Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არაფერი იცვლება


დავით პაიჭაძე გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებამ გადაფარა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ახალი ამბავი - მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა თავისი მოადგილეები დანიშნა;

ზურაბ ჩხაიძე ძველ თანამდებობაზე დარჩა, ახალი პოსტები კი დაიკავეს ზურაბ ხაჟალიამ, დავით თოდუამ და შოთა ასათიანმა. მინისტრად დამტკიცების დროს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას კობა ნარჩემაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირებაზე ილაპარაკა; რეფორმის მომასწავებელი პირველი ნაბიჯი თითქოს უნდა ყოფილიყო მინისტრის მოადგილის დანიშვნა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ახალ მოადგილეთა პოსტებზე გამწესებისას ეს თანამდებობა არავის გახსენებია. გთავაზობთ დავით პაიჭაძის კომენტარს.

კობა ნარჩემაშვილის, ვითარცა მინისტრობის კანდიდატის სიტყვა პარლამენტში მართლაც შეიცავდა რეფორმატორულ მოტივებს. ნარჩემაშვილის წინამორბედის დამტკიცებისას პარლამენტმა ნებით მოიტყუა თავი, თუმცა ყველამ იცოდა, რომ კახა თარგამაძე სისტემაში არანაირ რეფორმას არ გაატარებდა. ახალი მინისტრი სხვა შემთხვევაა: რეფორმატორის ამპლუაში ის უფრო დამაჯერებლად გამოიყურება; აქ შეიძლება იფიქრო, რომ თავად ნარჩემაშვილი მოწადინებულია გარდაქმნას სისტემა, შეცვალოს მუშაობის სტილი, მეთოდები, ნორმები თუ ფორმები, მაგრამ რეფორმირებისათვის აუცილებელი ძალისხმევა მას არ ეყოფა. ნარჩემაშვილი გახდება სისტემის მძევალი და გადაიქცევა ახალ თარგამაძედ. ასეთი მოსაზრება არაერთხელ გაისმა შინაგან საქმეთა მინისტრის დამტკიცებისას. გამოთქვეს სხვა მოსაზრებაც - რეფორმატორული იდეები ჩვეულებრივი საბურველია, რომელშიც მინისტრობის კანდიდატმა თავისი სიტყვა უნდა გაახვიოს. ესაა ხარკი, გაღებული პოლიტიკური კონიუნქტურისათვის. რაგინდ რეაქციულ ხელისუფლებას ვაყალიბდებდეთ, აუცილებელია, რეფორმისტული რიტორიკა მაინც ახლდეს პროცესს. ნარჩემაშვილის რეფორმატორობა ისეთივე ბლეფია, როგორც თარგამაძისა. ის სისტემის მძევალი კი არა, ორგანული ნაწილია, ხორცი ხორცთაგანი.

არის მესამე შეხედულებაც: შინაგან საქმეთა მინისტრს არ დავიწყებია და არც გადაუფიქრებია ადამიანის უფლებათა დარგში მოადგილის დანიშვნა, მაგრამ ნარჩემაშვილს ამას არ ანებებენ, უკეთ - არ ანებებს ის, ვისაც ყოველთვის უთანხმებენ მინისტრის მოადგილის კანდიდატურებს. ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას კობა ნარჩემაშვილმა გაიმეორა, რომ ხსენებულ დარგში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აუცილებლად დაინიშნება. რატომ არ დაინიშნა ის ახლა, აღარ უთქვამს. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: შევარდნაძის ნების გარეშე ამ პოსტს ვერავინ დაიკავებს; ხოლო ვინც დაიკავებს, შემდგომი მოქმედებით დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას პრეზიდენტს. ოთხი მოადგილის დანიშვნისას ამ საკითხისთვის გვერდის ავლა ალბათ შესაფერი კანდიდატის ჯერ კიდევ მიმდინარე ძებნით უნდა აიხსნას.
XS
SM
MD
LG