Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


წამყვანი ბიძინა რამიშვილი მეათე სტუდია 412-ე გამოშვება

დეკემბრის სინდრომი საქართველოს უახლეს ისტორიაში
თამარ ჩიქოვანი

ნორმალურ ქვეყნებში დეკემბრის თვე, ჩვეულებრივ, პოლიტიკური მოვლენებისგან დაცლილ პერიოდად ითვლება, მაგრამ არა საქართველოში. 1991 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესი საბჭოს წინ შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს დაშლასა და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. იმ მოვლენებიდან ზუსტად 10 წლის თავზე საქართველოს პარლამენტის წინ პერმანენტულად გამართული მიტინგების მონაწილენი ათი წლის წინანდელ მოთხოვნებს აყენებენ-პარლამენტის დათხოვნას და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.

ქართველებს, საერთოდ, გვიყვარს სიმბოლოები. მაგალითად, მართალია, ხელისუფალნი ამტკიცებდნენ, რომ 1990 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი შემთხვევით დაემთხვა 30 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ხოლო 2000 წელს ასევე სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ საქართველოში რომ შემთხვევით არაფერი ხდება-ამაში ჩვენ ყველანი არაერთხელ დავრწმუნდით.

შესაბამისად, 2000 წლის დეკემბრის აქციების ინიციატორებს, წარმოუდგენელია, შინაგანად მაინც არ აწუხებდეთ ერთხელ მომხდარის განმეორების სურვილი-ხელისუფლების პირველ პირთან ერთხელ და სამუდამოდ გამომშვიდობებას ვგულისხმობ. რაც შეეხება მონაწილეებს-სტუდენტებს, მათ, უბრალოდ, 10 წლის წინანდელი ამბები არ შეიძლება ახსოვდეთ ასაკის გამო, მათი ზრდასრული ასე ვთქვათ პარტნიორებისგან განსხვავებით, ვინც მაშინაც და ახლაც აქტიურად მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

ისევ 10 წლის წინანდელ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, მაშინდელმა ხელისუფლებამ თავის მრავალრიცხოვან ოპოზიციასთან საურთიერთოდ კონფრონტაციის გზა აირჩია და ნებისმიერ დათმობაზე უარი განაცხადა. 2001 წლის დეკემბერში ვითარება განსხვავებულია-პრეზიდენტმა აქციის მონაწილეების მოთხოვნა შეასრულა და მთელი მთავრობა დაითხოვა, შეხვდა აქციის მონაწილეებს, სტუდენტებთან პირდაპირი ურთიერთობის დასამყარებლად შექმნა სტუდენტთა საბჭო. მოკლედ, პრეზიდენტი ყოველმხრივ ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ურთიერთობისთვის და კომპრომისებისთვის მზად არის. თუმცა, ეს იმის გარანტიად არ გამოდგება, რომ აქციები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აღარ გაიმართება.

გულახდილად რომ ითქვას, საქართველოს პარლამენტს თვითდაშლის სურვილი დიდად არ უნდა აწუხებდეს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ ფარავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. სხვებიც, ერთის მხრივ, მხარს უჭერენ მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, მეორე მხრივ კი მიანიშნებენ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებად არ მიაჩნიათ. ფრაქცია ტრადიციონალისტების წევრის თედო პაატაშვილის აზრით

[თედო პაატაშვილი-ხმა] “ჩვენ ვნახეთ, პირველი პარლამენტის ვადამდელმა შეწყვეტამ რა სიტუაციამდე მიგვიყვანა და, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ახლანდელი მდგომარეობა ქვეყანაში დაცილებით რთულია. და თუ იქ რაღაც ეროვნულ თუ პოლიტიკურ ნიადაგზე იყო დაპირისპირება, ახლა ყველაფერი სოციალური დაპირისპირების ფონზე წარიმართება, რაც გაცილებით სახიფათოა. და მეორე, ეს ყველაფერი რომ სულ თავის ჩარჩოებში წავიდეს, სულ ცოტა 6 თვე მაინც იკარგება, როცა იწყება ახალი წინასაარჩევნო კამპანია და ახალი პარლამენტის არჩევა.”

ეს განცხადება ფრაქცია აღორძინების წევრის გიორგი თარგამაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც სპეციალური გამოძიების ჩატარებას ითხოვს იმის დასადგენად, თუ ვინ მართავდა სტუდენტულ აქციას ნოემბერში.

[გიორგი თარგამაძე-ხმა] “ მაგრამ აქ ყველაზე საინტერესოა ის, როგორ მოხდა პროვოცირება ამ გამოსვლებისა. ანუ, რა იყო მიზეზები ამ გამოსვლების და შემდეგ როგორ განვითარდა ეს. როგორ მოხდა, რომ “რუსთავი-2”_ის მიმართებაში სრულიად გაუაზრებელი და მაპროვოცირებელი ნაბიჯები გადაიდგა და ა.შ. და ა.შ. რა, უშიშროების მინისტრი წავიდა და დამთავრდა ამით ყველაფერი? თუ ვინმეს ჰგონია, რომ უშიშროების მინისტრის მიერ იყო ყველაფერი ეს დაგეგმილი? ეს არის ყველაფერი შესასწავლი.”

მეცხრე წელია, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შესწავლასა და შეფასებას დევნილი უზენაესი საბჭო. ახლაც, დევნილი უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ-ციტატა-“ხალხის ძალისხმევის გაერთიანება, პირველ რიგში, ერისა და საზოგადოების ინტეგრაციას გულისხმობს, ამისთვის, აუცილებელია მისი დამანგრევბელი მიზეზების მოსხნა. მათ შორის ძირითადი, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასთან და ეროვნულ ხელიუსფლებასთან დაკავშირებული, იმ უდავო ფაქტების აღოარება, რომელთა შეფასებაც არ საჭიროებს ისტორიულ პერსპექტივას, ხოლო მათი გაყალბება იქცა საზოგადოებრივი დაპირისპირების ერთერთ მთავარ მიზეზად.” დევნილი უზენაესი საბჭო ითხოვს, 1991-92 წლების მოვლენები შეფასდეს შეიარაღებული გზით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებად და არა “დემოკრატიულ რევოლუციად”

თბილისს გაზის გამორთვით ემუქრებიან
ნინო გელაშვილი

ბიზნესში სიურპრიზები არავის უკვირს, განსაკუთრებით – საქართველოში, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა თბილისელებისვის. უკვე მერამდენედ, თბილისს გაზის შეწყვეტით ემუქრებიან. უფრო ზუსტად - “საქგაზი” ემუქრება “თბილგაზს”, მიმწოდებელი – გამანაწილებელს. ეს უკანასკნელი კი კვლავ დაპირებით იშორებს “საქგაზს” და თბილისელებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ემუქრება თუ არა თბილისს გაზის გარეშე დარჩენა.

“საქგაზის” გენერალური დირექტორი ლეონიდ დეიკალო “თბილგაზის” ხელმძღვანელობას ისეთი თანხების გადახდას სთხოვს, რომლის მეხუთედიც რომ შეძლოს თბილისში გაზის გამანაწილებელმა, ეს მისი უდიდესი ბიზნეს-წარმატება იქნებოდა. როგორც ჩანს, “საქგაზისა” და “თბილგაზის” ურთიერთობა კვლავ არასტაბილური იქნება, რადგან დეიკალოს მორიგი “მუქარით”, თუ გაზის – გათბობის ძირითადი წყაროს შეწყვეტის გამო მოსახლეობის შესაძლო “აბობოქრებით” შეშინებული “თბილგაზის” გენერალური დირექტორი ნუგზარ ცაავა თბილისელებს აღელვებული, არც თუ დალაგებული ქართულით რამდენიმედღიანი მობილიზაციისკენ მოუწოდებს: [ნუგზარ ცაავას ხმა] “ამოღება არის 56 პროცენტი გასულ თვეში, მაგრამ ეს თანხა არ ყოფნის მოწოდებულ გაზის ღირებულებას და მე მინდა მივმართო ყველა თბილისელს, ვინც ხმარობს ბუნებრივი გაზის სიკეთით, ეს სამი-ოთხი დღე მაქსიმალურად ამოგვიდგნენ მხარში და მაქსიმალურად, დღე-ღამე იმუშავებენ ჩვენი ყველა რაიონული ცენტრი თანხის მიღებაზე. ყველა კონტროლიორს აღმოუჩინონ დახმარება სახლში შესვლის ფაქტორზე და გთხოვთ ყველას, რომ გახარჯული გაზის ღირებულება გადაგვიხადონ. ამ სამ-ოთხ დღეში გვინდა დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი დგება საშიშროების წინაშე, რომ მომწოდებელმა შეწყვიტოს დავალიანების გამო გაზის მოწოდება”.

რამდენადაც ცნობილია, ე.წ. ურჩი გადამხდელებისთვის გაზის მიწოდების ინდივიდუალურად შეწყვეტა “თბილგაზს” ევალება და თუკი თბილისელთა გარკვეული ნაწილი ვერ იხდის დახარჯული გაზის გადასახადს, ის თავისით ნამდვილად არ გადაიჭრის გაზის მილს. აგრეთვე გაუგებარია “თბილგაზის” მოწოდება, როცა ის სამი-ოთხი (!) დღით მხარში ამოდგომას სთხოვს თბილისელებს, გაუგებარია ნებისმიერი თვალსაზრისით და მხოლოდ ვალებში მყოფი საწარმოს სასოწარკვეთილი ხელმძღვანელის არსებობის გახანგრძლივების სურვილს წააგავს. 5 დეკემბრის პრესკონფერენციაზე”თბილგაზის” წარმომადგენელმა დავით გურგენიშვილმა ისიც კი აღნიშნა, რომ საქმეს ვერც “თბილგაზის” გაყიდვა უშველის, რადგან ასეთ შემთხვევაშიც კი მას 35 მილიონი ვალი რჩება გადასახდელი. მოსახლეობა კვლავ არასტაბილურობის მოლოდინშია.

ასეთ ფონზე “საქგაზის” გენერალური დირექტორი აცხადებს: [ლეონიდ დეიკალოს ხმა] “დეკემბრის ბოლომდე, ანუ ახალი წლისთვის თბილისმა “თბილგაზის” სახით უნდა გადაიხადოს 6 მილიონ 440 ათასი დოლარი. მე არავის ვაშინებ. დაე, ჩვენ ვცდებოდეთ 440 ათასში, - არანაირი პრეტენზია არ გვაქვს... მაგრამ 6 მილიონი არის თანხა, რომლის გადახდაც აუცილებელია. ამასთან, მოლაპარაკების თანახმად, იანვრის განმავლობაში გადასახდელი დარჩება დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასური – 3 მილიონი. ბუნებრივია, მიჩნდება კითხვა – ვინ და რა არგუმენტს წამოუყენებს “საქგაზს” დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში, როცა ეს 6 მილიონი არ იქნება გადახდილი და თბილისს გაზის მიწოდება შეუწყდება”.


