Accessibility links

თალიბების ლიდერმა გადაწყვიტა დათმოს ყანდაარი


ანდრო ეული თალიბების ყოფილმა ელჩმა პაკისტანში-აბდულ სალამ ზაეფმა ხუთშაბათს ისლამაბადში განაცხადა, რომ შვიდ დეკემბერს თალიბები თავიანთი უკანასკნელ საყრდენ პუნქტს-ქალაქ-ყანდაარს დაუთმობენ ოპოზიციის ძალებს.

სალამ ზაეფის თქმით, ყანდაარს ამიერიდან ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი-მოლა ნაქიბ ულა გაუწევს კონტროლს, რომელიც მუჯაჰედინების საველე მეთაური იყო ოთხმოციან წლებში, როცა ავღანელები საბჭოთა საოკუპაციო ჯარს ეომებოდნენ;

ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს ცნობაში ნათქვამია, რომ მუჯაჰედინების ყოფილი საველე მეთაური-მოლა ნაქიბ ზაეფი უხელმძღვანელებს კომისიას, რომელსაც ქალაქ-ყანდაარის მმართველობა დაევალება. ამავე ცნობის თანახმად, თალიბების უზენაესი ლიდერი-ოჰამად ომარი ხუთშაბათს ოპოზიციური ძალების ერთ-ერთი ლიდერის-ჰამიდ ყარზაის დელეგაციას შეხვდა ყანდაარში. ოთხშაბათს, კონფერენციაზე ბონში, ჰამიდ ყარზაი აირჩიეს დროებითი საბჭოს თავმჯდომარედ, რომელმაც მომავალი 6 თვის განმავლობაში უნდა მართოს ავღანეთი. ასოშიეიტედ პრეის სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში ყარზაიმ განაცხადა, რომ ამნისტიას სთავაზობს იმ თალიბ-მეომრებს, ვინც ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა და ირაღი დაჰყარა, ხოლო რაც შეეხება თალიბების უზენაეს ლიდერს-მოლა მოჰამად ომარს, ამნისტია მას არ შეეხება. ომარმა უბრძანა თავის მეომრებს-სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გაეგრძელებინათ ბრძოლა, და მრავალგზის უარყო ყანდაარის დათმობის წინადადება. მაგრამ ამერიკის ავიაციის ინტენსიურმა საჰაერო რეიდებმა ყანდაარის რაიონში, როცა რამდენიმე რაკეტა მოჰამად ომარის რეზიდენციას მოხვდა, მორალურად დათრგუნა თალიბების ლიდერები და აიძულა-დათმონ თავიანთი უკანასკნელი საყრდენი პუნქტი, ქალაქი-ყანდაარი.

ამასობაში, პაკისტანმა, რომელიც უკანასკნელ დრომდე თალიბების უახლოესი მოკავშირე იყო, ხუთშაბათს განაცხადა, რომ სცნობს დროებით მთავრობას, რომელიც ოცდაორი დეკემბრიდან შეუდგება ავღანეთში თავისი მოვალეობის შესრულებას.

”ჩვენ მყისვე დავამყარებთ ამ მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას”-განაცხადა ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა-აბდულ სათარმა
XS
SM
MD
LG