Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


ისტორია კინოშიც მეორდება და ცხოვრებაშიც - 3 დეკემბერს, თბილისის კინოს სახლში, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მესამე ყრილობაზე, გათამაშდა ათი წლის წინანდელი სცენარი

- ისევე როგორც 1990 წლის ნოემბერში, ქართული კინოს მუშაკებმა კავშირის თავმჯდომარედ ამჯერადაც ერთხმად აირჩიეს ელდარ შენგელაია. ათი წლის წინ იგი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგა. შენგელაია ოპოზიციონერად მოიაზრება დღესაც. კინემატოგრაფისტებს კი, იმათ, ვინც საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრაციულად მიატოვა და ლუკმა-პურის გარეშე დატოვა, უყვართ ოპოზიციონერები. ეს ყრილობა თუნდაც შარშან, შემოდგომაზე რომ ჩატარებულიყო, მაშინ, როცა კინემატოგრაფისტთა ერთი ნაწილი ეროვნული კინოცენტრის შექმნას დაუპირისპირდა, როცა კინოს სახლის წინ მიტინგიც კი გაიმართა ელდარ შენგელაიას წინააღმდეგ (კავშირის შენობაში მაშინ კაზინო უნდა გახსნილიყო), კინემატოგრაფისტთა ფორუმზე ასეთი ერთსულოვნება ნამდვილად არ წარმოჩინდებოდა. მაგრამ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავად გამხდარიყო "მტრის ხატი" კინოს მუშაკებისთვის - 1997 წელს ქართული კინოს განვითარებისთვის ხელისუფლებამ 2 მილიონ 481 000 ლარი გამოყო, 98 წელს - ერთი მილიონ 392 000ლარი, 1999 წელს - 864 000, 2000 წელს - 500 000, მიმდინარე წელს კი, წარმოებაში ჩაშვებული ფილმების დასაფინანსებლად, ბიუჯეტით გათვალისწინებული 500 000 ლარის ნაცვლად 137 000 ლარი, რაც არათუ 9 სრულმეტრაჟიანი ფილმის (როგორც ამას გეგმა ითვალისწინებდა), არამედ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას არ ეყოფა. ისევე როგორც ათი წლის წინ, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ქართული კინო "საბჭოურის გადმონაშთად" მოიხსენია და საშინლად გაანაწყენა კინემატოგრაფისტები, ამჯერადაც, ქართული კინოს უყურადღებოდ მიტოვებულმა მუშაკებმა უნდობლობა გამოუცხადეს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ყრილობაზე ელდარ შენგელაიამ წაიკითხა კინემატოგრაფისტთა მიმართვა, რომლის ადრესატი საქარველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, საქართველოს საზოგადოებრიობაა. [ელდარ შენგელაიას ხმა] "ქართული კინო დღეს დაღუპვის პირასაა! საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საზოგადოებას მივმართავთ მოწოდებით: გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის ეროვნული სიამაყე - ქართული კინო. ნუ დავუკარგავთ მომავალ თაობებს ერის სულისა და ზნეობის გამომხატველ ხელოვნებასთან ზიარების შესაძლებლობას".

გასულ წელს ქართული კინოს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ელდარ შენგელაიასა და მის მომხრეებს ეროვნული კინოცენტრის შექმნა მიაჩნდათ. იმხანად შენგელაია საქართველოს პრეზიდენტის გუნდის წევრად მოიაზრებოდა, იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი და სწორედ მისი ლობირების შედეგად მიიღო პარლამენტმა კანონი კინოს შესახებ, რომელმაც ძალაუფლება წაართვა კინოკონცერნ "ქართული ფილმის" გენერალურ დირექტორს, რეზო ჩხეიძეს. კინოცენტრის დირექტორად კინორეჟისორი ოთარ შამათავა აირჩიეს. ულუკმაპუროდ, სამუშაოს გარეშე დარჩენილმა კინემატოგრაფისტებმა ახლა უკვე კინოცენტრს მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ, როგორც ბატონმა შამათავამ კინემატოგრაფისტთა მესამე ყრილობაზე აღნიშნა, [ოთარ შამათავას ხმა] "კინოცენტრი არ არის ორგანიზაცია, რომელიც არიგებს ხელფასებს - კინოცენტრი არის საინვესტიციო ინსტიტუტი, ანუ ორგანიზაცია, რომელიც კონკურსის წესით ანაწილებს სახელმწიფო თანხებს".

სახელმწიფო თანხებს, რომელიც არ არსებობს. ამიტომ აზრს კარგავს კულტურის სამინისტროსთან, "ფრანგული მოდელით" შექმნილი კინოცენტრიც, კონკურსებიც და უცხოელ ინვესტორებთან კონტაქტებიც. ყრილობაზე ბატონმა შამათავამ შექმნილ მდგომარეობაში ფინანსთა სამინისტრო დაადანაშაულა, თუმცა ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტში მისი კანდიდატურის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, მხარი დაუჭირა თავად ელდარ შენგელაიამ, რომელმაც კინემატოგრაფისტებს აუხსნა, რომ ყველა პრობლემას ქმნის არა ფინანსთა სამინისტრო, არამედ სახელმწიფო პოლიტიკა, კორუფცია თავად ხელისუფლებაში. [ელდარ შენგელაიას ხმა] "შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა, საერთო სიდუხჭირემ და სხვა მტკივნეულმა პროცესებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ქართულ კინოზე, თითოეული კინემატოგრაფისტის სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაზე".

მოკლედ, ყრილობაზე კინემატოგრაფისტთა სულიერი მდგომარეობა მხოლოდ ხელისუფლებას დაბრალდა. საბჭოთა ეპოქაში ჩატარებული კინოს მოღვაწეთა მსგავსი ფორუმებისგან განსხვავებით, როცა იგივე ბატონი შენგელაია 5 წლის მანძილზე შექმნილი კინოპროდუქციის ანალიზსა და შეფასებას ბედავდა, მესამე ყრილობაზე შემოქმედებით პრობლემებზე ფაქტობრივად არავის უსაუბრია. არადა სწორედ გადაღებული ფილმების ანალიზი დაარღვევდა მყუდროებას კინემატოგრაფისტთა ფორუმზე. მესამე ყრილობამ ხომ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქართველ კინემატოგრაფისტებს ისევ არ სურთ აღიარონ შემოქმედებითი კრიზისი. თუკი კინოს მოღვაწეთა სულიერი მდგომარეობა მართლაც "მძიმეა’, ვინ იძლევა შედევრების შექმნის გარანტიას, ხელისუფლებამ ქართული კინოს განვითარებაზე მილიონები რომ გადარიცხოს. იქნებ სწორედ კინემატოგრაფისტთა "მძიმე" სულიერი მდგომარეობაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენი რეჟისორები არ იყენებენ შანსს სადღაც სხვაგან გამოხატონ თავიანთი "შემოქმედებითი ვნებები". თუნდაც დამოუკიდებელ თეატრებში, თუნდაც ვიდეოზე გადაიღონ "პატარა შედევრები", ან თუნდაც სარეკლამო ბიზნესით დაინტერესდნენ. მესამე ყრილობის დელეგატები გამოცოცხლდნენ მაშინ, როცა გაირკვა, რომ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრთა საშუალო ასაკი 61 წელია... ანუ 50 წლის კინორეჟისორი ამ ორგანიზაციაში "ახალგაზრდად" ითვლება. დარბაზში ვიღაცამ იყვირა კიდეც - "გამოდის, რომ საპენსიო ფონდი უნდა შევქმნათო"... პენსიონერებს კი მართლაც სჭირდებათ ხელისუფლებისგან დახმარება. პენსიონერებისგან არავინ უნდა მოითხოვოს შემოქმედებითი ენერგია, მიზანდასახულობა, ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება. ის 137 000 ლარი, რომელიც ხელისუფლებამ წელს ქართულ კინოს გამოუყო, საპენსიო ფონდის შექმნისთვის სრულიად საკმარისია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ანუ 40-50 წლის კინემატოგრაფისტებს, მათ ამჯერადაც ვერ მოახერხეს "მამებთან" დაპირისპირება, ამჯერადაც ვერ შეძლეს დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნა. ერთი უბრალო მიზეზით - შემოქმედებითი კრიზისის აღიარებას ვერც ისინი ბედავენ. მათ უმრავლესობას ისევ არ ეპარება ეჭვი თავის ნიჭში, შესაძლებლობებში. "მთავარია ფული იყოს, შედევრი კი თავისთავად გამოვა". როგორც ჩანს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კარგად ხედავს ამ პროცესებს, ხედავს, რომ ქართულ კინოში არა და არ მოდის "ახალი ტალღა", რომ ჯერ კიდევ შორია "ქართულ ნეორეალიზმამდე", როცა კინემატოგრაფისტებისთვის მთავარი არა საკუთარი თავის რეალიზაცია, არამედ უბრალო ადამიანის ცხოვრება, საერთოდ, "ცხოვრება" გახდება, როცა იმავე ფრანგული "ახალი ტალღის" ლიდერის, ფრანსუა ტრიუფოს სიტყვებს თუ გავიხსენებთ, "კინორეჟისორს ეყვარება არა საკუთარი თავი კინოში, არამედ თავად კინოხელოვნება", რომელსაც, თავის მხრივ, გროშებად გადაღებული შედევრებიც ახსოვს.

