Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო მომავლისთვის რა სიახლეები უნდა გამოიკვეთოს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში


აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძვრებს ელოდება და მისი ეს მოლოდინი რუსეთის პრეზიდენტის დაპირებებს ეფუძნება.

აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით შევარდნაძემ მთელი თავისი იმედები ისევ რუსეთისკენ მიმართა. ახლა ის ვლადიმირ პუტინის დაპირებების შესრულების მოლოდინშია, ასეთ სიტუაციაში რამდენად არის მოსალოდნელი სერიოზული ძვრები აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თვალსაზრისით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყო. და მაინც, რას ელის საქართველოს პრეზიდენტი, რომლის უმთავრეს მიზანსაც აფხაზეთის დაბრუნება წარმოადგენს?

მთვარი, რასაც შევარდნაძე ელის არის ის, რომ რუსეთი შეასრულებს პრეზიდენტ პუტინის სიტყვას და აღარ შეუშლის ხელს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დოკუმეტის მიღებას, რომელზეც გაეროში თითქმის წელიწადნახევარია მუშაობენ. პუტინი მას შეჰპირდა, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ვეტოს უფლებით აღარ ისარგებლებს და მხარს დაუჭერს თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას ერთიანი საქართველოს ფარგლებში. [ედუარდ შევარდნაძის ხმა] "პირველად ბატონმა პუტინმა მაცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოზიციას საქართველოს სასარგებლოდ, მხარს დაუჭერს იმას, რომ ასეთი დოკუმენტი იქნას მიღებული. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არავითარი ინტერესი არ გააჩნია რუსეთს აფხაზეთში, თუ ის ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის. ის ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა, თუ არ ვცდები ორი-სამი წუთი იმაზე, რომ უნდა დავიჯეროთ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ერთიანი საქართველოს და ტერიტორიულად მთლიანი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება."

დოკუმენტი, უფრო სწორად უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ დებულებები, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ შეიმუშავა, საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებას და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული დებულებების მიღება ახალი ფორმულირებით უნდა მოხდეს, მივიღებთ გაეროს გენერალური მდივნის რეკომენდაციებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციების ნაცვლად.

როგორც ზემოთ ითქვა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის რეკომენდაციებზე გაეროში თითქმის წელიწადნახევარია მუშაობენ. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის ინფორმაციით იქ მომზადებულია 8 პუნქტიანი პროექტი, რომელიც ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება. პირველი - თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა უნდა მოხდეს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში და მეორე - აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ფორმაზე შეთანხმება შემდგომი მოლაპარაკების პროცესში უნდა მოხდეს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის ერთიანი საქართველოს შემადგენელ ნაწილად წარმოდგენის საფუძველზე.

მალხაზ კაკაბაძის თქმით, გაერო არ შემოგვთავაზებს კონკრეტულ რეკომენდაციას აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით და მისი უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინება იქნება. აღნიშნულის მიუხედავად გამოითქმება საყვედური, რომ გაეროში შევარდნაძის ხელისუფლებას წარდგენილი აქვს საქართველოში აფხაზეთის სტატუსის პროექტი, რომლის შესახებაც ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძის ვიწრო გარემოცვის გარდა არავინ იცის. იგი ადგენს აფხაზეთის თითქმის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან სუსტი ფორმალური კავშირი უნდა ჰქონდეს. აღნიშნული პროექტი ხელს აძლებვს რუსეთს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი მზადყოფნა, აღარ გამოიყენოს ვეტოს უფლება და ეს ნაბიჯი საქართველოსთვის სასარგებლო ნაბიჯადაც წარმოადგინოს. სინამდვილეში ის საქართველოსგან აფხაზეთის ფაქტობრივ, შემდეგ კი იურიდიულ მოწყვეტას შეუწყობს ხელს.

შევარდნაძე ასე არ ფიქრობს, მან დაიჯერა, რომ პუტინის რუსეთი ერთიანი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება და ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში პოზიტიურ შტრიხს შეიტანს პუტინთან შეთანხმება, მოლაპარაკების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჩართვის თაობაზე. [ედუარდ შევარდანძის ხმა] "ჩვენ პრინციპში შევთანხმდით, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეიძლება ჰყავდეს პირადი, ავტორიტეტული წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პროცესში. კიდეც განვიხილეთ რამდენიმე გვარი, მაგრამ მივედით დასკვნამდე, რომ ამისთვის მომზადებულები არ ვიყავით. ჩემი რჩევა იყო, რომ ის უნდა იყოს სამართლიანი და ობიექტური, როგორც აფხაზებისთვის ისე ქართველებისთვის მისაღები პიროვნება და შევთანხმდით, რომ ვიფიქრებთ და ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით."

მოლაპარაკების პროცესში ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის ჩართვის თაობაზე შეთანხმება, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის, როგორც მთავარი მედიატორის როლის გაძლიერებაზე მიუთითებს. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის მთავარ მექანიზმს ისევ რუსეთში ხედავს, რუსეთში, რომელიც ისეთი ფორმით, როგორც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება, აფხაზეთს არასდროს დაგვიბრუნებს.
XS
SM
MD
LG