Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის გაურბიხარ, სად გაურბიხარ?


ჩვენს დროში ადამიანები განსაკუთრებით ხშირად გარბიან თავიანთი ქვეყნებიდან, იქიდან, სადაც დაიბადნენ და აღიზარდნენ და სადაც, წესით, მათთვის საამური უნდა იყოს ცხოვრება.

არ ვილაპარკებთ მათზე, ვინც აიძულეს გაქცეულიყო. თუმცა ისინი, გაძევებულები, იქ უკან დაბრუნებისთვის იბრძვიან ხოლმე, საიდანაც ხშირად სხვა გარბის.

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ჩვენმა თანამშრომელმა, ვიდრე მისი ფილმი “მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!” გამოვიდოდა, ჰკითხა, რაზეა თქვენი ახალი ფილმიო. იოსელიანმა, კაცმა, რომელმაც ემიგრაციაში გაატარა ცხოვრების ბოლო ორი ათწლეული თქვა: “იმაზე, რომ სადაც უნდა გაიქცეს კაცი, საკუთარ თავს ვერ გაექცევა და, საერთოდ, გაქცევას აზრი არ აქვსო.

თითქოს ეს ყველამ იცის, მით უმეტეს, ვინც უკვე წასულია სახლიდან, მაგრამ მაინც, იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ევროპაში საქართველოდან წასული ბევრი ადამიანი მინახავს, მათ შორის ერთადერთმა მითხრა, რომ იქ, ანუ საქართველოში დაბრუნება ურჩევნია, რადგან, როგორც მან თქვა, ის მაინც ჩემია და იქ მირჩევნიაო. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ბევრი იძულებულია დაბრუნდეს, თუკი ვერაფერი ააწყო ან კიდევ თავიდან აწყობილი ცხოვრება, შემდეგ აერია.

ფილოსოფიური პრობლემაა ეს გაქცევის სურვილი. მაგრამ დღეს მას უფრო ხშირად პოლიტიკურ ჭრილში უმზერენ და გაქცეულებმა ძალიან ხშირად არც კი იციან, რატომ გარბიან, ჰგონიათ, რომ გაექცევიან რაიმე საშიშროებას, ომს თუ მსგავსს... კი მაგრამ, მაინც რას გაურბიან?

პირინეის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ კონცხსა და მაროკოს სანაპიროს ჰყოფს, როგორც ესპანელები უწოდებენ ესტრეხო, გიბრალტარის ვიწრო სრუტე, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებს. ესპანეთის სანაპიროზე, ტარიფაში, სასაფლაოზე, ბევრია უპატრონო საფლავი, რომლებიც საგანგებოდ არის გამოყოფილი და მონიშნული, ვინმემ შემთხვევით ზედ რომ არ გადაიაროს. მათზე არც საფლავის ქვაა და არც არასოდეს მიიტანს ვინმე ყვავილს. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ზედ ეწეროს სახელი და სიკვდილის დღე. აქ არიან დასაფლავებული ისინი, ვინც სრუტის გზით, აღთქმულ სამყაროში, ევროპაში გადასვლას ცდილობდა და ამ მცდელობას შეწირა. ამასთან, მათი დიდი ნაწილი, მაროკოდან არ არის, ბევრს გამოვლილი აქვს საჰარის უდაბნო, და ბოლო ეტაპი ვერ დაძლია. მათი უმეტესობა, ვინც ესპანეთში და იქიდან კი შენგენის ხელშეკრულების სხვა ქვეყანაში ჩასვლას ოცნებობს, შავკანიანი აფრიკელები არიან, ნიგერიიდან, განიდან, სიერა ლეონედან... ასევე ბევრი ცდილობს წყლის გზით ევროპაში მოხვედრას მაღრიბის ქვეყნებიან, ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკიდან. ბევრია ერაყიდან, ავღანეთიდანაც კი.

ესპანეთის სამხრეთის ამ მზიან ქალაქს ევროპის საძმო სასაფლაოს უწოდებენ. მსოფლიოს საზღვაო გზათაგან, გიბრალტარზე მოძრაობა ყველაზე ხშირია. სუპერტანკერების და კონტეინერების, სატვირთო გემების ხიდურებიდან საერთოდ არ მოჩანს პატარა გასაბერი ნავები, რომლებსაც იყენებენ ევროპაში უკანანოდ შეღწევის მსურველები. სრულიად წყნარ ზღვაზე, დიდი გემის გავლის შემდეგ, ხუთმეტრიანი ტალღები ჩნდება, რომლებსაც ეს ნავები ვერ უძლებს, უწყლობით და სამხრეთის მზით გასავათებული ემიგრანტები იღუპებიან და არავინ უწყის, ვინ იყვნენ ან საიდან იყვნენ.

მაინც, რამდენი არალეგალური მიგრანტი ჩადის აფრიკიდან ესპანეთში? ძნელი სათქმელია. ესპანეთის სამოქალაქო პოლიციამ დაახლოებით იცის, რომ ათასამდე კაცი იღუპება საზღვრის გადაკვეთისას, რამდენი აღწევს მიზანს უცნობია. ესპანეთის შრომის სამინისტრომ მხოლოდ ის იცის, რომ ბევრი ესპანელი გლეხი, განსაკუთრებით სამხრეთში, დაასაქმებს იქ უკანონოდ ჩასულებს. ესპანეთს სჭირდება, როგორც მათ იქ უწოდებენ, “მოროები”, მავრები, რომლებთანაც ამ ქვეყანას ისტორია აკავშირებს.

ცნობილია, რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს, ეგრეთ წოდებული გაძევების თუ უკან გაბრუნების კანონი, ანუ უკანონოდ შესული პირი უბრუნდება იმ ქვეყანას, საიდანაც შევიდა და არა იმას, საიდანაც არის. ესპანეთსა და მაროკოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბულია. თვითონ მაროკოელებს, თუკი მათ დააკავებენ, ესპანეთი დაუყოვნებლივ უკან აგზავნის. ასევე ნიგერიელებს, მაგრამ სხვა შავკანიან აფრიკელებს ასევე ვერ ექცევა. მაროკოს მეფემ მოჰამად მეექვსემ საფრანგეთის გაზეთ “ფიგაროს” მისცა ინტერვიუ, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა, ესპანელი მაფიოზები მაროკოელებზე უფრო მდიდრები არიანო. ამიტომ არის, რომ ჩემი ქვეყნის პოლიციას მათთან ბრძოლა არ შეუძლიაო, აცხადებს მაროკოს მეფე.

მაროკო-ესპანეთის საზღვრის მაგალითზე ჩანს, რომ სამშობლოდან გაქცეულები ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ ევროპაში გააღწიონ. ევროპაში კი იწყება კონფლიქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კულტურასთან, მეზობლებთან, ხალხთან.

პრობლემა, როცა საზღვარს, ამ პოლიტიკურ ზღუდეს გადალახავს კაცი, კვლავ ფსიქოლოგიური ხდება. რთული ხდება სხვა ადმიანებთან ურთიერთობა. ამასთან იწყება კონფლიქტი მასპინძელი საზოგადოების ჩვევებთან, რომელიც იგივდება კულტურასთან, ჰგონიათ, რომ კულტურების კონფლიქტია ის, რაც ევროპაში უკანონოდ ჩასულებსა და ამა თუ იმ ქვეყანაში კანონიერად მცხოვრებთ შორის ჩნდება.

ემიგრანტებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, მას გაურბიან თუ სხვა რამეს, თორემ მასმედია და პოლიტიკოსები თავს იმტვრევენ ამ პრობლემის გარკვევით, გარკვევას კი ბოლო არ უჩანს, მიზეზი გაქცევისა ყველგან არის და ყოველთვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG