Accessibility links

logo-print

საქართველოში საუკეთესო ინტერნეტ საიტების მესამე კონკურსი დასრულდა


„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ - სოროსის ფონდის ინიციატივით უკვე მესამედ მოეწყო საუკეთესო ქართული ინტერნეტ საიტების კონკურსი.

ამ გზით ფონდი ცდილობდა ხელი შეეწყო ინტერნეტში ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსების განვითარებისა და პოპულარიზებისათვის. სწორედ ვებ-კონკურსების წყალობით შეიქმნა უამრავი ქართული საიტი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და სერვისს სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ვებ-კონკურსი ნაკლებად რეკლამირებული იყო, მასში მონაწილე საიტების ხარისხი და რაოდენობა წინამორბედებს არაფრით ჩამოუვარდებოდა. ქართული ინტერნეტ-საზოგადოება მოუთმენლად ელოდა კონკურსის შედეგების გამოცხადებას. პროფესიონალების ნაწილი ინტერნეტ-კონფერენციებში აცხადებდნენ, რომ ჟიური ნაკლებად კომპეტენტურია და ამ მიზეზით უარს აცხადებდა კონკურსში მონაწილეობაზე. თუმცა 9 დეკემბერს, თეატრალურ სარდაფში გამართულმა, გამარჯვებული ვებ საიტების დაჯილდოების ცერემონიამ, კრიტიკოსთა პროგნოზები დიდად არ გაამართლა. აღმოჩნდა, რომ ჟიური იმ ტექნიკურ დეტალებშიც ერკვეოდა, რომელიც მის წინამორბედს მხედველობიდან გამორჩა.

კონკურსში სულ 4 ნომინაცია იყო და კიდევ სპეციალური პრიზები. პირველი კატეგორია არაკომერციული ორგანიზაციების საიტებს აერთიანებდა. თუმცა დაჯილდოების ცერემონიალის დამსწრეთა გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ კატეგორიაში პირველი პრიზი საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ვებ საიტს ხვდა წილად. ტელე-რადიო მაუწყებლობა სახელმწიფო სტრუქტურაა და დოტაციაზე იმყოფება, თუმცა იგი არაკომერციულ ორგანიზაციად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. როგორც ჩანს, ჟიურიმ მონაწილეთა ნაკლად მიჩნეული პრობლემა, კატეგორიებში საიტების არასწორი რეგისტრაციის ხშირი შემთხვევები, გაითვალისწინა და ტექნიკურად გამართული და ინფორმაციულად აქტუალური, ტელე-რადიო მაუწყებლობის საიტი შეუმჩნეველი არ დატოვა.

ამ კატეგორიაში მეორე ადგილი საექსპორტო სააგენტო „გეპას“ ვებსაიტმა, ხოლო მესამე ადგილი ცხოველთა დაცვის კომიტეტმა დაიკავა.

კომერციული ორგანიზაციების კატეგორია, როგორც ყოველთვის, გაცილებით ღარიბი იყო მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მასში პირველი პრიზი „არომა პროდუქტების“ დიზაინერულად დახვეწილმა და ინფორმაციულად მდიდარმა საიტმა მიიღო. მეორე ადგილი წილად ხვდა უკვე მსოფლიოში ცნობილ, პროფესორ ივა კუზანოვის პლასტიკური ქირურგიის კლინიკის ვებ-საიტს. მესამე პრიზი კი სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” საიტის ავტორმა დაიმსახურა.

ცხოველი კონკურენცია იყო გაჩაღებული საინფორმაციო რესურსების კატეგორიაში. აქ პირველი პრიზი ქართულენოვან ვებ კატალოგს - საძიებო სისტემა „ჯეოლინკს“ ერგო წილად. „ჯეოლინკი“ შექმნილია უნიკოდის სტანდარტის ქართული ფონტების გამოყენებით, რაც ახალი თაობის ოპერაციული სისტემების, Windows 2000-სა და Windows XP-ს მფლობელებს, კატალოგთან ქართულად ურთიერთობას უადვილებს. თუმა ჯეოლინკის ავტორებმა არც ძველი ”ვინდოუზების” მომხმარებლები დაივიწყეს და საძიებო სისტემა აღჭურვეს ტექნოლოგიით, რომელიც საიტთან ქართულად სამუშაოდ, არ საჭიროებს ოპერაციულ სისტემაში დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას.

მეორე ადგილზე გავიდა სამუშაო ადგილებისა და ვაკანსიების საძიებო საიტი, ხოლო მესამე პრიზი ავტობაზარმა დაიმსახურა.

პერსონალური საიტების კატეგორიაში ალექსანდრე ვარვარიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ვებში საკიუთარი გრაფიკული ნამუშევრები გამოაქვეყნა. მეორე პრიზი წილად ხვდა ინტერნეტ გაზეთ „ექოს“, რომელსაც ფინეთში მცხოვრები გოჩა ბახია გამოსცემს. მესამე ადგილი კი ირაკლი ფაღავას პერსონალურმა ვებ გვერდმა დაიკავა.

კონკურსში ასევე დაწესებული იყო სპეციალური პრიზები, რომლებიც საუკეთესო დიზაინისა და ტექნიკურად გამართულ საიტებს მიეკუთვნა. მათ შორის გამოირჩევა თბილისის სამარშუტო ტაქსების საძიებელი და ელექტრონული კომერციის საიტი „ქართული კარიბჭე“. ეს უკანასკნელი ემიგრაციაში მყოფი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრის ბესო გუგუშვილის შვილებმა, ჰელსინკის ბიზნეს კოლეჯის სტუდენტებმა - პაატამ და ზურაბმა შექმნეს.

კონკურსის შედეგებით აშკარა უკმაყოფილება ერთად-ერთმა, ქართულ ინტერნეტში ჰაკერად ცნობილმა ალეკო ახალაიამ ზედმეტსახელად „სლოტმა“ გამოხატა. რომელიც სასამართლოში ჩივილითა და მაკომპრომეტირებელი მასალის გამოქვეყნებითაც კი დაემუქრა კონკურსის ორგანიზატორებს. მას კონკურსში ქართული ჰანგების საიტი ჰქონდა წარდგენილი, რომელიც საავტორო უფლებების დაცვის გარეშე ავრცელებს ქართულ მუსიკალურ ფაილებს.

იმის მიუხედავად, რომ სოროსის ფონდის ვებ კონკურსი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ინტერნეტის განვითარებას, შესაძლოა მომავალ წელს აღნიშნული პროექტი დაფინანსების გარეშე დარჩეს.
XS
SM
MD
LG