Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წლის ბიუჯეტის პროექტის ზოგიერთი მახასიათებელი


საქართველოში ბიუჯეტის კანონის შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურამ ნაწილობრივ სიმბოლური ხასიათიც კი მიიღო.

როგორც საკანონმდებო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს ბიუჯეტის რეალური პროექტის შედგენასა და მის სერიოზულ განხილვაზე. ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში შეტანილი 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ მსჯელობის ნაცვლად, დეპუტატებმა საშობაო არდარდეგებამდე დარჩენილი საპარლამენტო დრო მინისტრთა კანდიდატურების ფორმალურ განხილვას მოახმარეს.

წლის ბოლომდე დარჩენილი მცირე დრო შეუძლებელს ხდის 2002 წლის ბიუეტის კანონპროექტის სერიოზულ განხილვას. ექსპერტბის აზრით 2002 წლის ბიუჯეტმაც, რომ წლევანდელი საფინანსო გეგმის ბედი არ გაიზიაროს, მისი საფუძვლიანი გადამუშავებაა საჭირო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური ბლოკის მინისტრები თითქმის უპრობლემოდ დაამტკიცა, არაა გამორიცხული რომ ასეთივე სულისკვეთებით მოხდეს 2002 წლის ბიუჯეტის მიღებაც.

ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად განსახილველი და მისაღებია უამრავი ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო ცვლილება. 2002 წლის საფინანსო გეგმა ამ ცვლილებების შედეგების მიხედვითაა შედგენილი და თუ ისინი არ განხორციელდა ბიუჯეტის შესრულება კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდება.

ერთ-ერთი მთავარი, რამაც მცირე ბიზნესის გამოცოცხლებასა და ამ საქმიანობის დაბეგვრის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი, 100 ათასი ლარის წლიური შემოსავლის მქონე საწარმოებისათვის 5 პროცენტიანი გადასახადის დაწესებაა. ცხადია, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, ეს მექანიზმი საგადასახადო შემოსავლების კლებას გამოიწვევს, რადგან მცირე საწარმოები, დეღეგეს 20 პროცენტინი, საშემოსავლოს 22 პროცენტიანი მოგების 20 პროცენტიანი და კიდევ ათასგვარი გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან.

ასევე, იქ სადაც შემოსავლის აღრიცხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული ფიქსირებული გადასახადი დაწესდება. ეს ყველაფერი ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია, თუმცა საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები ჯერაც არ განხორციელებულა. საფინანსო გეგმის მიხედვით 10 პროცენტით იზრდება მიწის გადასახადი. პარალელურად უქმდება რამოდენიმე სახის გადასახადი, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებს ქმნიან.

ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული ეს პარამეტრები ჯერ-ჯერობით საკანონმდებლო ცვლილებებით არაა განმტკიცებული. წლის ბოლომდე მათი მიღება კი პარლამენტში მომხდარი პოლიტიკური გადაჯგუფებების შემდეგ, საეჭვო ხდება. კიდეც რომ მოხერხდეს, აღმასრულებელ სტრუქტურებს ახალი მექანიზმების ნაჩქარებად რეალიზება ნამდვილად გაუჭირდებათ.

ბიუჯეტის კანონპროექტში ამ ცვლილებების შედეგად მიღებული შემოსავალი 13, 5 მილიონი ლარის ოდენობით კი არის გათვალისწინებული, მაგრამ არავინ იცის რა გათვლებს ეფუძნება ეს ციფრი. ასეთი გათვლები უბრალოდ არ არსებობს.

შედარებით უკეთაა განსაზღვრული პრეზიდენტის ფონდის ფინანსები. სახელმწიფო სარეზერვო და პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში 21,2 მილიონი ლარი ხვდება. თუმცა არაა განსაზღვრული იმ ღონისძიებათ ნუსხა, რომელიც ამ თანხებით უნდა დაფინანსდეს. ამიტომ მათი დიდი ნაწილი იმ მიმართულებებს ხმარდება, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიცაა ასახული. მეორე მიმართულებას კი კერძო პირების, ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო გაზეთებისა თუ საბიუჯეტო დაწესებულებების დაფინანსება წარმოადგენს.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი აღნიშნული ფონდების ამგვარ საქმიანობას პოლიტიკურ კორუფციად განიხილავს და ხარჯების ნუსხის დაკონკრეტებას მოითხოვს.

ასეთივე სუბიექტივიზმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში 21 მილიონი ლარით აჭარის ენერგო კომპანიის ვალების დაფინანსებაცაა გათვალისწინებული.

საბიუჯეტო ოფისის გათვლებით 2002 წლის საფინანსო გეგმას მიმდინარე წელს დაგროვილი საბიუჯეტო დავალიანებაც დაამძიმებს, რაც 2001 წლის ბიუჯეტის არსრულფასოვანი სეკვესტრის შედეგია. ასეთ პირობებში, ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, საბიუჯეტო კრიზისის სერიოზულ შესწავლასა და მომავალი წლის ბიუჯეტის საფუძვლიან გადამუშავებას მოითხოვს - და არა ისეთ გამოკვლევას, როგორც ეს სახელმწიფო კანცელარიაში შექმნილმა კომისიამ გააკეთა.

[გოცირიძის ხმა] „პრეზიდენტის მიერ შექმნილი საბიუჯეტო პრობლემების შემსწავლელი კომისია, თუკი ორ კვირაში მიზეზებს ადგენს, მაშინ სად იყვნენ 3 წლის განმავლობაში, როდესაც ერთხელ 300 მილიონიანი სეკვესტრი მოხდა, მეორეჯერ 300 მილიონიანი, ახლა 183 მილიონიანი სეკვესტრი და კიდევ წლის ბოლომდე სულ მცირე 100 მილიონით უნდა შეიკვეცოს. ანუ ისევ 300 მილიონი. რაღაც ასე ვთქვათ ეს 300 ჯადოსნური ციფრი გახდა. და აგერ წარმოადგინეს 2002 წლის ბიუჯეტი რომელსაც ზუსტად ისეთივე ბედი ეწევა როგორც ამ ბიუჯეტს."

გოცირიძე ვარაუდობს, რომ 2002 წლის ბიუჯეტს პირველი სეკვესტრი უკვე გაზაფხულხე დაემუქრება. წლების მანძილზე დამკვიდრებული ეს ტენდენცია ცხადყოფს, რომ საქართველოში ბიუჯეტის პროექტის მომზადებას არასერიოზულად უდგებიან, რაც ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს და სახელმწიფოს განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
XS
SM
MD
LG