Accessibility links

ეუთო-ს სიტყვიერმა მხარდაჭერამ საქართველოს დელეგაციას "გული მოფხანა"


7 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება ჩრდილო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური გეგემიური შეხვედრა

რომელზეც რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის გამოსვლა იგეგემება. აღსანიშნავია, რომ ამ თავყრილობას 3-4 დეკემბერს წინ უძღოდა შესაბამისი მინისტრების შეკრება ეუთო-ს სხდომაზე ბუქარესტში, სადაც საქართველოს მხარდაჭერის შესახებ მინისტრთა საბჭომ სპეციალური განცხადება მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, 30 ნოემბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრამ, ორი ქყეყნის ზედმეტად ემოციური დიპლომატიური ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნა. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაახასიათა, როგორც "შემობრუნების დასაწყისი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში". თუმცა, თუ რიგით მერამდენე ასეთ "შემობრუნების დასაწყისთან" გვაქვს საქმე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ამის დაზუსტება დღეს ალბათ, ყველაზე კარგი მახსოვრობის საერთაშორისო ექსპერტსაც გაუჭირდება.

მაგრამ ასეა, თუ ისე ხელისუფლების უმაღლესი პირის მიერ პოზიციის ურიერთშერბილებამ, შესაბამისი კორექტივები შეიტანა დიპლომატიური უწყებების მუშაობის ფორმატში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა 7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, რომელიც იმდენად უემოციო გახლდათ, რომ კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ სამხედრო აგრესიის მცდელობა, საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა და გუდაუთის სამხედრო ბაზის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა, რომელთა შესახებ თითქმის მთელი ორი კვირის განმავლობაში კატეგორიული მიმართვები კეთდებოდა, მხოლოდ "ცუდი სიზმარია"იყო.

თავად პრესკონფერენციის მთავარი თემა კი გახლდათ ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინსტრების საბჭოს 3-4 დეკემბრის სხდომა, რომელზეც საქართველოს შესახებ სპეციალური განცხადება იქნა მიღებული. მინისტრის მოადგილე გიგა ბურდულის ინფორმაციით, ეუთო-ს დოკუმენტში ცალსახად აისახა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, პირველად დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონის სტატუსის განსაზღვრის საჭიროება და ამასთანავე, დაიგმო რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და დაბომბვის ფაქტები. ამ დოკუმენტის მიღება კი კონსენსუსის საფუძველზე, რუსეთის კონსტრუქციული პოზიციის შედეგად გახდა შესაძლებელი.
[გიგა ბურდული- ხმა]"აისახა ისიც, რომ პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები. მათ ჰქონდათ პოზიტიური, კონსტრუქციული მოლაპარაკებები. იყო შეტანხმება ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიკვლევს საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტებს"

გარდა ამისა, დოკუმენტს გვერდი არც სტამბოლის სამიტის შეთანხმებისთვის აუვლია. კერძოდ გამოთქმულა იმედი, რომ "რუსეთი დააჩქარებს გუდაუთის ბაზის იურიდიულ გადმოცემას" და "სწრაფი შეთანხმება იქნება მიღწეული დარჩენილი სამხედრო ობიექტის ვადებისა და ფუნქციონირების საკითში." მაგრამ ერთია, სურვილი და მეორე რეალობა. მით უფრო, როდესაც თავად საქართველოს პრეზიდენტიც აღარ მალავს, რომ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გასაყვანად საჭირო გახდება "დროის ფაქტორის გათვალისწინება" და ისიც, რომ ამ ობიექტებზე დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მუშაობს.
XS
SM
MD
LG