Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორები თეთრი სახლის ანტი-ტერორისტულ სტრატეგიას აკრიტიკებენ


ანდრო ეული ამერიკის კონგრესში სულ უფრო მატულობს კრიტიკა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მისამართით თეთრთმეტი სექტემბრის ტერაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით შემუშავებული ტაქტიკის გამო.

სწორედ ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა ექვს დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის-ჯონ ეშკროფტის გამოსვლა ჩვენებებით სენატის იურიდიულ კომიტეტში;

ჯონ ეშკროფტს გამართლებულად მიაჩნია ის ლეგალური ზომები, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ რომ მიიღო საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. სენატის იურიდიულ კომიტეტში გამოსვლისას ეშკროფტმა თქვა, რომ შეურაცყოფილია იმის გამო, რომ ცალკეული კონგრესმენები "კონსტიტუციური უფლებების დარღვევად" მიიჩნევენ მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, რაც საერთაშორისო ტერორიზმის აღმოსაფხვრელადაა გამიზნული.

მოქალაქეობრივ უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანტი - ტერორისტული სტრატეგიაში იმგვარი ზომების მიღებაა გათვალისწინებული, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა შეზღუდვას გამოიწვევს. უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში დასაკითხად, ათასზე მეტი უცხოელი სტუმარი, უმეტესწილად ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა მოქალაქეები დააკავეს. გარდა ამისა, სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ზოგიერთი უცხოელის გასასამართლებლად თეთრი სახლის ადმინისტრაციას სამხედრო ტრიბუნალების გამოყენება აქვს დაგეგმილი.

მოსმენების დაწყებისას, სენატში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ-პეტრიკ ლიჰიმ განაცხადა, რომ ბოლომდე არ იზიარებს ადმინისტრაციის ანტი - ტერორისტულ ტაქტიკას, თუმცა შეახსენა ჯონ ეშკროფტს, რომ თანამშრომლობა მთავრობის აღმასრულებელსა და საკანონმდებლო შტოებს შორის აუცილებელი პირობაა თავისუფალი და ღია დემოკრატიისთვის:

"კონგრესის ზედამხედველობა და ჩარევა ამ საქმეში, სულაც არაა ტერორისტების დასაცავად გამიზნული, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ყოველივე ეს, პირველ რიგში თავად ჩვენი, ამერიკელებისა და იმ თავისუფლებათა დასაცავადაა გამიზნული, ესოდენ რომ ვეთაყვანებით მეც, თქვენცა და ამ დარბაზში მყოფი ყოველი ადამიანიც".


ჯონ ეშკროფტმა განაცხადა, რომ გამართლებულად მიაჩნია მთავრობის ანტი-ტერორისტული სტრატეგია, როგორც ერთადერთი საშუალება ტერორისტული თავდასხმებისაგან ამერიკელი ხალხის დასაცავად.


სენატორმა ჰერბერტ კოლმა განაცხადა, რომ სამხედრო ტრიბუნალების დაარსება უცხოელ მოქალაქეთა გასასამართლებლად საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელებს შეუქმნის საფრთხეს:

"ჩვენში განგაშს იწვევს ცნობა იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულენი სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. განრისხებით ვგებულობთ იმასაც, რომ ამ ადამიანებს შესაძლოა არ ეყოლოთ დამცველი ვექილი და სასამართლო არაობიექტურად წარიმართოს. ამდენად, არ უნდა დავუშვათ, რომ თავად გავხდეთ ამგვარი კრიტიკის ობიექტი უცხოელთათვის".


რესპუბლიკელმა სენატორმა ორინ ჰეჩმა, რომელიც აქტიური მომხრეა საპასუხო ზომებისა, რაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ მიიღო 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაოგნებულია ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო, და განსაკუთრებით, სამხედრო ტრიბუნალების დაარსების გადაწყვეტილებამ რომ გამოიწვია.

სენატორმა ჰეჩმა გაიხსენა ამასთანავე, რომ სამხედრო ტრიბუნალები უწინდელ პრეზიდენტებსაც დაუარსებიათ ომის პერიოდში, რაც სხვათა შორის, შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თანხმობით მოხდა
XS
SM
MD
LG