Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელთა ბედი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი საქართველოში ძალოვანი მინისტრების გამოცვლის პირველი შედეგი შთამბეჭდავია - გაუხსნელად მიჩნეული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მკვდარი წერტილიდან რომ დაიძრა, საკამათო თითქოს არ უნდა იყოს.

თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ძნელი სათქმელია, გამოიძიება თუ არა ეს გახმაურებული საქმეები ბოლომდე და თუ აგებენ დამნაშავეები პასუხს.

როგორც ჩანს, ორიოდე კვირის წინათ დამტკიცებული შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მთელი ძალისხმევა, ე.წ. ხმაურიანი საქმეების გახსნისკენ მიმართეს. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია – საზოგადოებას წარუდგინეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, იპოვეს გაზაფხულზე გამქრალი იაპონელი ფოტოჟურნალისტი ცუნეუკა, გაათავისუფლეს ერთი წლის წინათ მძევლად აყვანილი ესპანელი ბიზნესმენები. და თუ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებს სამართალდამცავებს, იაპონელი ფოტოჟურნალისტის “აღმოჩენისა” და ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლების ფაქტი საზოგადოებამ უკრიტიკოდ მიიღო. თუმცა, ამ შემთხვევებშიც ჯერ კიდევ ბურუსითაა მოსილი, როგორ გაიტაცეს ეს ადამიანები, როგორ მოხდა გათავისუფლება, ვინ არიან გამტაცებლები და ა.შ. და ა.შ. სხვათაშორის, კიდევ ერთი უცხოელის - არაბი ბიზნესმენის გატაცებისა და გათავისუფლების ისტორიის შესახებაც, საკმაო დროის გასვლის მიუხედავად, ასევე არა მხოლოდ არაფერია ცნობილი, არამედ არც ინტერესი ჩანს, გაირკვეს, რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე. ამას თუ იმ უცხოელებთან დაკავშირებულ გაუხსნელ ფაქტებს დავუმატებთ, ვინც ჯერაც დაუდგებელი პირების ფიზიკური აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა – ნათელი გახდება, რომ სამართალდამცავების დიდი მონდომების მიუხედავად, ალბათ, უცხოეთის არაერთი ქვეყნის მთავრობის გაფრთხილება თავისი მოქალაქეებისადმი, საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას რომ შეიცავს, კიდევ დიდხანს დარჩება ძალაში.
გასულ შაბათ-კვირას, როცა საქართველოს საკმაოდ შელახულ საერთაშორისო პრესტიჟს თითქოს გაუმჯობესების შანსი გაუჩნდა საღსალამათი ესპანელი ბიზნესმენების გათავისუფლებით, ქვეყნის რეპუტაციამ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო - კვირას საღამოს თბილისის ერთერთი ცენტრალური უბნის სადარბაზოში მოკლული იპოვეს გერმანიის მოქალაქე, საქართველოში ევროკავშირის თანამშრომელი 49 წლის გიუნტერ ბოიხელი. იგი თავის არეში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ოპერატიულად გამოიძიებენ ამ “საშინელ ფაქტს”. თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში. დაღუპულის სამშობლოში გადასვენების ორგანიზებას თავის თავზე საქართველოში გერმანიის საელჩი იღებს.

ერთი შეხედვით, ევროკომისიის ერთერთი პროგრამის Food Security-ს ხელმძღვანელის მკვლელობა ბანალურ ძარცვას წააგავს –მოკლული გაძარცვულია. თუმცა, მეორე მხრივ, ალბათ, უცნაურად უნდა გამოიყურებოდეს ის ფაქტი, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე გიუნტერ ბოიხელს ორჯერ დაესხნენ თავს და მან არც ერთხელ ამის თაობაზე პოლიციას არ მიმართა. დამაფიქრებელია ისიც, რომ ერთი და იგივე პიროვნება სამჯერ იქცა თავდასხმის ობიექტად მაშინ, როცა მის მეზობლად არაერთი სხვა უცხოელი ცხოვრობს, რომელთა მიმართაც მძარცველებს თუ დამნაშავეებს, მადლობა ღმერთს, არაჯანსაღი ინტერესი ჯერ არ გამოუჩენიათ.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – პროგრამა Food Security-ს ხელმძღვანელობის გარდა, გიუნტერ ბოიხელი საქართველოში კორუფციისადმი მიძღვნილ ანალიტიკურ მოხსენებებს ამზადებდა. ეს მოხსენებები, კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, ბოლო დროს განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. და კიდევ ერთი მცირე შტრიხი – ევროკომისიის გერმანელი თანამშრომელი თავადაც დაინტერესებულა ბიზნესით – ფოთში იგი, როგორც ამბობენ, სწორედ სასტუმროების ბიზნესის გამო იყო ჩასული. ანუ, გამორიცხული არ არის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაული ბანალურ ძარცვასთან არ იყოს დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG