Accessibility links

logo-print

ქართული ბანკები კრედიტებს ძირითადად ვაჭრობის სფეროზე გასცემენ


ზაზა გაჩეჩილაძე საქართველოს კომერციულ ბანკებს ჯერ კიდევ უჭირთ რეალური ეკონომიკის დაკრედიტება და მათი საკრედიტო პორტფელი ძირითადად ისევ სავაჭრო სფეროსკენ არის მიმართული, რასაც, ბუნებრივია, აქვს თავისი ობიექტური მიზეზები.


ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელი პირობა შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოძებნაა. როდესაც ამა თუ იმ კომპანიას არა აქვს სათანადო რესურსი თავისი საქმიანობის გასაფართოებლად, იგი კომერციულ ბანკს მიმართავს და აღებული კრედიტით ახდენს ახალი პროექტების დაფინანსებას. დაახლოებით ამგვარად ხდება საქართველოშიც, თუმცა ჩვენი ეკონომიკის და საბანკო სისტემის განვითარების მასშტაბების შესაბამისად ამ კრედიტების მოცულობა და თავად საკრედიტო პორტფელის სტრუქტურა შედარებით მარტივი და მცირე მოცულობისაა, თუმცა ამ მხრივ ბოლო წლებთან შედარებით გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება.

მიმდინარე წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 516 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან უდიდესი ნაწილი 81 პროცენტი, ანუ 419 მილიონი ლარი ძირითადად ამერიკულ დოლარშია გაცემული. მთლიანი საკრედიტო დაბანდების ზრდის 35,5 პროცენტი მოკლევადიან სესხებზე, 37,9 პროცენტი გრძელვადიანზე, ხოლო 5 პროცენტი ვადაგადაცილებულ სესხებზე მოდის.

2001 წლის 10 თვეში საკრედიტო პორტფელის 95 პროცენტი, ანუ 483 მილიონი ლარი კერძო სექტორზეა გაცემული. საკრედიტო პორტფელის ეროვნული მეურნეობის დარგების მიხედვით განაწილებით ყველაზე დიდი ხვედრითი წილი ფიზიკურ პირებზე მოდის, მათ მიმდინარე წლის განმავლობაში 224 მილიონი ლარი აქვთ სესხად აღებული.

საკრედიტო პორტფელის სტრუქტურაში კვლავინდებურად დიდია ვაჭრობის დაკრედიტების წილი, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებათა დიდი ნაწილი სწორედ ვაჭრობის სფეროშია კონცენტრირებული და მათი მოცულობა მთლიანობაში 347 მლნ ლარს შეადგენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს კომბანკების საკრედიტო დაბანდებათა საერთო მოცულობის 68%-ს და კერძო სექტორში დაბანდებული თანხების საერთო მოცულობის 72%-ს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სიტუაცია გამოწვეულია მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროექტების მცირე რაოდენობით და რისკის მაღალი დონით. ანუ ამგვარი პროექტები არსებული მაკროეკონომიკური გარემოს გამო შედარებით მცირეა, ხოლო მათი დაკრედიტება უაღრესად სარისკო. შედეგად კრედიტები გაიცემა დიდი საპროცენტო განაკვეთით, რაც ამცირებს გრძელვადიან კრედიტებზე მოთხოვნას. ამავდროულად, ასეთი პირობებში, თვით ბანკებსაც ურჩევნიათ დააფინანსონ მოკლევადიანი პროექტები, ხოლო ასეთი პროექტების უმრავლესობა კონცენტრირებულია ვაჭრობის სფეროში. ვაჭრობა კვლავინდებურად მაღალშემოსავლიან და სწრაფად ამოგებად სეგმენტად რჩება, ხოლო ფული მიილტვის იმ მიმართულებით, სადაც შედარებით სწრაფი და გარანტირებული მოგებაა.
XS
SM
MD
LG