Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი სამხედრო გაწვევა პერმანენტული ჩაშლის პერსპექტივით


საქართველოში მეორე თვეა გრძელდება საშემოდგომო გაწვევის კამპანია, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია ქართული შეიარაღებული ძალების არსებობის ისტორიაში.

მაშინ, როცა გაწვევის დასრულებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება, სამხედრო კომისარიატების სადღეღამისო მუშაობის პირობებშიც კი ჯერჯერობით გასაწვევი კონტინგენტის მხოლოდ 40 პროცენტით დაკომპლექტება მოხერხდა. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე შეეცდება უპასუხოს შეკითხვას, თუ რატომ ემუქრა სამხედრო გაწვევებს პერმანენტული ჩაშლის საფრთხე.

გასულ კვირას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მეტად საგულისხმო სწავლება ჩაატარა. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების არსებობის განმავლობაში, მე-11 ბრიგადის ბაზაზე საბრძოლო რეზერვის მობილიზებაზე პასუხისმგებელი სამხედრო ხელმძღანელები შეიკრიბნენ. სწავლების გეგმის თანახმად, მათ რეზერვის რიგითებისა და სერჟანტების გაწვევის ორგანიზება, აგრეთვე სახალხო მეურნეობის ტექნიკის აღრიცხვა, ნაწილებზე მიწერა და მათი საბრძოლო მდგომარეობაში გაშლა უნდა მოეხდინათ.

სწავლებამ სამხედროების განმარტებით წარმატებით ჩაიარა. ოფიციალურმა ტელევიზია კი ამ მოვლენას პროპაგანდისტული სიუჟეტით გამოეხმაურა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწავლება უფრო "საშტაბო თამაშის" ხასიათს ატარებდა, რადგან მასზე რეალურად მხოლოდ სამობილიზაციო სამმართველოს ოფიცრები იყვნენ წარმოდგენილი. ეგრეთწოდებული "სახალხო მეურნეობის" ტექნიკისა და რეზერვისტების როლს კი მე-11 ბრიგადის ჯარისკაცები თამაშობდნენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში გენერალური შტაბის სამობილიზაციო სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა თამაზ ხუროძემ განაცხადა, საქართველოს ბიუჯეტი რეზერვის მობილიზებისა და გაწვრთნის ხარჯებს ჯერჯერობით არ ითვალისწინებს.
[თამაზ ხუროძის ხმა]"ნებისმიერი ქვეყანა უნდა ცდილობდეს, რომ რაც შეიძლება მომზადებული სამობილიზაციო რესურსი ჰყავდეს, და გაწვრთნილი. ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, თორემ ასეთი სწავლებები, რო საშუალება იყოს, რაც უფრო ხშირად იქნება, რატქმა უნდა უკეთესი არის"

თუმცა რეზერვის მობილიზებას ვინ ჩივის, როცა წელს შესაძლოა სამხედრო ძალები წვევამდელთა საჭირო რაოდენობის ნახევრითაც ვერ შეივსოს. ყოველ შემთხვევაში 7 დეკემბრის მონაცემით, გეგმით გათვალსიწინებული 6 ათასი კაცის ნაცვლად, ჯერჯერობით ნახევრის გაწვევაც ვერ მოხერხდა. [თამაზ ხუროძის ხმა]"მე ვიცი, რომ ჯერჯერობით არ უნდა იყოს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ არის იმედები და ეს საქმე უნდა გამოსწორდეს, რა თქმა უნდა. იმედები არის".

აღსანიშნავია, სამხედრო გაწვევა უმაღლესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა და მის ორგანიზებულ წარმართვაზე სამხედრო კომისარიატების გარდა, პასუხისმგებლობა რაიონის ხელმძღნელობასაც ეკისრება. ამის შესახსენებლად იმერეთისა და სამეგრელოს მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულებთან გასულ კვირას თავად შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჯონი ფირცხალაიშვილი იმყოფებოდა. მაგრამ ქვეყნის მეორე სამხედრო პირის ვიზიტი უშედეგო გამოდგა. როგორც გაირკვა, ერთადერთი, რაზეც რეგიონის ხელმძღვანელებს ხელი მიუწვდებათ, სამგზავრო ტრანსპორტით დახმარებაა, ისიც თუ ბენზინს სამხედროები ჩაასხამენ.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაწვევის ორგანიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით ცუდი მაჩვენებელი იმერეთის რეგიონშია, რომლის ხელმძღვანელი თემურ შაშიაშვილი კოლეგებისაგან მოჭარბებული საბრძოლო სულისკვეთებით გამოირჩევა და პარტიზანული მოძრაობის ფართომასშტაბიანი სახელმწიფოებრივი დახმარების პროგრამაზე მუშაობს.

არადა, როგორც ირკვევა გეგმით გათვალისწინებული 1100 კაცის ნაცვლად, იმერეთიდან მხოლოდ 400-ის გაწვევა მოხერხდა. ბრძანებულების თანახმად, გაწვევის ბოლო ვადა 31 დეკემბერია. თუ ამ ხნის განმავლობაში, სიტუაცია არ გამოსწორდება, დავით თევზაძე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩამორჩენილ კომისართა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს. მოიმოქმედებს თუ არა იგივეს საქართველოს პრეზიდენტი მისი რწმუნებულების და გამგებლების მიმართ, ძნელი სათქმელია.

თუმცა კაცმა, რომ თქვას სამხედრო კომისრებიც გაწვევასთან დაკავშირებულ გაუგებრობაში უფრო "განტევების ვაცის" როლში არიან, რადგან საქართველოს პრეზიდენტს თავისი ხელმოწერით დაკანონებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის იმგვარი წესი, როგორსაც არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს. კანონის თანახმად, დაახლოებით მამრობითი სქესის 18 კატეგორიის მოქალქე სარგებლობს გადავადების უფლებით გაწვევის დროს. მათ შორის კანონი არ ასხვავებს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლების სტუდენტებს, რის გამოც საქართველოში სულ მალე აღმოცენდა 200-მდე კომერციული უმაღლესი სასწავლებელი, რომლებმაც თითქმის სრულად შთანთქეს მთელი გასაწვევი რესურსი და ძირითადად სწორედ იმის ხარჯზე არსებობენ, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტებს ნანატრ "ჯავშანს" აძლევენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება ამის გამო, პარლამენტის წინაშე ერთი წლის წინ შევიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რათა მომხდარიყო ცვლილებები არსებულ კანონში. კერძოდ გაუქმებულიყო გადავადების შეღავათი რამდენიმე კატეგორიის წვევამდელზე, ხოლო გადავდების მსურველთათვის შემოღებულიყო იმ თანხის ეკვივალენტური ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ქრთამის სახით თავს კომისარიატის მუშაკთა ჯიბეში ისედაც იყრის. თუმცა არსებობს სხვა გამოსავალი-სამხედრო ძალის პროფესიულ რელსებზე გადაყვანა, რაც წვევამდელებით ვაჭრობასაც აგვაშორებს, ჯარის დაკომპლექტებაზე ფიქრსაც და არც მსოფლიოს წინაშე გვექნება თავი მოჭრილი დეზერტირად ქცეული არმიის გამო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG