Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინო გეოპოლიტიკურ "ცარცის წრეში"


ყვალანი მივეჩვიეთ, რომ საქართველოში სადაო საკითხებს ან კორუფციის სუნი ასდის, ან დიდი პოლიტიკის. ამ დღეებში ახალი სკანდალი გაჩაღდა ღვინის ქარხანა "ახაშენის" ირგვლივ

რომელიც რუსეთის ბაზრის დიდ ნაწილს ქართული ღვინოებით უზრუნველყოფს. სკანდალი გამოიწვია, ქარხნის პარტნიორი კომპანია "სუპერ ლუქს სერვისის" მიერ პრესით გაკეთებულმა განცხადებამ, რომელშიც "ახაშენის" ბიზნესში რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესებაზეა საუბარი.

ღვინის ერთობლივი ბიზნესის დაწყება ქართველ და რუს პარტნიორებს შორის სათავეს 1996 წლიდან იღებს. ერთობლივ პარტნიორულ კონტრაქტში რუსეთის მხრიდან "დიონის კლუბი" მონაწილეობდა, საქართველოს მხრიდან კი "სუპერ ლუქს სერვისი", რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობის თავდაცვის მინისტრი ნოდარ გიორგაძე გახლდათ.

იმავე წლის 12 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და განისაზღვრა მხარეთა წილები. "დიონის კლუბს" ერგო 85%, ხოლო "სუპერ ლუქს სერვისს"- 15%. მაგრამ ჩამოსხმული ღვინის პირველივე პარტიის რეალიზების შემდეგ პარტნიორებს შორის "შავმა კატამ" გაირბინა. "სუპერ ლუქს სერვისის" კონსულტანტ ირაკლი მელაშვილის მტკიცებით,[ირაკლი მელაშვილის ხმა] "1996-97-98 რამდენიმე მილიონი ბოთლი იქნა გატანილი საქართველოდან, მაგრამ რუსელი მხარის ინფორმაციით, იმის გამო, რომ კომპანიას მოგება არ ჰქონია, ქართულ მხარეს არანაირი დივიდენდი არ ეკუთვნოდა".

ამის შემდეგ პარტნიორებს შორის ფორმდება ახალი შეთანხმება, რომლის თანახმად ქართული მხარის დივიდენდები 2000 წლის 1-ლ აპრილამდე უნდა დარჩენილიყო ფირმის ბრუნვაში და მოხმარდებოდა ქარხნის მშენებლობას. თუმცა რუსულმა მხარემ პირობა იმავე წელს დაარღვია. გარდა ამისა, "დიონის კლუბი" აშკარად იწყებს საქმიდან ქართველი პარტნიორების გაძევებას, რისთვისაც აქტიურად იყენებს ოფშორული ფირმების კაპიტალს. კერძოდ 1999 წელს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, ფუძნდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ახაშენი", რომლის აქციების 100%-იანი მფლობელი ხდება ოფშორული კომპანია "სოიუზექსპედიცია". 2000 წლის 26 დეკემბერს კი "ახაშენი" მიეყიდა ახალ ოფშორულ სუბიექტს "მინ ინვესტ კომპანიას". მაგრამ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გაღრმავდა, 2001 წელს დავაში რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნები ჩაერიენ, გენერალ პავლოვის სახით, რომლებმაც [ირაკლი მელაშვილის ხმა] "საქართველოს უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს ქართული მხარის დევნა. საქმეში ჩაერია ომბუდსმენიც. ქალბატონ დევდარიანთან იმყოფებოდნენ პავლოვი და ქალაქის უშიშროების უფროსი ზაზა შუბითიძე, რომლებიც ითხოვდნენ, რომ მათი მხარე დაეჭირა დევდარიანს".

საქართველოს სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დაადასტურა მის კაბინეტში გამართული ამ შეხვედრის ამბავი. დევდარიანის განმარტებით, მან კატეგორიულად გააფრთხილა თბილისის უშიშროების ხელმძღვანელი, რათა გამოერიცხა ამ დავაში უშიშროების ჩარევა და საქმე სასამართლოში განხილულიყო.

აღსანიშნავია, რომ საქმე მართლა მივიდა სასამართლომდე."სუპერ ლუქს სერვისის" მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ქალაქ თბილისის სასამართლომ ორი კვირის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება, ქარხანა "ახაშენის" ქონების დაყადაღების შესახებ.

მაგრამ "ღვინის საქმე" ამით არ მთავრდება და რუსული მხარე ცდილობს, ბრძოლაში ამჯერად ახალი კოზირები ჩააბას. ამ დღეებში მთელ რიგ ქართულ გაზეთებში გამოჩნდა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, რომელსაც ხელს შპს "ახაშენის" საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდენტი, ვახტანგ მასხულია აწერს. წერილის ავტორი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, ხოლო ბოლოს საქტელერადიო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას და ავანტიურისტთა გზიდან ჩამოცილებაში დახმარებას სთხოვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG