Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოიხილვა


თამარ ჩიქოვანი ამ კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ აღმოჩნდა თემა, რომელიც მეხუთე თვეა, მეტნაკლებად ყოველთვის იწვევდა ქართველი ჟურნალისტებისა და საზოგადოების ინტერესს.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობამ ზაფხულში უამრავი კითხვა გააჩინა. არანაკლები კითხვები მოჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილისა და გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებას, რომ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. "სამართალდამცავები იძიებენ მკვლელობას, ჟურნალისტები იძიებენ ძიების მსვლელობას"-წერს 7 დეკემბრის "დილის გაზეთი", რომლის ცნობითაც, 6 დეკემბერს, საღამოს 7 საათისთვის გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ გრიგოლ ხურცილავას ბრალი წაუყენეს. გრიგოლ ხურცილავას აღიარებითი ჩვენების მოპოვების შემდეგ, გამოძიებამ მკვლელობის იარაღი, შემთხვევის ადგილიდან წაღებული გასაღები და მასრა აღმოაჩინა. "დილის გაზეთის" ცნობით:

"გრიგოლ ხურცილავა, იგივე "გრიცკო", საშუალო განათლების 31 წლის კაცია, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული, ხან უშიშროებაში, ხან კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იყო უშიშროების სპეცდანიშნულების ჯგუფ "ალფას" წევრი. "გრიცკო" სამსახურიდან ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციიდან 2001 წლის 17 აგვისტოს, გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 დღის შემდეგ (სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზით) გაათავისუფლეს. ამის შემდეგ "გრიცკო" უმუშევარია...გუშინ გამართული ბრიფინგი გენერალურმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა იქიდან დაიწყეს, როცა ხურცილავა სანაიას ბინიდან გამოვიდა, კარი დაკეტა და წავიდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არაფერს ლაპარაკობენ, როდის და როგორ შეაღწია ბინაში "გრიცკომ", თუმცა, პრესკონფერენციაზე ერთხელ ითქვა, რომ მსხვერპლი და მკვლელი სახლში ერთად შევიდნენ.

გრიგოლ ხურცილავა მკვლელობიდან მეხუთე თვეს თბილისში თავისუფლად დადიოდა და თურმე, მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდა მიმალვას. გამოდის, რომ მან შემკვეთისგან ან ფული მიიღო, ან საფრთხე იგრძნო, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ბოლო ხანებში "გრიცკო" მოწყენილი და გულჩათხრობილი დადიოდა. ახლობლები ფიქრობენ, რომ ეს იმ ვალის გამო ემართებოდა, რომელიც წარუმატებელი ბიზნესის შემდეგ დაედო.
ამ ეტაპზე გამოძიება არ გამორიცხავს, მაგრამ არც ადასტურებს, რომ გიორგი სანაია შეკვეთით მოკლეს. მოსაზრებას-სანაიას მკვლელობის გახსნა ხომ არ უკავშირდება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს- შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს."

"საით მიდის გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიება?"-კითხულობს 7 დეკემბრის გაზეთი "რეზონანსი", რომლის თქმითაც, იმის მიუხედავად, რომ ნაპოვნია ნივთმტკიცებები და ეჭვმიტანილიც აღიარებს დანაშაულს, ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ ადამიანი, რომელსაც ჰყავს ორი შვილი, ჰყავს ცოლი, ცხოვრობდა ჩვეულებრივ სახლში, სუნთქავდა შენს გვერდით, ძალიან უყვარდათ მეზობლებსა და მასწავლებლებს-მკვლელია. გაზეთი წერს:

"შეკვეთილ მკვლელობებს რეგისტრირებული იარაღით არ ჩადიან"-ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და ირიბად მიუთითებს, რომ გრიგოლ ხურცილავას დაკავების შემდეგ მოვლენებს აღარ უნდა ველოდოთ. ანუ დავრწმუნდეთ იმაში, რომ 26 წლის ჟურნალისტის მკვლელობა რაღაც უაზრობას, კამათს, სრულიად შემთხვევით ამბავს შეეეწირა. ესეც შესაძლებელია და ესეც დასაშვებია. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან ბანალური რამაა, მაგრამ რა ვუყოთ იმ უამრავ კითხვას, რომელიც საზოგადოებას გაუჩნდა და რომელსაც გამოძიება დღეს კი არა, შესაძლოა, ვერასდროს გასცემს პასუხს?
როგორ მოხდა, რომ გრიგოლ ხურცილავა 2000 წლის 17 აგვისტოს დაითხოვეს ორგანოებიდან და მას დღემდე ჰქონდა შენახული ტაბელური იარაღი? რა არის ეს: შეგნებული დანაშაული თუ დაუდევრობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა?
ანდა რას ნიშნავს შინაგან საქმეთა ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების ურთიერთგამომრიცხავი ვერსები? რატომ ამტკიცებს პირველი, რომ მისთვის ხურცილავას პიროვნება ცნობილი იყო, ხოლო მეორე იმას, რომ თარგამაძის დროს ძიება ხურცილავასკენ არ მიდიოდა? ანდა თუ მკვლელობა ჩადენილი იყო რეგისტრირებული იარაღით და ასეთი ტიპის იარაღი 500-მდე იყო საქართველოში, ნუთუ ოთხი თვე რეგისტრირებული იარაღის ამოღებას დასჭირდა?

ანდა რა ფსიქიკისა და აზროვნების პატრონი უნდა ყოფილიყო პოლიციასა და უშიშროებაში ნამუშევარი გრიგოლ ხურცილავა, რომ გიორგი სანაიას სახლიდან წამოღებული იარაღი და გასაღები თავისი მეგობრის სახლის გვერდით დამალა და არ გადაყარა, დავუშვათ, მტკვარში, სადაც მას ვერავინ იპოვიდა?

გიორგი სანაიას მეგობრის, ჟურნალისტ თამრიკო დეკანოსიძის თქმით, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი სანაიას მშობლებს მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გააცნეს. "როგორც აღიარებით ირკვევა, ხურცილავა ყვება, თითქოს იყო ვალებში ჩავარდნილი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, საღამოს ხელი დაუქნია მანქანას. გიორგიმ გაუჩერა. ხურცილავამ უთხრა, რომ თავშესაფარს და ღამის გასათევს ეძებდა. გიორგი სანაიამ ის სახლში წაიყვანა, ღამის გათევას შეჰპირდა, შემდეგ კი შელაპარაკდნენ და მოკლა"-დაახლოებით ასეთია ვერსია, რომელიც თამრიკო დეკანოსიძემ გვიამბო და, რომელიც, თავის მხრივ, გიორგის მშობლებს უამბეს საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა."

7 დეკემბრის გაზეთ "ახალი თაობის" ცნობით, მკვლელობის ნარჩემაშვილ-გაბრიჩიძისეული ვერსიით აღშფოთებულნი არიან გიორგი სანაიას მშობლები. ვახტანგ სანაიას თქმით, ყველაფერი, რასაც მინისტრი და საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები უყვებიან, არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება. "მე შვილი ხელმეორედ მომიკლეს"-ამბობს გამოძიების შედეგით იმედგაცრუებული გიორგი სანაიას მამა.

" გამოძიების ობიექტურობის არც გიორგი სანაიას დედას სჯერა. მისთვის მიუღებელია იმის მტკიცება, რომ გიორგიმ უცნობი პიროვნება სახლში აიყვანა, თითქოს ვიღაც ქალების მოლოდინში სვეს, მერე შეკამათება მოუვიდათ, რაც ტრაგედიით დასრულდა. მისი განცხადებით, გიორგის სმა არ უყვარდა, ამიტომაც არც მსგავსი ვერსია მიაჩნია რეალობასთან მიახლოებულად...

-ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ დამნაშავე გიორგი გამოდის_ამბობენ მშობლები. მათი აზრით, ამგვარ გამოძიებას, რომელიც სიმართლეს ვერ ახდის ფარდას და ვიღაცას სიცოცხლეს გაუმწარებს, სჯობდა, ბოლომდე ბურუსით მოცული დარჩენილიყო მკვლელობა."

7 დეკემბრის გაზეთი " სპექტრი" თავის მკითხველს სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და გიორგი სანაიას ოჯახს შორის არსებულ უცნაურ და ტრაგიკულ კავშირზე აწვდის ინფორმაციას. გაზეთი აღწერს ხურცილავების ოჯახში მომხდარ მკვლელობას, რომელსაც გრიგოლ ხურცილავას და ლია და ორი დისშვილი ემსხვერპლა. კერძოდ:

"ლია ხურცილავას და მისი შვილების მკვლელობა დაახლოებით 4 წლის წინათ მოხდა თბილისში. სახლიდან ცოტა ხნით გასულ ლიას მეუღლეს შინ დაბრუნებისას ცოლი და შვილები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული დახვდა. პისტოლეტი ხელში ლია ხურცილავას ეჭირა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლია ხურცილავამ ჯერ შვილები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ეს ვერსია ეჭვს იმის გამოც იწვევდა, რომ ამ ტრაგედიამდე ლიას ოჯახში პრობლემები არ ჰქონია და მისი ფსიქიკური მდგომარეობაც ნორმალური იყო. მეუღლემ შვილების და ცოლის ცხედრები ხობში წაასვენა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ და იქ დაკრძალა. თვითონ ლიას მეუღლე ავადმყოფობის გამო გასვენებას არ დასწრებია.

ამ ისტორიაში არიოს ერთი უცნაური დეტალი, რაც ხურცილავების ოჯახს გიორგი სანაიასთან აკავშირებს. ლია ხურცილავას მეუღლე-თენგიზ ჩხაიძე გიორგი სანაიას სიმამრის ძმაა. თენგიზ ჩხაიძე წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, ცოლ-შვილის დაღუპვის შემდეგ მან ხურცილავებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. თუმცა, უცნობი რჩება გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ გრიგოლ ხურვილავას რა ურთიერთობა ჰქონდა სიძის ოჯახთან და თვითონ გიორგი სანაიასთან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებისთვის ეს ფაქტი ცნობილი იყო, თუმცა თვითონ ეჭვმიტანილი რაიმე კავშირს მისი დის სიკვდილსა და გიორგი სანაიას მკვლელობას შორის კატეგორიულად გამორიცხავს."

"ანონიმი ჩეკისტი აცამტვერებს ძალოვანთა ვერსიას გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით"-წერს 8 დეკემბრის გაზეთი "დრონი", რომელიც ანონიმი პროფესიონალის არაფორმალურ დასკვნას აცნობს მკთხველს:-არ ვიზიარებ აზრს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა რომელიღაც პოლიტიკურმა ძალამ შეუკვეთა, მაგრამ უკვე დღეს რომ ამ მკვლელობის გახსნას დიდი გარიგება უდევს საფუძვლად, ფაქტია. გაზეთ "დრონის" განცხადებით:

"სამართალდამცავები მკვლელობას, რომელმაც მთელი საქართველო ფეხზე დააყენა, გახსნილად აცხადებენ, თუმცა, იმავე საქართველოში ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად სჯერა ყველაფერი ის, რასაც ტელეეკრანიდან ქართველი ჩინოსნები ეუბნებიან.

თვისთავად, "მჯერა-არ მჯერას" თამაშის წამოწყება უწყებასთან, რომელსაც ნორმალურ სახელმწიფოში, როგორც წესი, ცალსახად ენდობიან, ვერაფერი სახარბიელოა თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ წაგებისთვის ხარ განწირული. ჩვენმა სამართალდამცავებმა "ცრუ"-ს აგენტის ფრედ ვუდფორდის ბრმა ტყვიით მკვლელობის ვერსია, სოლიკო ხაბეიშვილის შევარდნაძის გულის დასაწყვტად ლიკვიდაციის მოტივი "აჭამეს" და არ არის გამორიცხული, ჟურნალისტის სიკვდილიც სრულიად აბსურდული მიზეზით გამოწვეულ დანაშაულად ჩაგვათვლევინონ. უფრო სწორად, ეცადონ, რომ ასე მოხდეს. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ ჩვენს რეალობაში ორმხრივ თამაშს სახელწოდებით "მჯერა-არმჯერა" აზრიც არა აქვს. აქ უფრო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ცალმხრივ, გულგრილ მოქმედებაზეა ლაპარაკი, რომელსაც ყურს კარგად შეჩვეული სახელი შეიძლება ეწოდოს-"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა".
XS
SM
MD
LG