ქართველ კინემატოგრაფისტებს ისღა რჩებათ, მხარი დაუჭირონ თაობას, რომელმაც თავის დროზე ეს მოახერხა კიდეც - იმ თაობას, რომელიც რეალობას არ გაემიჯნა და "მამებთან" დაპირისპირება გაბედა. მათ შვილებს დღეს ისევ მამების იმედი აქვთ. ამიტომაცაა ლოგიკური (და არა იმდენად კომიკური) კინემატოგრაფისტთა მესამე ყრილობაზე კავშირის თავმჯდომარედ ერთადერთი კანდიდატის, ელდარ შენგელაიას დასახელება. საინტერესოა, რომ არჩევნების პროცედურა აქ ჩაატარა კინემატოგრაფისტთა შედარებით "ახალგაზრდა თაობის" წარმომადგენელმა, რეჟისორმა მანანა ანასაშვილმა, რომელმაც რამდენჯერმე მოუწოდა დარბაზს, "იქნებ სხვა კანდიდატურაც დაასახელოთო", მაგრამ არა... კინემატოგაფისტებს ამის გაგონებაც კი არ უნდოდათ [მანანა ანასაშვილის და ელდარ შენგელაიას ხმა] "მ.ა: ბატონებო, ე. ი. მეტი კანდიდატურა არ არის... რამდენად დემოკრატიული გამოვა მერე ეს ამბავი..." ე.შ.: "მე მივმართავ ჩვენს კოლეგებს, მოდით გადავეჩვიოთ ერთი კანდიდატურის დასახელებას და დავასახელოთ სხვები..." მ.ა: "მარტო ბატონი ელდარ შენგელაია?"

კინემატოგრაფისტები ვერც ერთი კანდიდატურის დასახელებას გადაეჩვივნენ და ვერც "ოპოზიციონერობას". თუმცა "ოპოზიციონერის" როლს ისინი ვერ თამაშობენ თავად კინოში... ფილმი რომ გადაიღონ, ამისათვის მათ ფული სჭირდებათ ხელისუფლებისგან... და აბა რომელი ხელისუფლება გაიმეტებს ფულს ოპოზიციონერისთვის?
XS
SM
MD
LG