Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მოსახლეობა ზამთარში შესაძლოა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს


დედაქალაქის მერიამ, რომელმაც ერთი კვირის წინ საოლქო სასამართლოში ”AES თელასისა” და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სულ მალე სასამართლოში კიდევ ერთხელ უჩივლებს ამ კომისიას.

ამჯერად მერიის დეპუტატების აღშფოთება გამოწვეულია გადაწყვეტილებით, რომელიც ბუნებრივი აირის ტარიფის ორი თეთრით გაზრდას ითვალისწინებს. თუმცა საეჭვოა, რომ სასამართლო გამოძიებამ რაიმე შეცვალოს მოსახლეობის სასარგებლოდ, რადგან ”საქგაზის” მიმართ არსებული დავალიანების გამო ”თბილგაზი” დიდ ხნის გაკოტრებულია.

ათი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობის ენერგეტიკულ პრობლემებზე ზრუნვა სწორედ ზამთრის კვირაძალზე ახსენდება და იწყება ნამდვილი შეჯიბრი პირობითი სახელწოდებით, ყველანი “ენერგეტიკული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად.”

გასული კვირიდან საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები პირად კონტროლზე აიყვანა და, როგორც თავად აღნიშნა, დღეში რამდენჯერმე ისმენს დარგში შექმნილ ვითარებას. თუმცა ამით ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგება არათუ გაუმჯობესდა, არამედ რიგ რაიონებში გაუარესდა კიდეც. სხვას რომ თავი დავანებოთ, თითქმის მთელი თვე დენი არ მიეწოდებოდა ქვეყნისთვის ისეთ სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის მთავარი კომპონენტი – რადიოსალოკაციო სადგურები, რომლებმაც 24-საათიან რეჟიმში უნდა აკონტროლონ საჰაერო საზღვრები.

სულ მალე სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. როგორც 5 დეკემბერს აჭარის თბილისის ორგანიზაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, დედაქალაქის მოსახლეობას უკვე დღეისთვის შეზღუდვით მიეწოდება გაზი. ამის გამომწვევ ძირითად მიზეზად კი ”თბილგაზის” მიერ რუსეთის კომპანია ”იტერას” წინაშე წარმოქმნილი მრავალმილიონიანი დავალიანება დასახელდა, რის გამოც, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ლადო კახაძემ განაცხადა, მომწოდებელი მხარე ახალ პირობას აყენებს [ლადო კახაძის ხმა] “1-ლი იანვრიდან ნავარაუდევი აქვს მომწოდებელ მხარეს წინასწარი გადახდის მეთოდის შემოღება, რომელიც დაანგრევს ყველაფერ იმას, რაც აქამდე გვაქვს მოპოვებული. ”საქგაზის” მიმართ დავალიანება შეადგენს ერთ მილიონ ლარს. მაგრამ სულ ცოტა ხანში, თუ არ გაუმჯობესდა მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ამოღება, ჩვენ დამატებით პრაქტიკულად გადასახდელი გვექნება გაზრდილი მოთხოვნების კიდევ 6 მილიონი ლარი”.

როგორც ცნობილია, ”თბილგაზის” ფინანსური მდგომარეობისათვის ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა ბუნებრივი აირის საფასურის ორი თეთრით გაზრდა, რადგან ეს დარგი, ისევე როგორც ყველაფერი საქართველოში, კორუფციაშია ჩაფლული, ხოლო გასულ წლებში წარმოშობილი მეტად საეჭვო ვალების გამო, ”თბილგაზი” არა მხოლოდ გაკოტრებული, არამედ ”გადაკოტრებულია”. თუმცა ”თბილგაზის” კომერციული დირექტორის დათო გურგენაშვილის თქმით, ვითარებიდან გამოსვლის მინიმალური შანსი ჯერ კიდევ არსებობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მოხდეს მრიცხველების გარეთ დამონტაჟება და უნდა ამაღლდეს ინსპექტორების მატერიალური სტიმულირების ფორმები. [დათო გურგენაშვილის ხმა] “ოთხი მილიონის დანახარჯების პირობებში შემოსავალი შეადგენს 15,4 მილიონ ლარს, ეფექტი შეადგენს შეადგენს 11,4 მილიონ ლარს. ღირს თუ არა ამის გაკეთება? ღირს”.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ ხარჯების გაღება თბილისის ბიუჯეტს არ შეუძლია, თანაც ამ ღონისძიებებს წინ უნდა უსწრებდეს რუსეთის წინაშე წარმოქმნილი ვალების დაფარვა. თუმცა არის მესამე გზაც, სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რისი უახლესი პერსპექტივა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამოქმედების შემთხვევაშიც კი 2005 წლამდე არ არსებობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG