Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მომავალზე პოლიტიკური შეთანხმების დადების შემდეგ, ყურადღების ცენტრში უშიშროების პრობლემა დგას


ანდრო ეული გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბონთან ოთხშაბათს დადებული შეთანხმება, რომელმაც მეტნაკლებად ნათელი გახადა ავღანეთის პოლიტიკური მომავალი, გაეროსთვის საკმაოდ დიდი დახმარების თხოვნას ითვალისწინებს

ლაპარაკია მრავალ საკითხზე, ასე მაგალითად თანადგომაზე სხვადასხვა უწყების ჩამოყალიბებაში, თუ ადამიანის უფლებათა მონიტორინგში.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გაეროს სთხოვენ მანდატს მრავალეროვანი ჯარებისთვის, რომელთაც ქაბულსა და მის მიდამოებში - უშიშროების უზრუნველყოფა დაევალებათ. მეტიც- ბონის შეთანხმებაზე ხელისმომწერი ფრაქციები აუცილებლად მიიჩნევენ დროთა განმავლობაში მასტაბილიზებელი ჯარების სხვა ქალაქებსა და რეგიონებში განთავსებასაც.

ბონთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დღეს, ხუთშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭომ მართალია მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად ემხრობა ამ შეთანხმებას. მაგრამ მეორე რეზოლუცია- რომელიც შესაძლებელს გახდიდა ავღანეთში მრავალეროვანი ჯარის განთავსებას, კარგა ხანი არ არის მოსალოდნელი. ამის მიზეზი შეერთებული შტატების პოზიცია გახლავთ- ვაშინგტონი შიშობს, რომ ხელი შეეშლება ანტიტერორისტულ ოპერაციაში. მაგრამ საბოლოოდ - გაერო, როგორც ჩანს, გასცემს მანდატს ავღანეთში რაიმე ფორმის მასტაბილიზებელი ძალებისთვის. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ბონთან შეთანხმების გაფორმების დღესვე, ანუ ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდარის, მოხტარ უანის განცხადება ”უშიშროების საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას შეთანხმებისა და მისი დანართების განხორციელების მხარდასაჭერადო”.

საქმე ის არის, რომ უანის მიერ ნახსენები დანართებიდან ერთ-ერთი- შეიცავს თხოვნას ქაბულში, შემდეგ კი სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გაეროს ეგიდით მასტაბილიზებელი ჯარების განთავსების შესახებ.

უკვე არაერთი სახელმწიფო მზად არის, გააგზავნოს თავისი მოქალაქეები ასეთ მრავალეროვან სამხედრო შენაერთში - მაგრამ ამ ქვეყნებს (ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, თურქეთს, ბანგლადეშსა და სხვებს) ჯარების შემადგენლობასა და სარდლობის ტრუქტურაზე მოლაპარაკება ერთმანეთთან, აგრეთვე შეერთებულ შტატებთან მოუწევთ. ვინაიდან გაერო- როგორც ვარაუდობენ, მანდატს კი გასცემს, მაგრამ მასტაბილიზებელ ჯარებს თავისი ეგიდით არ შექმნის.

ამასთან, გაეროს ლიდერები, ასეთი ჯარების რაც შეიძლება მალე განთავსებას ემხრობიან- უწინარესად ჰუმანიტარული დახმარების განსავრცობად. როგორც ოთხშაბათს გაეროს პრესმდივანმა, ფრედ ეკჰარდმა თქვა ნს120602 უშიშროება ქვეყნის მრავალ რეგიონში არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენი ჰუმანიტარული პროგრამის განსახორციელებლად გვსურს, ეს პრობლემა მალე მოგვარდეს.

უშიშროების პრობლემების გამო გაეროს უცხოელი თანამშრომლები ავღანეთის მხოლოდ სამ ქალაქში- ქაბულში, ფაიზაბადსა და ჰერათში არიან დაბრუნებული. მთავარი ჰუმანიტარული მარშრუტი პაკისტანის ქალაქ ფეშავარს აკავშირებს ქაბულთან, საიდანაც ტვირთი ქვეყნის ცენტრალურ მთიანეთში ნაწილდება. როგორც გაეროდან ჩვენი სპციალური კორესპონდენტი, რობერტ მეკმეჰონი იუწყება, ახლა მსოფლიო სასურსათო პროგრამა აპირებს ირანიდან დიდი რაოდენობით სურსათის შეტანას დასავლეთ ავღანეთში. ჩრდილოეთის მომარაგება კი პრობლემებს უკავშირდება- გაერო განსაკუთრებით შეშფოთებულია ვითარებით ქალაქ მაზარ ი შარიფთან, სადაც საგანგაშოდ გახშირდა ძარცვის, ქურდობისა და ადამიანების გატაცების შემთხვევები. როგორც გაეროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მაკოორდინირებელი უწყების პრესმდივანმა, ოლივერ იულიჩმა აღნიშნა ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთში, ჩრდილოდასავლეთსა და დასავლეთში უშიშროების პრობლემების გამო, სამი მილიონი მოსახლე მოკლებულია სათანადო დახმარებას. არა, სამ მილიონზე მეტი. ეს უზარმაზარი რიცხვია.

სურსათი, თავშესაფარი და სამედიცინო დახმარებაა ის, რაც ამ ადამიანებს სჭირდებათ და ვერ იღებენ. სამხრეთ ავღანეთს კი ჯერაც უმეტესწილად თალიბანი და ალ ყაიდა აკონტროლებენ.

და ბოლოს ავღანეთთან გაეროს ურთიერთობის კიდევ ერთ ასპექტზე- ბონთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელში უნდა გადავიდეს წარმომადგენლობები გაეროში, მის სხვადასხვა სააგენტოში- და არამარტო იქ: ყველა დანარჩენ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც.
XS
SM
MD
LG