Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღირს თუ არა საქართველოში ბიზნესის დაწყება


ზაზა გაჩეჩილაძე რამდენად ხელსაყრელია საქართველოში ბიზნესის წარმართვა და რა იურიდიული თუ სუბიექტური ბარიერი შეიძლება შეხვდეს დამწყებ მეწარმეს თავისი ბიზნესის წარმოებისათვის?


გამდიდრებისა და კომერციულ საქმიანობაში ჩაბმის სურვილი ბუნებრივი მისწრაფება გახლავთ, ამ სწრაფვას თეორეტიკოსები საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მასტიმულირებელ მოტივად მიიჩნევენ.

თუმცა ერთია სურვილი და სწრაფვა და მეორე –შესაძლებლობები. შესაძლებლობებში იგულისხმება როგორც მატერიალური, ისე შრომითი რესურსი და ის უნარ-ჩვევები, რაც მეწარმეობისათვის ტრადიციულად დამახასიათებელია. თუ ჩვენ საკუთარ თავში ვგრძნობთ ამ რესურსების სიჭარბეს, ეს უკვე კარგი წინაპირობაა, თუმცა ძალების გადაფასება მაინც არ ღირს. მცირედი ავტოტრეინინგის და შესაძლებლობების შეფასების შემდეგ, დამწყებმა ბიზნესმენმა პირველ რიგში დაწვრილებით უნდა შეისწავლოს ის ბაზარი და კონკურენტული გარემო, სადაც მომავალში აპირებს ფეხის მოკიდებას. ბიზნესის დაწყებისას გულის აცრუება და წარუმატებლობა ხშირად სწორედ ბაზრის შეუსწავლელობით არის გამოწვეული, ასე, რომ მარკეტინგის ჩატარება, შეიძლება ითქვას, დამწყები მეწარმისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. თუ ბაზრის შესწავლას ჩვენი კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, უმჯობესია სპეციალიზებული ორგანიზაციების, ან ამ ბიზნესში დაკავებული პირების რჩევას ვუგდოთ ყური.

მარკეტინგული კვლევის ჩატარების შემდეგ დგება პრაქტიკული საქმიანობის დაწყების პერიოდი. თუ ჩვენ მოგვეპოვება საკუთარი ფინანსური რესურსი ბიზნესის დასაწყებად, ბუნებრივია, ეს საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ თუ ეს რესურსი შეზღუდულია, და როგორც წესი, საქართველოში განსაკუთრებით დგას ეს პრობლემა, არსებობს სხვა საშუალებები. დასავლეთში ბიზნესის ასაწყობად ხშირად მიმართავენ საბანკო კრედიტებს. საქართველოშიც შესაძლებელია ამგვარი სესხის აღება, თუმცა შეზღუდული საკრედიტო რესურსების და მაღალი რისკიანობის გამო ფინანსური დაწესებულებები დამწყებებს არც თუ ხშირად სწყალობენ. კერძო პირებისაგან და მეგობრებისაგან ფულის სესხება ჩვენთან უფრო დამკვიდრებული პრაქტიკაა.

თუ ფინანსური და მარკეტოლოგიური პრობლემები მოგვარებული გვაქვს, საქმის იურიდიული ნაწილის მოგვარებაზე მიდგება ჯერი, რაც არც თუ იოლად გადასალახი ბარიერია. “კანონი მეწარმეთა შესახებ” უშვებს დარეგისტრირებული ბიზნესის რამდენიმე ფორმას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმას საქართველოში ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წარმოადგენს. დამწყები ბიზნესმენები, როგორც წესი, ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირდებიან, რადგან ზემოთხსენებული ბოლო ორი ფორმა შესაბამის დანახარჯებს და საწესდებო კაპიტალის ფორმირებას მოითხოვს, რაც შეზღუდული რესურსების პირობებში, ისედაც მცირე კაპიტალის მქონე დამწყებისათვის ძნელი გასაღებია.

იურიდიული ბარიერების კატეგორია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მეწარმეს თავისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე ათასგვარი ცნობების, სარეგისტრაციო მოწმობების და ნოტარიალური დოკუმენტების შეგროვება უწევს, რაც არც თუ მცირერიცხოვან ოფიციალურ თუ ”მარცხენა” დანახარჯთან არის დაკავშირებული. ამას დაუმატეთ ათასგვარი ლიცენზიების და ნებართვების ბიუროკრატიული და ასევე დიდძალ დანახარჯებთან დაკავშირებული მომქანცველი პროცედურა და შესაძლოა გამდიდრების სურვილით აღტკინებულ პოტენციურ ბიზნესმენს საერთოდ დაეკარგოს საქმის კეთების სტიმული.

სწორედ ამ ბარიერების და იმ საგადასახო ტვირთის გამო, რომელიც უკვე მოქმედ ლეგალურ ბიზნესს ახრჩობს, ბევრი მეწარმე იძულებულია შემოსავალი დამალოს და ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი ხდება.
XS
SM
MD
LG