Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებისა და საზოგადოების პოლიტიკური ნება


ბოლო დღეების პრესის მასალების გაცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარლამენტში არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც ახალი მთავრობის ერთიან შემადგენლობას იწონებს.

თუმცა, ცალ-ცალკე თითოეულმა მინისტრმა მიიღო პარლამენტართა დიდი ნაწილის მხარდაჭერა.

ორი ფაქტორი, რომელმაც არსებითად გადაწყვიტა მინისტრების დაბრუნება ძველ პოსტებზე, - აღმოჩნდა პირადი სიმპათია და სხვის ჯიბრზე ხმის მიცემა.

ია ანთაძე გესაუბრებათ ხელისუფლებისა და საზოგადოების პოლიტიკური ნების შესახებ.

ახალი მთავრობის დამტკიცების საიდუმლო ერთბაშად ახსნა ვახტანგ რჩეულიშვილმა "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში. ციტატა: "სოციალისტებმა ხმა მხოლოდ ჯორბენაძეს და კარტოზიას მივეცით. დამისახელეთ ერთი დეპუტატი, რომლისთვისაც ჯორბენაძეს მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემა არ გადაუწყვეტია. პარლამენტში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, ვინც ჯორბენაძეს ხმას არ მისცემდა".

პარლამენტარები არც მალავენ, რომ მინისტრების მხარდაჭერისას ობიექტური კრიტერიუმები არ გახსენებიათ.

რატომ ხდება, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, მთავრობის დამტკიცებისას პირადი ინტერესებით იხელმძღვანელონ და, თანაც, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ?

ამ პარადოქსს ერთადერთი ახსნა აქვს: ხელისუფლების თითოეული წევრი პასუხისმგებლობას გრძნობს სწორედ იმის წინაშე, ვინც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა.

იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები გაყალბების გარეშე ტარდება, პარლამენტში მოხვედრის ერთადერთი გზა მოსახლეობის ნებაა - დეპუტატი ის ხდება, ვისაც ხალხი ირჩევს. შესაბამისად, თუკი იმ ქვეყნების დეპუტატები ისეთ რამეს ჩაიდენენ, რაც ხალხს არ მოსწონს, მზად არიან შესაბამისი შედეგისთვის.

ამიტომ იქ, სადაც პარლამენტის წევრობა მხოლოდ საზოგადოების ნებაზეა დამოკიდებული, ვერავინ იტყვის, რომ მინისტრს ხმა მისცა პირადი დახმარების სანაცვლოდ. დღევანდელი პარლამენტარები მომავალ არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერის იმედად რომ რჩებოდნენ, ცხადია, ასეთ განცხადებებს არც ისინი გააკეთებდნენ.

პარლამენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს მეტად ლოგიკურ ფონს უქმნის კახა თარგამაძის ერთი ძველი მუქარა: არჩევნების ბედი ჩემს კაბინეტში წყდებაო.

კიდევ ორი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომელზეც სახელისუფლო კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ: ერთი ის, რომ მრეწველთა პარტიის მიერ 7% ბარიერის გადალახვა, თითქოს, პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ გადაწყვეტილა; ხოლო მეორე ის, რომ ლეიბორისტებთან დაკავშირებით, თითქოს, პრეზიდენტს უთქვამს, ეს ხალხი პარლამენტში აღარ დამანახოთო.

შესაძლოა, ორივე ფაქტი მოგონილია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საუბრები სახელისუფლო კულუარებში ნამდვილად მიმდინარეობს და პარლამენტარებსაც სჯერათ, რომ მათი ბედს პოლიციის მინისტრი ან პრეზიდენტი წვეტს. ამიტომ, ხელისუფალთა ქცევაზე ქუჩის აქციები, სინამდვილეში, გავლენას ვერ ახდენს. ისინი ექვემდებარებიან არა საზოგადოების მხრიდან ზეწოლას, არამედ - ძალაუფლების მქონე ფიგურების პოლიტიკურ ნებას. თარგამაძის და ჟვანიას თანამდებობებიც, სინამდვილეში, პრეზიდენტის პოლიტიკურმა ნებამ გადაიყოლა და არა სტუდენტების ამბოხმა. ამიტომაც აწონებენ თავს პრეზიდენტს და მინისტრებს პარლამენტარები თავისი მავნე, სუბიექტური გადაწყვეტილებებით.
XS
SM
MD
LG