთქვა, რომ დეპუტატებს სტუდენტების წინაშე სალაპარაკო აღარაფერი დარჩათ: დღეს ძალიან ძნელია მათი გადარწმუნებაო, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. ახალი მთავრობის ფორმირებამ იმედი ნინო ბურჯანაძესაც გაუცრუა. მოქმედი პარლამენტისგან ის რატომღაც უფრო მეტს მოელოდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე ეს ძალიან კარგად მესმის და თავად ვაცხადებ, რომ პარლამენტისგან მეტ ერთსულოვნებას მოველოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, გავხდით ისეთი სიტუაციის თვითმხილველნი, რომელიც საკმაოდ ძნელად ასახსნელია.”

ამ ძნელად ასახსნელ მდგომარეობას სტუდენტები იოლად ხსნიან: [სტუდენტის ხმა] “პარლამენტმა კიდევ ერთხელ მოგვატყუა და, ფაქტიურად, ისევ ის მთავრობა დანიშნა. ერთადერთი ხსნის გზა მთვრობის სტრუქტურის შეცვლაშია.”

სტუდენტები საარჩევნო კანონის შეცვლასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ისინი იმუქრებიან, რომ თუ პარლამენტი ამ მოთხოვნების შესრულებაზე ზრუნვას არ დაიწყებს , დიდ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.

“საქართველოს პარლამენტი აღარ ჰყავს, ის გარდაიცვალაო”, ითქვა 5 დეკემბრის გამაფრთხილებელ აქციაზე. სტუდენტებმა პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს და წუთიერი დუმილით საკანონმდებლო ორგანოს გარდაცვალება აღნიშნეს. ამ დროს პარლამენტის შენობის შიგნით ქვორუმის არარსებობას განიცდიდნენ და თან ჯიუტად იმეორებდნენ, ვადამდელი არჩევნების გამართვა საჭირო არ არისო.
XS
SM
MD
LG