Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროს საუკუნე


დღეს არავინ უარყოფს, რომ ქართული კინოს ისტორიის ყოველი პერიოდი თავისი მიღწევებით გამოირჩეოდა.

მაგრამ იმასაც ერთხმად აღნიშავენ, რომ ეროვნული კინოს ნამდვილი აღორძინება მაინც 60-იანი წლების მიწურულსა და 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა, სწორედ იმხანად, როცა საბჭოთა კინოში კრიზისი დაიწყო, მსოფლიო კინემატოგრაფში კი შედევრები იქმნებოდა. 70-იანი წლების დასაწყისში ქართული კინოს აღმავლობა მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს დაემთხვა. ზუსტად 30 წლის წინ ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, რომლის შესახებ “ოქროს საუკუნის” დღევანდელ პროგრამაში ვისაუბრებთ.

“არა, არა, ოთარ, შენ გიყვარს შენი გია!” – ასე მიმართა რუსმა მწერალმა ვიქტორ ნეკრასოვმა ოთარ იოსელიანს წერილში “იოსელიანი იოსელიანის წინააღმდეგ”, რომელიც იმხანად ეკრანებზე ახლადგამოსულ ფილმს, “იყო შაშვი მგალობელს” მიეძღვნა. ახალი ქართული ფილმით აღფრთოვანებული ვიქტორ ნეკრასოვი რეჟისორის გულწრფელობამ დააეჭვა – იოსელიანი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ გადაიღო ფილმი ადამიანზე, რომელიც წვრილმანებზე ხარჯავს თავის ენერგიას, უაზროდ კარგავს დროს. ნეკრასოვმა იოსელიანს უსაყვედურა: “ამას რატომ ამბობ? შენი ფილმი ხომ სულ სხვას ამტკიცებს, შენ ხომ ძეგლს უდგამ შენს გიას, სწორედ იმიტომ, რომ იგი უაზრო დროს აზრიანად კარგავსო.”

ვიქტორ ნეკრასოვს დასაკარგი არაფერი ჰქონდა. დისიდენტი მწერალი ხელისუფლებასთან გართულებული ურთიერთობის გამო 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირიდან გასამგზავრებლად ემზადებოდა. როცა იოსელიანის გმირზე წერდა “უაზრო დროს კარგავსო”, იგი რა თქმა უნდა 70-იანი წლების საბჭოთა სინამდვილესაც გულისხმობდა. საბჭოთა 60-იანელთა ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა, 60-იანელთა იდეების აქტიური პროპაგანდისტი, ვიქტორ ნეკრასოვი ხედავდა, რომ საბჭოთა ტანკების პრაღაში შესვლის შემდეგ, 60-იანელთა იდეალები, მათ შორის “აზრიან ცხოვრებასა” და ეგრეთ წოდებულ “ადამიანურ” თუ “ზნეობრივ სოციალიზმზე” ოცნება ფუჭი აღმოჩნდა. “უაზრო დრო” – “უაზრო სინამდვილე” იყო, საიდანაც გარბოდა ოთარ იოსელიანის გმირი – გარბოდა ყველასგან, და, ამავე დროს, ყველასთან იყო. მას არ შეუძლია კონცენტრაცია, იმიტომ რომ თავად ატარებს საკუთარ თავში “ცხოვრების დინებას”. იგი ტელესკოპში იყურება და იქიდან თავის მშობლებს, სახლს, ანუ, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც უყურებს. შეიძლება ამ ეპიზოდში თავის მოახლოებულ აღსასრულსაც ხედავს. იოსელიანის გმირი, გია აღლაძე ხომ არა მარტო ინახავს, ატარებს “ცხოვრების დინებას”, არამედ თავისი ხანმოკლე ცხოვრებით იგი, შესაძლებელია ამ მართლაც უაზრო, ზედაპირულ მაგრამ მჩქეფარე, ადამიანური ურთიერთობებით აღსავსე სამყაროს დასასრულს გამოხატავს. იგი მხოლოდ ერთ-ერთი არსებაა ცხოვრების ამ ნაკადში, ერთი ნოტა ცხოვრების უზარმაზარ მუსიკალურ კომპოზიციაში. მისი როლი სწორედ დოლზე დაკვრაა და ამას იგი ჩინებულად ასრულებს – ყოველთვის უსწრებს თავის პარტიას ორკესტრში.

“იყო შაშვი მგალობელი” რა თქმა უნდა შემთხვევით არ ეძღვნება მუსიკოსის ცხოვრებას. პირველი პროფესიით იოსელიანი მუსიკოსია და მათემატიკოსი. ანუ მუსიკა მისთვის მართლაც მათემატიკის იდენტურია. კინო კი ერთდროულად მუსიკაცაა და მათემატიკაც, თავისებური ფუგაა. იმის მსგავსი, რასაც ბახი ასწავლიდა მოწაფეებს, ასწავლიდა, მიდგომოდნენ ინსტრუმენტულ ხმებს, როგორც პიროვნებებს, ხოლო მრავალხმიან ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, როგორც საუბარს ამ პიროვნებებს შორის. თანაც მოითხოვდა, რომ ყოველ მათგანს თავის დროზე ელაპარაკა და თუ არაფერი ჰქონდა სათქმელი, ჯობდა ჩუმად ყოფილიყო და თავის რიგს დალოდებოდა.

“იყო შაშვი მგალობელი” არა მარტო სტრუქტურით ჰგავს ფუგას, რომელშიც რამდენიმე თემა უპირისპირდება ერთმანეთს, წინააღმდეგობა თავად ფილმის ავტორის პოზიციაშიაა. ერთის მხრივ, ფილმი გვახსენებს, რომ “ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მოჩვენებით საქმეებზე არ უნდა დაიხარჯოს”, მეორეს მხრივ კი, პირიქით, ამ მოჩვენებითი საქმეების მშვენიერებას, “ცალკეული” ხმების ერთიანობას და ჰარმონიას გამოხატავს – იოსელიანის ამ ერთი შეხედვით ქაოტურ ცხოვრების ნაკადში ხომ მიმიკისა და ჟესტის ნამდვილი ბალეტი იქმნება, ყველაფერი იქცევა ჟესტად და სწორედ ჟესტის ენა ხდება გამომხატველი ჰარმონიისა, სულ ერთია, რაოდენ ზედაპირულიც არ უნდა იყოს იოსელიანის პერსონაჟების ურთიერთობა. “იყო შაშვი მგალობელში” ცხოვრება მართლაც შემოქმედებაა, ესაა ფილმი ადამიანთა ურთიერთობების ხელოვნებაზე.

30 წლის წინ ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელი” ეკრანებზე გიორგი შენგელაიას “ფიროსმანთან” ერთად გამოვიდა. იმხანად თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ორივე ფილმში ხელოვანი წარმოდგენილი იყო არა როგორც ხალხის რჩეული (სწორედ ასე იხატებოდა შემოქმედის სახე საბჭოთა კულტურაში), არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც შემოქმედება არა მარტო ბედნიერება, არამედ მძიმე ჯვარიცაა. შემთხვევით არა ჟღერს “იყო შაშვი მგალობელში” ბახის პასიონი, “მათეს ვნებანის” მელოდია – “არა იმდენად მელოდია, არამედ მელოდიის მოლოდინი”, როგორც შენიშნა მაშინ ერთმა რეცენზენტმა. ბახის მუსიკა ფილმის პირველივე ეპიზოდში ისმის, როცა გია, სანამ ქალაქელთა ფორიაქს შეუერთდებოდეს, წევს ბალახზე, ხის ქვეშ, ჩანჩქერთან ახლოს. შემდეგ ეს მელოდია კიდევ რამდენჯერმე აჟღერდება და ისევ გაწყდება. ეს მელოდია არასდროს დასრულდება, რადგანაც “იყო შაშვი მგალობელი” არის ფილმი არშემდგარ ხელოვანზე, და, ამავე დროს, ფილმი ცხოვრებისა და ხელოვნების, ადამიანური ურთიერთობების უსასრულობაზე. სწორედ იმ უსასრულობაზე, რომლის დანახვა სურს გიას ტელესკოპში.

(მუსიკა. ბახის პასიონი)

გია აღლაძეს არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიჰყავს, რადგან საქმის დასასრული თავისთავად ნიშნავს სიცოცხლის შეწყვეტას, თუ გნებავთ “უძრაობის ხანის” დაწყებას. ოთარ იოსელიანის ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ ახალგაზრდა მუსიკოსის განუწყვეტელი არსებობა უსასრულობაში იკითხება როგორც ჩაკეტილობიდან თავის დაღწევა, ხელოვანი ადამიანის მუდმივი თვითდამკვიდრება. გია აღლაძე მხოლოდ “ამ წამში” ცხოვრობს, იგი, ერთი კრიტიკოსის მშვენიერი განსაზღვრებისა არ იყოს როგორც “ესთეტიკური ადამიანი”, არ იქცევა პრაქტიკულ ადამიანად, რომელიც “უძრაობას” ეგუება და მარიონეტად იქცევა. გელა კანდელაკი, რომელიც გია აღლაძის როლს ასრულებს, საოცრად თბილი მზერით აცოცხლებს იოსელიანის ფილმის ამ მათემატიკურად გამოთვლილ სტრუქტურას და თავადაც არ ემორჩილება ავტორის რეჟისორულ სისტემას. პრინციპში, საკმაოდ რაციონალურსა და კარგად დაანგარიშებულს. გია აღლაძე არსებობს მხოლოდ თავისუფალ ურთიერთობაში, რომელიც მადლია ადამიანებისთვის და ბედნიერება ხელოვნებისთვის. საქართველოში, იმხანად, როცა ოთარ იოსელიანი “შაშვს” იღებდა, მჟავანაძის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა. სწორედ იმ მჟავანაძისა, რომელმაც პირადად აკრძალა იოსელიანის “გიორგობისთვე”, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სურათი მოსკოვში მიიღეს, ეკრანებზე დაუშვა. პრინციპში 70-იანი წლების დასაწისში საქართველოში უკვე იყო “ზასტოი”, ანუ “უძრაობის ეპოქა’. იოსელიანმა ფილმი საათის ციფერბლატით დაამთავრა. ერთადერთი ახლო ხედით, რომელიც გიას დაღუპვის შემდეგ გაჩნდება ეკრანზე. გამოდის, რომ უსასრულობაში, ანუ უდროობაში მცხოვრები მუსიკოსის სიკვდილი – მსხვერპლად შეწირვა იყო.

1971 წელს, როცა “იყო შაშვი მგალობელი” ეკრანებზე გამოვიდა და როცა დაიწყო კამათი თავად იოსელიანის პოზიციაზე, მხოლოდ ერთმა, ისიც მოსკოველმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ფილმით ქართველმა რეჟისორმა ხელოვნების გარკვეული კონცეფცია გამოხატა: კინემატოგრაფი, მუსიკა, საერთოდ, ხელოვნების ყველა დარგი, და თუ გნებავთ იდიალური ქართული სუფრა, ტერორისტი თამადის გარეშე, არის თავისუფალი ურთიერთობა ადამიანსა და ადამიანს შორის, თანასწორობისა და თანაარსებობის საფუძველზე, პროფესიონალური შეზღუდვისა და საზღვრების გარეშე. ხელოვნება არ უნდა იდგეს სინამდვილეზე მაღლა. ხელოვნება სინამდვილეს უნდა ერწყმოდეს. მოსკოველი ინტელექტუალები სწორედ ამან აღაფრთოვანა ფილმში ყველაზე მეტად. იმხანად მათ სპექტაკლები დაუხურეს, ფილმები თაროებზე შემოუწყვეს, რომანები აუკრძალეს. ურთიერთობა, სწორედ ის ურთიერთობა, რომელსაც იოსელიანის ფილმში თბილისის ცენტრში ვხედავთ, მათ მხოლოდ მოსკოვის სამზარეულოებში შეეძლოთ. აქ ისინი მაღალ იდეალებზე საუბრობდნენ, ან, უბრალოდ, საბჭოთა კავშირიდან გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. 30 წლის წინ საბჭოთა კულტურაში დაიწყო ახალი ეპოქა, რომლის შესახებ ერთი კვირის შემდეგ, “ოქროს საუკუნის” შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG