Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე 4 დეკემბრის გაზეთ ”კრასნაია ზვეზდას” თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ასეთი დასკვნა გამოაქვს გაზეთს მოსკოვის სამიტის შემდეგ.

“ყოველ შემთხვევაში საქართველოს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე შევარდნაძე არ მალავდა თავის კმაყოფილებას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო”-აღნიშნავს გაზეთი, რომლის ცნობით, უპირველესად მხარეებმა მოილაპარაკეს იმაზე, რომ დააჩქარონ რუსეთსა და საქართველოს შორის დიდი ჩარჩო ხელშეკრულების მომზადება და რომ მისი ხელმოწერის შემდეგ შედგება ვლადიმირ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – მოწვევა ედუარდ შევარდნაძისაგან უკვე მიღებულია.

4 დეკემბრის გაზეთ “ვრემია მნ”-ის ცნობით კი, რუსეთის სათათბიროს გეოპოლიტიკის კომიტეტთან არსებულ კავკასიის საკითხების სამუშაო ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა სხდომა, რომელიც, როგორც გაზეთი წერს, ეძღვნებოდა საერთაშორისო ტერორისტების მოღვაწეობას საქართველოს პანკისისა და კოდორის ხეობებში.
მაგრამ ეს ღონისძიება არ გაიმართა… კრემლის დაჟინებული მოთხოვნით – აღნიშნავს “ვრემია მნ”. გაზეთის თქმით, ფრაქცია “ედინსტვოს” დეპუტატის ნიკოლაი ზელეპუხინის თაოსნობით გამართულ სხდომაზე უნდა განეხილათ ის მოვლენები, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კოდორის ხეობაში, აგრეთვე, სიტუაცია პანკისის ხეობაში, სადაც რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, დღეისათვის იმყოფება დაახლოებით 500-მდე შეიარაღებული ჩეჩენი.
შემდეგ “ვრემია მნ” წერს:

“გასაგებია, რომ ყველაფერი დასრულდებოდა საქართველოს ხელისუფლების მორიგი დადანაშაულებით საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში – სხდომაზე შემთხვევით როდი მიიწვიეს გაეროს, რუსეთის საგარეო უწყების, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, ამერიკის, ინგლისისა და საქართველოს ელჩები. მაგრამ მოულოდნელად ყველა მიწვეულს ბოდიში მოუხადეს სახელმწიფო სათათბიროდან სხდომის ვადის გადატანის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სხდომა საერთოდ არ შედგება.”

“ვრემია მნ”-ის ინფორმაციით, რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლუბოვ სლისკას დაურეკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და ანტიქართული ღონისძიების გაუქმება სთხოვა. ამის შემდეგ სლისკა შეეცადა, რომ ზელეპუხინს უარი ეთქვა თავის იდეაზე, მაგრამ ყველაზე დიდი ზეწოლა სამუშაო ჯგუფის მეთაურზე მოახდინა მისმა შეფმა - ფრაქცია “ედინსტვოს” მეთაურმა ვლადიმირ პეხტინმა, რომლის თქმით, კრემლი არ მიესალმება ამ თემის განხილვას პარლამენტში.

გაზეთის აზრით, აშკარაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლმა მიიღო ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომლის დროსაც მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პრინციპების შესახებ. როგორც “ვრემია მნ”-ს საქართველოს პრეზიდენტმა განუცხადა, ამ ხელშეკრულებამ უნდა მოხსნას ორი ქვეყნის უთიერთობაში არსებული ყველა პრობლემური საკითხი და საბოლოო ჯამში შესაძლებელი უნდა გახადოს სავიზო რეჟიმის გაუქმება.

საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს 6 დეკემბრის “ნეზავისიმაია გაზეტა”. ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა დიდი იმედი, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეპოქა დაიწყება. მისივე განცხადებით:

“ბოლო დროს ჩვენ გვქონდა შეგრძნება, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური ომი საქართველოს წინაღმდეგ. ყველაფერს, რაც კი ჩვენს რესპუბლიკაში ხდებოდა, რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცალმხრივად, მუქ ტონებში აშუქებდნენ. საუბრობდნენ ჩეჩენ ბოევიკებზე პანკისის ხეობაში, მაგრამ ჩქმალავდნენ იმას, თუ საიდან მოვიდნენ ისინი. უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ ქართველ მესაზღვრეებს, ამასთან ავიწყდებოდათ, რომ საზღვრის მეორე მხარეს რუსეთის მესაზღვრეები არიან. მე ვაცხადებ, რომ საქართველო არ უჭერს მხარს ჩეჩენ სეპარატისტებს, არ ეხმარება ბოევიკებს. მაგრამ ცალკეული შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული.”

ნინო ბურჯანაძის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მთავარი დაბრკოლება არის აფხაზეთის თემა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუ მოსურვებს, რუსეთს შეუძლია ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ნინო ბურჯანაძემ “ნეზავისიმაია გაზეტას” აგრეთვე განუცხადა, რომ “თუ რუსეთი გადადგამდა გარკვეულ ნაბიჯებს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოში, მაშინ, ცხადია, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები მკვეთრად შეიცვლებოდა უკეთესობისაკენ”.
XS
SM
MD
LG