სატელეფონო საუბრისას თბილისის პრემიერი “საქგაზს” ოქტომბრის ვალის 10 დეკემბრამდე დაფარვას დაპირდა, რაც 950 ათას ლარს შეადგენს. თავის მხრივ, დეიკალო აცხადებს, რომ სრული იურიდიული საფუძველი გააჩნია დღესვე შეწყვიტოს თბილისისთვის გაზის მიწოდება, მაგრამ იგი ამას არ აკეთებს ალბათ ვალების ნაწილობრივ ამოღების იმედით. პირველი იანვრიდან კი “საქგაზი” გაზის მიწოდებას მხოლოდ წინასწარი გადახდის საფუძველზე აწარმოებს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა დღევანდელ ეტაპზე “საქგაზს” “თბილგაზის” პრივატიზების ინტერესი: [ლეონიდ დეიკალოს ხმა] “იმისათვის, რომ “თბილგაზი” ნორმალურ მდგომარეობაში მოიყვანო, როცა შესაძლებელი იქნება უდანაკარგოდ გასცე გაზი და შესაბამისი შემოსავალიც მიიღო, საჭიროა არა სამი, არამედ, სულ მცირე, 90 მილიონი დოლარი. ასეთია დღეს ჩემი მოკრძალებული შეფასება. საჭიროა გქონდეს ძალიან დიდი თავისუფალი ფული იმისათვის, რომ რეალურად მიხედო “თბილგაზს”. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მხოლოდ ერთი პირობით – გადაგვიხადეთ დღევანდელი ვალები და ჩვენ დავკავდებით “თბილგაზით” ”.

რაც შეეხება თბილისელთა შიშს – ზამთარში გაზის გარეშე დარჩენის თაობაზე: ცხადია, “თბილგაზი” ვერ შეძლებს ერთ თვეზე ნაკლებ დროში ამოიღოს მოსახლეობიდან 6 მილიონი დოლარის ეკვივალენტური თანხა. რას მოიმოქმედებს ასეთ შემთხვევაში “საქგაზი”, ანუ დარჩება თუ არა თბილისი უგაზოდ მანამდე, სანამ გაზის მომწოდებელი კუთვნილ თანხას მიიღებს, - წინასწარმეტყველება ძნელია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ გაზის ხანგრძლივი გათიშვით თავად “საქგაზი” არ იქნება დაინტერესებული. მითუმეტეს, შეკითხვაზე კიდევ რამდენ ხანს გაატანს “საქგაზი” გადაუხდელ ვალებსა და, როგორც თავად აცხადებენ, ბიზნესისთვის არახელსაყრელ პირობებში, საწარმოს გენერალური დირექტორი პასუხობს: [ლეონიდ დეიკალოს ხმა] “მე სიკვდილს არ ვაპირებ”.

იოსებ რატილის, ლადო აღნიაშვილისა და სოლომონ ლეკიშვილის მოღვაწეობა
გიორგი კაკაბაძე

წინა კვირის გადაცემაში თქვენ გაეცანით რუსთაველი პედაგოგი- მკვლევარის ციური ბერიძის მეცნიერულ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება ქართული კულტურისა და მეცნიერების სამი თვალსაჩინო წარმომადგენლის - იოსებ რატილის, ლადო აღნიაშვილისა და სოლომონ ლეკიშვილის მოღვაწეობას.

სიცოცხლის ბოლო წლებში- სანამ ტრაგიკულად დაიღუპებოდა საავტომობილო კატასტროფაში 1995 წელს - სოლომონ ლეკიშვილი მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში და ფონდების მთავარ მცველად. სამეცნიერო წრეებში სოლომონ ლეკიშვილს იცნობდნენ როგორც ერუდირებულ ისტორიკოსს, ფილოლოგს, პუბლიცისტსა და ქართული კულტურის ამაგდართა მოღვაწეობის მკვლევარს. ერთ-ერთი მისი მონოგრაფია ეძღვნება ქართული კულტურის ისტორიის შესანიშნავ სპეციალისტს ევგენი ბოლხოვიტინოვს, რომელმაც მე-18 საუკუნეში პირველმა გააცნო რუს მკითხველს "ვეფხისტაყაოსანი".

თუმცა, როგორც ციური ბერიძე აღნიშნავს, სოლომონ ლეკიშვილის სახელი ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის, ამიტომ რუსთაველმა მკვლევარმა განიზრახა, რომ მონოგრფია მიუძღვნას მეცნიერს. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პიველი ნაბიჯები, მზად არის ბიობლიოგრაფია, ამასთან, ციური ბერიძემ თხოვნით მიმართა ცნობილ მეცნიერებს, მოგონებები დაწერონ სოლომონ ლეკიშვილზე.

ბუნებრივია, რომ წიგნში შევა მეცნიერის მდიდარი მემკვიდრეობა - სამი მონოგრაფიის გარდა, ეს არის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის და სხვა ცნობილ მოღვაწეთა სახელებთან, აგრეთვე, სტატიები, სადაც განხილულია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები და სხვა საკითხები.

ციური ბერიძის თქმით:[ ბერიძის ხმა]"იმდენად მრავალმხრივი და ენციკლოპედიური ცოდნის კაცი იყო, რომ მას უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ რჩევა-დარიგებებს აკაკი შანიძე, ვანო შადური, გიორგი ლეონიძე და ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები და, აგრეთვე, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მეცნიერები, რადაგან მას იცნობდნენ როგორც შესანიშნავ არქივმცოდნეს, წყაროების ზედმიწევნით კარგ მცოდნეს".

რაც შეეხება სოლომონ ლეკიშვილის მონოგრაფიას იოსებ რატილის შესახებ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ციური ბერიძე დაუკავშირდა ჩეხეთის სათვისტომოს თბილისში და დაადგინა, რომ ცნობილი მუსიკოსის ყველა ნათესავი საქართველოში დარჩა - არც ერთი მათგანი არ წასულა ჩეხეთში საცხოვრებლად.

უნდა ითქვას, რომ ციური ბერიძის ინიციატივითა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს თანადგომით, ამა წლის 14-ივნისს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში აღინიშნა იოსებ რატილის დაბადების 160 წლისთავი. ამ თარიღს მიუძღვნა მკვლევარმა წერილი სათაურით "ჩეხი მუსიკოსი იოსებ რატილი საქართველოში", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ "კავკასიის მაცნეში" და გაზეთ " სვობოდნაია გრუზიაში".

იოსებ რატილის მიერ ქართულ მუსიკალურ კულტურაში შეტანილ ღვაწლს ჩვენს წინა გადაცემაშიც შევეხეთ. კერძოდ, აღვნიშნეთ, რომ ცნობილი საზოგადო მოღვაწის ლადო აღნიაშვილის ინიციატივის შედეგად, ცნობილი ტენორი10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდს. არადა, იმ ხანად თავადაზნაურობას მიაჩნდა, რომ სცენაზე ქართული სიმღერის შესრულება სირცხვილია და შეუძლებელიც არის.[ ბერიძის ხმა]"მაგრამ, როდესაც პირველი კონცერტი ჩატარდა 1886 წლის 15 ნოემბერს, ამ კონცერტს გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე ორი მოწინავე სტატიით ჟურნალ " ივერიაში", ალექსანდრე ყაზბეგი, სოფრომ მგალობლიშვილი და მრავალი სხვა საზოგადო მოღვაწე, რომლებიც აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სული მოძრაობა და გულის ძარღვის ცემა".

წინა გადაცემაში ითქვა, რომ ციური ბერიძე იკვლევს არა მხოლოდ ლადო აღნიაშვილის პედაგოგიურ მემკვიდრეობას, არამედ მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის სხვა სფეროებსაც. მაგალითად, შარშან ჟურნალ " კავკასიური მაცნეს" მე-2 ნომერში დაიბეჭდა მკვლევარის სტატია სათაურით," ლადო აღნიაშვილი და საქართველოს მუსიკალური კულტურა" ( დაბადებიდან 140 წლისთავის გამო).

ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ციური ბერიძემ, რომელიც წელს აღიარეს ქალაქ რუსთავის საუკეთესო პადაგოგ- მკვლევარად, საინტერესო კუთხით დაუკავშირა ერთმანეთს სხვადასხვა პერიოდის სამი თვალსაჩინო პიროვნების მოღვაწეობა.

ინტერვიუ შალვა ამირანაშვილთან
იხილეთ აუდიო ვერსია

გარდაიცვალა ჯაზის ცნობილი იმპრესარიო და პროდიუსერი ნორმან გრანცი
ბიძინა რამიშვილი

ჩვენს დროში ხელოვნებაც ვერ უვლის გვერდს მარკეტინგის მთავარ პრინციპს: საუკეთესო პროდუქტიც კი არაფრად ღირს, თუკი იგი ვერ იპოვის გზას თაყვანისმცემლამდე. ადამიანი, რომელზეც დღეს გვინდა გესაუბროთ, იმათ რიცხვს განეკუთვნება, ვინც ამ კანონზომიერებაში კარგად იყო გარკვეული. ნორმან გრანცი არ ყოფილა ჯაზის მუსიკოსი. მაგრამ იგი იშვიათი უნარით იყო დაჯილდოებული: გრანცი ჯაზის შემსრულებლებს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო პირობებს უქმნიდა. დღეს სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ძალისხმევის გარეშე ჯაზის მრავალი ვარსკვლავი ან საერთოდ ვერ შეძლებდა, ან მხოლოდ ბევრად მოგვიანებით მოახერხებდა დამსახურებული სტატუსის მოპოვებას.

1918 წელს კალიფორნიაში, უკრაინული წარმოშობის ებრაელთა ოჯახში დაბადებულმა გრანცმა იმიტომაც მიაღწია წარმატებას პროდიუსერისა და იმპრესარიოს ასპარეზზე, რომ იგი ძალიან ადრე ჩაწვდა ეტიკეტირების მნიშვნელობას. 1944 წლის თებერვალში ლოს ანჯელესის ფილარმონიის აუდიტორიაში მან წამოიწყო კონცერტების სერია, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე იმართებოდა სახელწოდებით Jazz at the Philharmohic. ეს ეტიკეტი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში – განსაკუთრებით ევროპაში – იქცა ყველაზე მაღალი ხარისხის და ყველაზე სერიოზული ჯაზის საფირმო ნიშნად. ამას ხელს უწყობდა თავად გრანცის მჭევრმეტყველება და მომხიბვლელი გარეგნობა. იგი კონცერტების წინ კონფერანსიეს როლში გამოდიოდა. ამ როლში მან არაერთ დიდ მუსიკოსს გაუკვალა გზა წარმატებისკენ: ელა ფიცჯერალდს თუ ოსკარ პიტერსონს, როი ელდრიჯსა თუ დიზი გილესპის, ჩარლი პარკერსა თუ ლესტერ იანგს.
მაგრამ მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ თავის ოთხ ხმის ჩამწერ ფირმაში – მათ შორის ყველაზე ცნობილია ფირმა Verve – გრანცმა მუსიკოსთა მთელს თაობებს მისცა საშუალება მსმენელთა ფართო მასებისკენ გაეგნოთ გზა.

რათგერსის უნივერსიტეტის ჯაზის კვლევითი ინსტიტუტის არქივისტის, ტედ ჰერშორნის თქმით, გრანცი გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი სამი უმთავრესი მიზანი იყო თეთრკანიან და შავკანიან მუსიკოსთა ინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა, კარგი ჯაზისთვის გზის გაკვლევა და იმის ჩვენება, რომ კარგი ჯაზის ხელშეწყობით კარგი ფულის გაკეთებაც შეიძლება. მან სამივე მიზანს მიაღწიაო, დასძენს ჰერშორნი.

მაგრამ ნორმან გრანცის მოღვაწეობა მარტო ჯაზით არ შემოიფარგლებოდა. 60-იან წლებში მან დროზე აუღო ალღო ეპოქის მაჯისცემას და როკ მუსიკასაც გაუღო თავისი ჩამწერი ფირმების კარები. თუმცა მისი უპირველესი სიყვარული მაინც ჯაზი იყო.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ნორმან გრანცი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟენევაში.
XS
SM
MD
LG