Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირი მისთვის ჯერ კიდევ უჩვეულო რეალობაში


ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკურ პერსპექტივას ეძებენ. მათი ინიციატივით მოქალაქეთა კავშირის ყრილობა 22 დეკემბერს უნდა გაიმართოს. მასზე პარტიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ

ყოფილი მმართველები, პარტიის თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებულ შეხედულებებს გამოთქვამენ. თუმცა, მათ ერთიანობას, მარტო აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული აზრთასხვადასხვაობა, არ არღვევს. მაინც რა სახით გაიხანგრძლივებს არსებობას ეს ორგანიზაცია, ამას ყრილობა გვიჩვენებს. მანამდე, პრეზიდენტისგან მიტოვებული პარტიის გენერალური მდივანი, ედუარდ შევარდნაძესთან კონსულტაციების გამართვას აპირებს.

მოქალაქეთა კავშირის მე-4-ე ყრილობამ, რომელიც 22 დეკემბერს ჩატარდება, პარტიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევის გარდა, უნდა განსაზღვროს თუ რას წარმოადგენს აღნიშნული გაერთიანება, ხელისუფლების მხარდამჭერ თუ ოპოზიციურ პარტიას. აღნიშნულის გარდა მასზე მწვავე დებატები უნდა გაიმართოს, იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის შიგნით ახალი ფრაქციების აღმოცენება.

პარტიის გენერალური მდივნის კატეგორიული მოთხოვნით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეთა კავშირს მხოლოდდამხოლოდ ამავე სახელწოდების ფრაქცია უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, ყოფილი მმართველი პარტიის ბაზაზე სამი ფრაქცია: “თანადგომა”, “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “მოქალაქეთა კავშირი” ჩამოყალიბდა. ირკვევა, რომ ეს დასასრულს ჯერ კიდევ არ ნიშნავს. დეკემბრის ბოლოს, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ბაზაზე, მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ფრაქციაც შეიქმნება.

და მიანც, 22 დეკემბრის ყრილობაზე მოსალოდნელი დაპირისპირებების მიზეზი მარტო ფრაქციების შექმნის საკითხი არ იქნება. როგორც მოგახსენეთ პარტიის შიგნით სხავდასხვა მოსაზრებები არსებობს თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის: ედუარდ სურმანიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა კავშირს თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს, ზურაბ ჟვანია კი აღნიშნული პარტიული თანამდებობის შენარჩუნების წინააღმდეგია. კიდევ ერთი დეტალი –ზურაბ ჟვანიას პრინციპული მოსაზრებით, (მას მოქალაქეთა კავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია), ყოფილი მმართველი პარტიის მომავალ ყრილობაზე პარტია რეფორმატორული უნდა გახდეს და უნდა გაიწმინდოს კიდეც იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩრდილს აყენებენ მას. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრეზიდენტის ირგვლივ შექმნილი პარტია, როგორი განსხვავებული მოსაზრებებიც არ უნდა იყოს მის შიგნით, ედუარდ შევარდნაძეს ოპოზიციაში ვერ ჩაუდგება. თუ ასეა, მაშინ აშკარად ოპოზიციაში გადანაცვლებულების ადგილი ამ პარტიაში გაურკვველი იქნება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე ამ ორგანიზაციის შემდგომი დაშლის პროცესს უნდა ველოდოთ. მოცემულ ეტაპზე, ამ პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებებს შორის, ყველაზე მძაფრ სახეს ირაკლი გოგავას ცნობილი ბრალდების გამო შექმნილი უთანხმოება იღებს. როგორც ცნობილია, გოგავამ მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი ედუარდ სურმანიძე, ეროვნებით აზერბაიჯანელის მიქაელ
მაჰმუდოვის პარტიული სიიდან უკნონოდ ამოღებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, აღნიშნული მანიპულაციით ყოფილი დეპუტატის დავით მაღრაძის ადგილი პარლამენტში ზურაბ ნასარაიამ დაიკავა. ედუარდ სურმანიძე თვლის, რომ მას, როგორც გენერალურ მდივანს, პარტიული სიაში ცვლილების შეტანის უფლება ჰქონდა. 7 დეკემბრის პრესკონფერენციაზე მან ფრაქცია “ახალი ალიანსის” წარმომადგენლის ბრალდებას პროვოკაციული და საქართველოსთვის საშიში უწოდა.

ასე რომ ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით არსებული ისედაც საკმაოდ სერიზული ბზარები ღმავდება, ამ პროცესს პრეზიდენტის ფაქტორი ვეღარ შეაჩერებს, რადგან მოქალაქეთა კავშირი პრეზიდენტის პარტიას აღარ წარმოადგენს. ასეა თუ ისე ედურად სურმანიძე ყრილობამდე შევარდნაძესთან შეხვედრას მაინც გეგმავს. ის პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციების გამართვას აპირებს.
XS
SM
MD
LG