Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის კონფლიქტებისა და ევროპის სტაბილურობის პაქტისადმი მიძღვნილი ბერლინის კონფერენცია


გიორგი კაკაბაძე ნოემბრის მიწურულს ბერლინში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კავკასიაში არსებულ კონფლიქტებსა და ევროპის სტაბილურობის პაქტს.

მასპინძლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთი კავკასიის ქვეყნების წარგზავნილები. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს სახალხო დამცველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ინიციატივით გამართული კონფერენცია იმის მანიშნებელი იყო, რომ ადრინდელთან შედარებით ევროპა უფრო სერიოზულად დაინტერესდა კავკასიით" - ამბობს გია ნოდია, ანუ ევროპა კავკასიას განიხილავს თავისი აქტიური პოლიტიკის არეალად, თუმცა, დასავლეთში ჯერ არ იციან, თუ კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ეს პოლიტიკა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები. მიწვეული იყვნენ სოხუმელებიც, მაგრამ ისინი არ ჩასულან ბერლინში. კონფერენციას ჰქონდა საუბრის სახე ანუ მონაწილეები არ გამოსულან საგანგებოდ მომზადებული მიოხსენებებით. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის გარშემოც გაიმართა მსჯელობა, გახლდათ ყარაბაღის კონფლიქტი - ეს პრობლემა ერთ-ერთ ურთულესად არის მიჩნეული კავაკასიაში.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ კონფლიქტებს, ჩვენმა წარმომადგენლებმა საკმაოდ ვრცლად და სხვადასხვა ასპექტით გააშუქეს აფხაზეთის პრობლემა.

საინტერესოდ ისაუბრა ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კოსტა ძუგაევმა, რომლის გამოსვლა გამოირჩეოდა კონსტრუქციულობითა და კეთილგანწყობით. მისი შეფასებით, დღეს თბილისსა და ცხინვალს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობებია დამყარებული, თუმცა, კოსტა ძუგაევმა ერთგვარი ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ამ ურთიერთობების შენარჩუნება ცხინვალში ჩატარებული უკანასკნელი არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება "კავკასიის სტაბილურობის პაქტად" ცნობილ ემერსონის პროექტს, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის პრობლემებისადმი ერთიან მიდგომას გილისხმობს, ბევრი ექსპერტი, მათ შორის, გია ნოდია მიიჩნევს, რომ ეს პროექტი ძნელად განსახორციელებელია, რადგან რეალობისაგან შორს დგას. "კავკასიური ინსტიტუტის" დირექტორის თქმით, უფრო პერსპექტიულია სამხრეთი კავკასიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ინიციატივა, რომელიც საქართველოდან წამოვიდა და რომლის მიხედვით, უნდა შეიქმნას მცირერიცხოვანი სამუშაო ჯგუფები, სადაც შევლენ სამინისტროების სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. [გია ნოდიას ხმა] " იმიტომ, რომ ახლა სულ არის ლაპარაკი იმაზე, განსაკუთრებით დასავლეთიდან, რომ კავკასიას შეუძლია, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ნამდვილი ინტერესის მიპყრობა და ეკონომიკაში წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა რაღაც თანამშრომლობის მექანიზმები, მაგრამ განსაკუთრებით ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე რეალური შანსი ასეთი თანამშრომლობის მექანიზმების შექმნისა ძალიან მცირეა."

რაც შეეხება ბერლინის კონფერენციას, ჩემი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ მსგავსი კონფერენციები აუცილებლად უნდა ჩატარდეს პოზიციების შეჯერებისთვისა და იმ მიზნითაც, რომ დასავლეთს მუდამ ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა კავკასიაში არსებულ პრობლემებზე.
XS
SM
MD
LG