Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში უნიკალური წიგნის პრეზენტაცია მოეწყო


ამ დღეებში თბილისში უნიკალური წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. კომპანია ქართული ტელეფილმის 30 წლისთავი აღინიშნა კრებულით, რომლის ავტორი თავად ტელემაყურებელია.

ორი წლის წინ სახელმწიფო ტელევიზიის მორბენალ სტრიქონზე გაჩნდა წარწერა: “ვისაც კი კავშირი ჰქონია სატელევიზიო ფილმების სტუდიასთან, ვთხოვთ მოგვაწოდოს წერილები წიგნისთვის – “კომპანია “ქართული ტელეფილმი” 30 წლისაა”. ტელევიზიის თხოვნას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ასე გამოიცა სქელტანიანი წიგნი, რომელიც ფაქტობრივად ქართული ტელეფილმის სრულ ისტორიას წარმოაჩენს.

ქართული კინოს ისტორიით დღეს ისევ ამაყობს ჩვენი საზოგადოება. თუმცა ადამიანმა, თუნდაც ჩვენი კინოხელოვნებით დაინტერესებულმა უცხოელმა სტუმარმა, ამ ისტორიის ამსახველი წიგნი ან კრებული რომ მოინდომოს, გული დაწყდება – ასეთი წიგნი არ არსებობს. სამაგიეროდ ამ დღეებში წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა კრებული, რომელიც ქართული ტელეფილმის ისტორიას ასახავს, გვიამბობს 30 წლის წინ შექმნილ სტუდიაზე, რომელსაც საბჭოთა ეპოქაში ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა – ტელეფილმების პროდუქციას არ განიხილავდნენ მოსკოველი ცენზორები და შესაბამისად, ავტორს აქ მეტი თავისუფლება ჰქონდა. სწორედ ამ თავისუფლების ხარჯზე შეიქმნა სხვადასხვა დროს, ქართული სატელევიზიო კინოს შედევრები: “ქორწილი”, “რეკორდი”, “ქვევრი”, “თუში მეცხვარე” და სხვა.

კრებულს “ქართული ტელეფილმი 30 წლისაა” ერთი ავტორი არა ჰყავს. წიგნში კინორეჟისორების, კრიტიკოსების, დრამატურგების ასამდე წერილია თავმოყრილი და, მართალია, ავტორები მხოლოდ ტელეფილმების სტუდიის წარსულზე გვიამბობენ, ფაქტობრივად, ეს წიგნი – ქართული კინოს ისტორიაცაა. 70-იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაღებულმა ფილმებმა პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს, ტელეფილმების სტილისტიკის გავლენა თავად დიდ კინოსაც დაეტყო – სულ უფრო კამერული და განტვირთული ხდება ქართული კინოს პლასტიკა და, რაც მთავარია, ქართული ტელენოველისთვის დამახასიათებელი იგავური ფორმა მთელი ქართული კინოს ენის განმსაზღვრელი გახდა.

ქართველი კინემატოგრაფისტები ვერაფრით ახერხებენ დაწერონ ქართული კინოს ისტორია. როგორც ვხედავთ, “ტელეკინემატოგრაფისტებმა” მათ ამჯერადაც აჯობეს და მშვენიერი წიგნი გამოსცეს. ალბათ იმიტომაც, რომ კომპანია “ქართული ტელეფილმის” ხელმძღვანელი დღეს ედუარდ შევარდნაძის ქალიშვილია. თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, თენგიზ აბულაძის “მონანიების” გადაღება სწორედ ტელეფილმების სტუდიაში დაიწყო – გარე სამყაროს, პირველ რიგში კი მოსკოვს, არ უნდა სცოდნოდა, რას იღებენ თბილისის სტუდიაში. დღეს კომპანია “ქართული ტელეფილმი” ქმნის ვიდეოპროდუქციას, რომელსაც ასევე ნაკლებად იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ტელეფილმების სტუდიას ისღა რჩება, რომ საიუბილეოდ წიგნი გამოსცეს და წარსულით მაინც იამაყოს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG