Accessibility links

logo-print

საქართველოში ბიზნესის წარმოება შეიძლება


ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში გაგაცნობთ ერთ ქართველ ახალგაზრდას, რომელიც საკუთარი გამოცილებიდან გამომდინარე თვლის, რომ მიუხედავად ყველაფრისა

საქართველოში ბიზნესის წარმოება შეიძლება, შემდეგ ქართულ სინამდვილეში ბიზნესის მართვის საკითხებზე ვისაუბრებთ.

ჩვენს ქვეყანაში ხშირად გაიგებთ მყარ მოსაზრებას, რომ საქართველოში სერიოზული ბიზნესი არ არსებობს, ხოლო რაც არსებობს, იქ კაპიტალის დაბანდება სარისკოა. ამიტომაც დასავლეთის უმაღლეს სკოლადამთავრებული ქართველი ახალგაზრდები, განასაკუთრებით ისინი, ვისაც ბიზნესის სფერო აინტერესებს, საზღვარგარეთ დარჩენას და სამსახურის იქ მოძებნას ცდილობენ. ამის შესახებ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ. ეკა წამალაშვილი ამჯერად გაგაცნობთ ახალგაზრდას, რომელმაც გარისკა, დაბრუნდა და სერიოზულ საქმესაც მოკიდა ხელი. 26 წლის მიხო სვიმონიშვილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ‘წყალი მარგებელის" გენერალური დირექტორია და, თუმცა, ჯერ მოგებაზე არ მუშაობს, მაინც კმაყოფილია იმით, რომ ქართული მინერალური წლის ‘ნაბეღლავის" ჩამოსხმა-რეალიზაციის აღორძინებას უწყობს ხელს. ბევრისგან განსხვავებით, მიხო სვიმონიშვილს სჯერა, რომ საქართველოში საქმის კეთება შეიძლება.

26 წლის მიხო სვიმონიშვილს "ლაღიძის წლების" ჩამოსასმელ ქარხანაში შევხვდი. დიდი ხანი არ არის, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "წყალი მარგებელის" ადმინისტრაციამ საკუთრი ოფისი დატოვა და აქ გადმოინაცვლა. "ლაღიძის წლების" დირექციის თხოვნით, მიხო სვიმონიშვილი ამ უკანასკნელს დისტრიბუციის ქსელის აწყობაში ეხმარება. თავად კი 50 კაციან კოლექტივს ხელმძღვანელობს, რომელიც ცნობილი ქართული მინერალური წლის "ნაბეღლავის" ჩამოსხმით და რეალიზაციით არის დაკავებული. ეს საქმე მიხომ ხუთიოდე წლის წინ წამოიწყო, მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა: [მიხო სვიმონიშვილის ხმა] " ჯერ გერმანიაში ვსწავლობდი, შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გავიარე შვეიცარიის საბანკო სისტემაში სემინარები, მერე კი ავიკარი გუდა-ნაბადი და დავბრუნდი საქართველოში."

საზღვარგარეთ დარჩენისა და იქ მუშაობისთვის მიხოს გარკევული შანსები ჰქონდა; როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდებზე, რომლებსაც ბიზნეს განათლება მიღებული აქვთ და რამდენიმე ენას, მათ შორის რუსულსაც კარგად ფლობენ, განსაკუთრებული მოთხოვნილებაა ისეთ დასავლურ ფირმებში, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ბაზრის ათვისებით არიან დაინტერესებულნი; მაგრამ მიხო სვიმონიშვილს სამშობლოში დაბრუნება სურდა და ამ სურვილის კარნახითაც მოიქცა. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ ხალხური სიმღერების ჩასაწერად გურიაში ჩასულმა, "ნაბეღლავის" ჩამოსასხმელი ქარხანა მოინახულა.

[მიხო სვიმონიშვილის ხმა] " ყოფილი მართვეს ბიჭები, ეხლაც ანსამბლ "გეორგიკას" წევრები ვართ, ვიყავით ექსპედიციაში, გურიაში მოხუცებულები მოვინახულეთ, ძველი სიმღერები ჩავწერეთ, მერე მივაკითხე ერთ ჩემს ნათესავს, რომელიც ვიცოდი რომ "ნაბეღლავში" მუშაობდა. იმან დამათვალიერებინა ქარხანა."

ასე გაჩნდა თითქმის გაპარტახებული ქარხნის აღდგენის იდეა, მაგრამ იდეის რეალიზაციას სერიოზული კაპიტალი ესაჭიროებოდა. მიხოს საკუთარი კონტაქტები გამოადგა, თავის შვეიცარიელი მეგობრები დაარწმუნა, რომ "ნაბეღლავში" კაპიტალის ჩადება ღირდა. მას ენდნენ. ასე დაიწყო კონკრეტული საქმე. თანდათან ჩოხატაურის ქარხანა გარემონტდა, ახალი დანადგარებით აღიჭურვა. გარკვეული თანხა ჩოხატაურის რაიონის ერთ-ერთი ხიდის აღსადგენადაც დაიხარჯა. დღეს იქ წელიწადში ერთ მილიონი ბოთლი "ნაბეღლავი" ასხამენ. მისი რეალიზაცია საქართველოს გარდა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და შვეიცარიაშიც კი ხდება. თუმცა ეს ყველაფერი მოგებასთან ჯერ არ არის დაკავშირებული. ჩემს შეკითხვას, არის თუ არა წარმატებული ბიზნესმენი მიხო სვიმონიშვილმა ასე უპასუხა: მიხო სვიმონიშვილის ხმა] " რა თქმა უნდა თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ჩვენ რომ ჩვენი ინვესტიციები ვაჭრობაში ან სხვა სფეროში განგვევთავსებინა, დღეს შეიძლება მეთქვა, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვარ, მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ მქვია ‘ნაბეღლავის" დირექტორი. შვილივით მიყვარს "ნაბეღლავი". რომ მივედი იქ არაფერი არ იყო."

მიხო სვიმონიშვილისთვის მთავარია, რომ მის ინიციატივას ერთი ქართული საქმის აღორძინება მოჰყვა. "წყალი მარგებელი" გადასახადების კარგი გადამხდელია და მოგებას მომავლისთვის ელოდება. მისი დირექტორი "ნაბეღლავის" ჩამოსხმის საგრძნობლად გაზრდას ვარაუდობს. ის სისტემატურად სწავლობს წყლის ბიზნესს, დასავლეთის დიდი კომპანიების გამოცდილებას და თვლის, რომ საქართველოში წყლის ბიზნესით დაკავებულთა ერთიანი სტრატეგია უცხოური მსხვილი კომპანიების ქართული რესურსით დაინტერესებისკენ უნდა იყო მიმართული.

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ილუზიების ტყვეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოება იმასაც იჯერებდა, რომ საქართველოს ბორჯომი გადაარჩენდა. დღეს უკვე დარწმუნდა, რომ ქვეყანას საქმე და საქმის პატიოსნად მწარმოებელი ხალხი თუ გადაარჩენს. ასეთები საქართველოდან ჯერ მთლიანად არ გაქცეულან. მათ საქმეს სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ოპტიმიზმიც დაიკარგება, რაც ერთეულებს მაინც შემორჩათ: [მიხო სვიმონიშვილის-ხმა] "მე მოკლედ ვიტყვი, საქართველოში შეიძლება ბიზნესის კეთება. ეს იქნება დაკავშირებული სირთულეებთან, პრობლემებთან, მაგარამ ეს სირთულეებიც უწყობს ხელს მეწარმის ჩამოყალიბებას. ამ 5 წლის მანძილზე მე სერიოზული გამოცდილება მივიღე და როცა გადავხედავ ევროპაში ჩემს ყოფნას, სადაც 6 წელი ვისწავლე, ვრწმუნდები, რომ იმაზე ორჯერ და სამჯერე მეტი აქ მუშაობამ მომცა. ბევრი კარგი ვნახე, ბევრი ცუდიც , ეს ყველაფერი მოქმედებს ახალგაზრდა ბიზნესმენის ჩამოყალიბებაზე. რაც მერე აუცილებლად დაფასდება."
XS
SM
MD
LG