Accessibility links

უსაფრთხოების საკითხები ომისშემდგომ ავღანეთში


როგორი იქნება უცხოელთა როლი ომისშემდგომ ავღანეთში? იგულისხმება უშიშროების საერთაშორისო ძალები, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა აზრით, ასეთი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს მუსლიმანურ სახელმწიფოთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ, ოღონდ არა ავღანეთის მოსაზღვრე ქვეყნებიდან, რათა კონფლიქტი მეზობლებს არ გადასწვდეს.

სამშაბათს ვაშინგტონში გაიმართა სემინარი, რომლის მონაწილეებს კერძო კვლევითი ინსტიტუტის, ”საერთაშორისო კრიზისთა კვლევის ჯგუფის” თანამშრომლებმა გააცნეს საანგარიშო მოხსენება იმის თაობაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ შეერთებული შტატების როლი, ავღანეთის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეკონსტრუქციის საქმეში.

სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ მაიკლ ოჰენლონი და სტივენ კოენი, არა მარტო საერთაშორისო კრიზისთა კვლევის ჯგუფის, არამედ ცნობილი ”ბრუკინგზის ინსტიტუტის” თანამშრომლები. და როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი, ნატალია ხიჟნიაკი იუწყება, ორივე ექსპერტის ყურადღების ცენტრში ერთი პრობლემა იდგა: ავღანეთში არ არსებობს ცენტრალური მმართველობის ტრადიცია. მაიკლ ოჰენლონის თემა ქვეყნის რეკონსტრუქციაში დახმარების საკითხი იყო.

[ოჰენლონის ხმა] ”ვფიქრობ, უნდა შემუშავდეს გეგმა, რომლითაც დახმარების მოზრდილი ნაწილი ცენტრალურ მთავრობას ერგება და რომელიც ცენტრალურ მთავრობას მონაწილეობას მიაღებინებს დახმარების განაწილებაში. თუმცა, დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონებში უნდა განაწილდეს. ამ დახმარების მოცულობა დამოკიდებული უნდა იყოს რეგიონების მმართველ ორგანოთა მოქმედებაზე.”

სტივენ კოენი კი ავღანეთის სამხედრო მომავალს შეეხო. მისი აზრით, უპრიანი იქნება, თუ ქვეყანა, რომელიც კარგად არის შეიარაღებული, მაგრამ არასოდეს ჰყოლია ცენტრალური სამხედრო სარდლობა, სხვა ქვეყნების გამოცდილებით ისარგებლებს.

[კოენის ხმა] ”საჭიროა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. ის, თუ როგორ მოახერხეს სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი და შავკანიანი მოქალაქეების შეკრება ერთიან, ძლიერ პროფესიულ არმიაში, შესაძლოა, ავღანეთისათვის მოდელად გამოდგეს.”

წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა კოენმა, ავღანეთი ისევ იქცევა ძველი სისტემის ტყვედ, როცა თითოეულ პროვინციას უძღვება საველე მეთაური, რომელიც თავის სამხედრო საქმიანობას ნარკოტიკებით ვაჭრობით აფინანსებს. ეს კი, ამერიკელი ექსპერტის რწმენით, მიუღებელია როგორც ავღანელი ხალხისათვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, საერთაშორისო კრიზისთა კვლევის ჯგუფის საანგარიშო მოხსენების შემდგენლები მთავარ ამოცანად განათლების სისტემის აღორძინებას ასახელებენ და ბოლოს წინასწარმეტყველებენ, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთის აღდგენისთვის, მომავალი ხუთი წლის მანძილზე დაახლოებით ექვსი მილიარდი დოლარის გაღება მოუწევს.
XS
SM
MD
LG