Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე პრეზიდენტი ისევ ნინო ჩხობაძის კანდიდატურას ასახელებს


მთავრობის ფორმირების პროცესი გრძელდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ისევ ნინო ჩხობაძის კანდიდატურას სთავაზობს.

სავარაუდოა, რომ მეორედ წარდგენა ჩხობაძეს გაუმართლებს და პარლამენტი მის კანდიდატურას აღარ ჩააგდებს. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს, ამ თანამდებობისთვის შერჩეული კანდიდატურის ვინაობა ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

მთავრობის უმტკივნეულოდ ფორმირების პროცესი დასასრულს უახლოვდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე ხელმეორედ დასახელების შემდეგ, ნინო ჩხობაძე თუ მინისტრის სავარძელს დაიბრუნებს (პარლამენტის თავმჯდომარე მის დამტკიცებას ვარაუდობს), პარლამენტი პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატურებისადმი სრულ ნდობას გააფორმებს.

შეგახსენებთ, ნინო ჩხობაძე იყო ერთადერთი მინისტრობის კანდიდატთა შორის, ვისაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატებმა მას ხე-ტყის უკანონოდ ჩეხვის პროცესის აღკვეთის მოთხოვნისადმი გულგრილობა, პიროლიზებული ფისის შემოტანასთან დაკავშირებული სკანდალი, აგრეთვე სხვა ნიუანსები გაუხსენეს და მიიჩნიეს, რომ ჩხობაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დამტკიცებას არ იმსახურებდა. მაგრამ ეს იყო პრონციპულობის გამოვლენის მცდელობის ერთადერთი მაგალითი. მინისტრების დამტკიცების შემდგომმა პროცესმა, რომლის დროსაც არც თუ დამსახურებული კანდიდატები ერთმანეთის მიყოლებით დამტკიცდნენ, ჩხობაძე ცოტა არ იყოს ზედმეტად დაჩაგრულადაც კი გამოაჩინა. თუმცა ამ უკანასკნელის შანსი ამით არ ამოწურულა.

ნინო ჩხობაძეს, რომელსაც თავისი დეკლარირებული ამოცანა - “დაიცვას გარემო ადამიანისგან, ადამიანისთვის,” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე მუშაობისას არ შეუსრულებლია, კიდევ ერთხელ მოუწევს პარლამენტართა შეკითხვებზე პასუხის გაცემა და კენჭისყრის პროცედურის გავლა.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურას, მისი ვინაობა შევარდნაძეს ჯერ არ გაუმხელია. კულუარული ინფორმაციით სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პრეზიდენტის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის - ბადრი ხატიძის და გერმანიაში საქრათველოს ელჩის - კოტე გაბაშვილის კანდიდატურები განიხილება. ლაპარაკია ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრის ავთო ჯორბენაძის კანდიდატურაზეც და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ისევ გია არსენიშვილის დაბრუნების შესაძლებლობაზეც. ხსენებული პირები მათი კანდიდატურების განხილვას უარყოფენ. თავის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გაამხელს, რის შემდეგაც მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას პარლამენტი ალბათ ისეთივე მონდომებით დაუჭერს მხარს, როგორც ეს მინისტრების დამტკიცებისას მოხდა.

ასე რომ, ნოემბრის მღელვარების შედეგმა, მთავრობის დათხოვნამ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი ვერაფერი შეცვალა. პრეზიდენტზე აღარაფერს ვიტყვი, პარლამენტმა დაადასტურა, რომ მას ძველის შეცვლის არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნია. პრეზიდენტი ნოემბრის მღელვარების გახსენებისას, მიღწევაზე, დესტაბილიზაციის საფრთხის დაძლევაზე საუბრობს და ხაზგასმით აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაუშვებელია:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ამ ორი კვირის წინ საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიარა და შევძელით კიდეც თავიდან აგვეცილებინა სახემწიფოს მორიგი ჩათრევა არეულობის ჭაობში. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია. მოსახლეობა ვერასდროს აირჩევს მისთვის მოსაწონ ხელისუფლებას. მთავარია შევთანხმდეთ გარკვეულ კრიტერიუმებზე და არ დავარღვიოთ არჩევნების ციკლი.”

შეგახსნებთ, გასულ კვირაში მთავრობის ფორმირებით უკმაყოფილო სტუდენტებმა, პარლამენტის შენობის წინ გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს და პარლამენტს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის სჭირო სამუშაოს დაწყება მოსთხოვეს.
XS
SM
MD
LG