Accessibility links

შეუსრულებელი ბიუჯეტი მთავრობას მორიგი სეკვესტრისაკენ უბიძგებს


ზაზა გაჩეჩილაძე გასულ კვირას საკანონმდებლო ხელისუფლებამ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები დაამტკიცა, რითაც ერთგვარი სახელისუფლო ვაკუუმი ფორმალურად ამოავსო.

თუმცა ამით მთლიანი ეკონომიკური სიტუაცია არ შეცვლილა. ახლად დამტკიცებული ეკონომიკური ბლოკიდან ფაქტობრივად მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრია შედარებით ახალი სახე. შესაბამისად, სიტუაციის რადიკალურად სასიკეთოდ შეცვლის ილუზია არც არავის აქვს.

აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა საქართველოში არასდროს გამოირჩეოდა დიდი კოორდინირებულობით. ახალბედა მინისტრების დამტკიცების შემდგომაც ძნელი სავარაუდოა მთავრობაში გუნდი ჩამოყალიბდეს. პრეზიდენტის მიერ აპრობირებული ძალთა ბალანსის პრინციპი ამჯერადაც მთავარი ტაქტიკა აღმოჩნდა. ექსპერტები სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენელებით დაკომპლექტებულ მთავრობას სკეპსისის დიდი დოზით უყურებენ.

ეკონომიკის ექს-მინისტრის, პროფესორ ვლადიმერ პაპავას მოსაზრებით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ერთიან ეკონომიკურ გუნდად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებენ. ექს-მინისტრს მაგალითად ახალი ეკონომიკის მინისტრი მოჰყავს - გიორგი გაჩეჩილაძესაბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას დაპირისპირებული იყო თავის უშუალო შეფთან - საგადასახადო შემოსავლების ექს-მინისტრთან მიხეილ მაჭავარიანთან, რომელიც ეკონომიკურ ხედვებში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ზურაბ ნოღაიდელის თანამოაზრეა.
პაპავას თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაჩეჩილაძის და ნოღაიდელის დამტკიცების პირობრბში მოსალოდნელია ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების შეუთანხმებლობა მთელ რიგ ეკონომიკურ საკითხებში.
ამასთან, პაპავას აზრით, ზურაბ ნოღაიდელზე პრეზიდენტის არჩევანის გაკეთება ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის პოლონელი მრჩევლის ლეშეკ ბალცეროვიჩისა და მისი ჯგუფის რეკომენდაციებზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავს, რადგან ზურაბ ნოღაიდელი მისი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბევრ საკითხში არ იზიარებდა ამ ჯგუფის ეკონომიკურ მოსაზრებებს და რჩევებს.
პოლონეთის ეკონომიკის "შოკური თერაპიის" ავტორის ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფი "მემარჯვენე ეკონომიკური შეხედულებებისაა", მაშინ როდესაც ნოღაიდელი ეკონომიკაში "მემარცხენე იდეოლოგიის" მხარდამჭერია, აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

მისივე თქმით, ბალცეროვიჩის ჯგუფში, რომელიც საქართველოში წელიწადნახევარია იმყოფება აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით, უკვე საქართველოში საქმიანობის მიზანშეწონილობაზეც საუბრობენ.

ბალცეროვიჩის ჯგუფის გარდა საქართველოს პრობლემები საერთაშორისო დონორებთანაც ექმნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე მეორედ გადადო თავისი თბილისური ვიზიტი. სახელისუფლებო კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ შესაძლოა ეს ვიზიტი წელს საერთოდ აღარ შედგეს და დევიდ ოუენის ხილვის "ბედნიერება" მხოლოდ 2002 წლიდან მოგვეცეს. თანაც ძნელი დასაჯერებელია გარღვეული ბიუჯეტის და სახელისუფლებო კრიზისის პირობებში ფონდი რაიმეთი მოვხიბლოთ და მათთან პროგრამის დაფინანსების გაგრძელების პერსპექტივა რეალური გავხადოთ. სულ ცოტა ხანში "ახალ ძველ" ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მორიგი საბიუჯეტო აჟიოტაჟი ელის - მთავრობას უცილობლად მოუწევს სეკვესტრის განხორციელება. ამჯერად ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით "შეიკრიჭება". თუმცა პირველი 184 მილიონიანი კორექტირების შემდეგ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მეორე სეკვესტრის პროცედურა გაცილებით ხმაურიანი და მტკივნეული იქნება. მთავრობას განსაკუთრებული წინააღმდეგობა მაჟორიტარი დეპუტატებისაგან შეხვდება. არადა თავის დროზე პოპულისტური მოსაზრებების გამო ფინანსთა სამინისტროს ზედმეტი და გაუმართლებელი სიჯიუტე არ გამოეჩინა და სეკვესტრი ჯერ კიდევ გაზაფხულზე განეხორციელებინა, შესაძლოა სიტუაცია სხვაგვარად განვითარებულიყო. იმთავითვე, ნათელი იყო, რომ ბიუჯეტი არარეალურ პარამეტრებზე იყო დაფუძნებული და მისი შესრულება ფისკალურ სტრუქტურებს გაუჭირდებოდა. შედეგად, თუ პირველი კორექტირება ძირითადად საგარეო ვალდებულებების ხარჯზე შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდა, მოსალოდნელი სეკვესტრი უკვე სხვა მუხლებსაც "გადასწვდება".

წინა თვეების სამწუხარო ტრადიცია ნოემბერზეც გავრცელდა და ბიუჯეტი კვლავ ვერ შესრულდა. ამჟამად გარღვევა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 65 მილიონ ლარს შეადგენს, რასაც საგარეო დახმარებების მიუღებლობა და სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან არ შემოსული თანხებიც დაემატა. საბოლოოდ ხარჯვით ნაწილში დაგეგმილი 818 მილიონი ლარის ნაცვლად 11 თვის განმავლობაში მხოლოდ 628 მილიონი ლარია გაცემული. შესაბამისად ხელისუფლებამ სეკვესტრის მძიმე პროცედურას რომ დააღწიოს თავი დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში შემოსავლების სახით 184 მილიონი ლარის მობილიზება უნდა შეძლოს, რაც უკვე მხოლოდ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. ასე, რომ აქ ფინანსთა მინისტრის სიუჯიუტე უკვე სრულიად უადგილოა და მთავრობა ბიუჯეტის მოკვეცის აუცილებლობის წინაშე დგას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარდა არც მსოფლიო ბანკთან ურთიერთობაში იკვეთება სასიამოვნო პერსპექტივა - ამ ორგანიზაციიდან ბიუჯეტში გათვალისწინებული საკ-ისა და ისაკ-ის მიღება უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც დამატებით სიძნელეებს უქმნის ისედაც დეფიციტურ ბიუჯეტს . ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ ფონს ეკონომიკური პრობლემები ზედმეტად დრამატულს ხდის. ამ სიტუაციიდან გამოსვლა მხოლოდ მყარი პოლიტიკური ნებით და რადიკალური რეფორმებით არის შესაძლებელი, რაშიც სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება მაინცდამაინც არ არის "შემჩნეული".
XS
SM
MD
LG