Accessibility links

კათოლიკური ეკლესია მისი კუთვნილი ტაძრების დაბრუნებას ითხოვს.


სოზარ სუბელიანს კათოლიკური ეკლესია და ამ ეკლესიის ქართველი მრევლი სულ უფრო დაჟინებით ითხოვს ისტორიულად მისი კუთვნილი ტაძრების დაბრუნებას, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მტკივნეულ რეაქციას იწვევს.

მიუხედავად ამისა, კათოლიკური ეკლესიის პრეტენზია, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია არა მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც თავის დროზე ჩამოართვა ეკლესიებს მათი კუთვნილი ქონება და რომელიც იურიდიულად დღესაც პასუხისმგებელია ამის გამო. სახელმწიფო, თავის მხრივ, არათუ ისტორიული და იურიდიული სამართლიანობის აღდგენაზე ამბობს უარს, არამედ ახალი ეკლესიების აშენების ნებართვებსაც კი არ აძლევს კათოლიკურ ეკლესიას.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2000 წლის დეკემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, საპატრიარქოს მაშინდელი საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე აცხადებდა, რომ ოფიციალური ვატიკანი არ ითხოვს კათოლიკური ეკლესიის კუთვნილი ტაძრების დაბრუნებას, ხოლო თუ რომელიმე კათოლიკე სასულიერო პირს ან მრევლის რომელიმე წევრს სხვაგვარი პოზიცია აქვს, ეს მათი პირადი პრობლემაა და საზოგადოების განსჯის საგანი არ უნდა გახდეს.

მიმდინარე წელს ორჯერ - ზაფხულსა და შემოდგომაზე - გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში ვატიკანის წარმომადგენლობის შეხვედრა-დიალოგები, სადაც ამ პრობლემამ საკმაოდ მწვავედ იჩინა თავი. კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურად დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. საპატრიარქოს საპასუხო განცხადება, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი აწერს, ერთგვარად მუქარის ტონსაც შეიცავს: "ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოში კათოლიკეთა ადმინისტრაციას, ასევე ვატიკანსაც, რომ სადაოდ მიჩნეული ტაძრების საკითხი მოხსნილი იქნას დღის წესრიგიდან მართლმადიდებლებსა და კათოლიკეთა შორის საქართველოში არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთი სამაგალითოა იმ პროცესებთან შედარებით, რასაც სხვა ქვეყნებში აქვს ადგილი. თქვენს მიერ დაყენებული საკითხები კი გამოიწვევს ურთიერთობის გართულებას".

7 დეკემბერს თავისუფლების ინსტიტუტში გამართულ შეხვედრა-სემინარზე, სადაც ქართველი კათოლიკეები იყვნენ მიწვეული თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ, ქართველ კათოლიკეთა გაზეთ "საბას" რედაქტორმა მანანა ანდრიაძემ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას შემდეგი კომენტარი გაუკეთა:
[მანანა ანდრიაძის ხმა].

"იცით, ჩვენ ასეთი რამ გვითხრეს, თუ თქვენ შეეცდებით სასამართლოს გადასცეთო, აი ეს, კათოლიკური ეკლესიის დაბრუნების საკითხი, ტყუილად ნუ შეეცდებით სასამართლოზე გადაიტანოთ საკითხი, რადგან მრევლი არანაირ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და იქ მოხდება ისეთი რაღაცა, რაც, ალბათ, თქვენთვისაც სასურველი არ იქნება".

კათოლიკეებს არა მხოლოდ მათი კუთვნილი ეკლესიების დაბრუნებაზე ეუბნებიან უარს, არამედ ახალი ეკლესიების აშენების ნებასაც არ აძლევენ. ქუთაისის მერიამ ეკლესიის აშენებაზე თავისი უარი საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლითა და ჯერჯერობით ბუნებაში არარსებული იურიდიული დოკუმენტით - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატით გაამაგრა, თუმცა, ეს დოკუმენტი ჯერ პროექტის დონეზეც კი არ არის შეთანხმებული.

მეორე მხრივ, პრობლემა არც მაშინ იხსნება, როცა სახელმწიფო ეკლესიის მშენებლობის ნებართვას იძლევა, რადგან, არცთუ იშვიათად, ამის შემდეგ საქმეში მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ერევიან. კამელიელთა ორდენის პოლიკლინიკის ხელმძღვანელის, პადრე ნინოს (ივან მარტინის) თქმით, ასე მოხდა ახალციხეში, სადაც ეკლესიის მშენებლობას მიმდინარე წელს უნდა ჩაყროდა საფუძველი, რაც ახალციხის ეპისკოპოსის მუქარის გამო გადაიდო:
[პადრე ნინოს ხმა].

"ადგილობრივი ეპისკოპოსი ხალხის თანდასწრებით დაგვემუქრა, რომ ხალხი ჩაგვქოლავდა. ეს არ არის ქრისტიანობა. ჩვენ არ შეგვიძლია, მსხვერპლად შევწიროთ ძმობა ამ მშენებლობას. ჩვენ არ შეგვიძლია ომით ავაშენოთ ეკლესია, რომელიც სიყვარულისა და ლოცვის ადგილია."
XS
SM
MD
LG