Accessibility links

იაპონური იენების ბანკი სვანეთში


სოზარ სუბელიანი თბილისის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი, რომელიც გასულ წელს სვანეთში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა, გაოცებული დარჩა, როცა მეზობლის ბიჭებმა მას საკმაო რაოდენობით იაპონური იენების გადახურდავება სთხოვეს.

მისი გაოცება გასაგები იყო, რადგან იენა ერთ-ერთი იმ ვალუტათაგანია, რომლის დახურდავება თვით დედაქალაქის ბანკებსაც იშვიათად უწევთ. ბანკის თანამშრომელმა არ იცოდა, რომ სწორედ იმ პერიოდში სვანეთში პირწმინდად გაძარცვეს იაპონელი ტურისტების მოზრდილი ჯგუფი.

არანაკლებ ტრაგიკული იყო ამავე ტურისტული ჯგუფის მეორე ნაწილის ბედი, რომელიც ხიფათს დედაქალაქში გადაეყარა – ტრამვაი, რომელსაც მთაწინდაზე უნდა აეყვანა ამომავალი მზის ქვეყნის შვილები, ჩამოწყდა და დაბეგვილ-დამტვრეულ სტუმრებსაც საქართველოს ღირსშესანიშნაობათა ნაცვლად თბილისის საავადმყოფოების მონახულებამ მოუწიათ.

ამგვარი თავგადასავლის შემდეგ იაპონელი ტურისტები, ალბათ, კარგა ხნით დაკარგავენ საქართველოს მონახულების სურვილს, მაგრამ სამაგიეროს პოვნა მათ არ გაუჭირდებათ. ამავეს ვერ ვიტყვით საქართველოს იმ მოქალაქეებზე, ვისაც ქვეყნის დატოვების არც შესაძლებლობა აქვთ და, ზოგჯერ, არც სურვილი. რამდენადაც მთაწმინდაზე აღარც ტრამვაი დადის და აღარც საბაგირო, მსგავსი ტრაგედიებიც ძნელად თუ განმეორდება, სამაგიეროდ, სვანეთის მოსახლეობა, იაპონელებისგან განსხვავებით, იძულებულია, ყაჩაღებთან თანაცხოვრებას შეეგუოს, რადგან, არც წასასვლელი აქვს სადმე და არც ხელისუფლება ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე.

შემთხვევა, რომელიც 2 დეკემბერს მოხდა, სვანეთისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა, რეზო ცინდელიანი, რომელიც ამ დღეს თავისი ავტობუსით ჭუბერი-ზუგდიდის რეისს ასრულებდა, ყაჩაღებმა პირველად გააჩერეს.

[რეზო ცინდელიანის ხმა]. “იმხელა სიკეთეს ვაკეთებ ხალხში, რომ ძალიან იმედი მქონდა, რომ ჩემსკენ კაცი არ დაიძვრებოდა ცუდ ამბავზე, ამის იმედი მქონდა, მაგრამ ის სიტყვა და ის საქმე. აწი რა ვიცი, აქამდე კი მქონდა მუშაობის ხალისი, მაგრამ ახლა ძალიან ამიცრუვდა გული, მართალი გითხრათ.”

რეზო ცინდელიანი მარტო არ არის, ვისაც ყოველდღიური ყაჩაღობა მომავლის იმედსა და ცხოვრების ხალისს უკარგავს. მით უმეტეს, რომ იმ დღეს, ორ დეკემბერს ხალხით სავსე მისი ავტობუსი ორჯერ გაიძარცვა. პირველი შემთხვევა მოხდა სვანეთში, სოფელ ხაიშიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სადაც ავტომატებით შეიარაღებულმა ორმა ყაჩაღმა სროლა აუტეხა ავტობუსს. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ტყვია ავტობუსსაც მოხვდა, მძღოლი იძულებული გახდა, ავტობუსი გაეჩერებინა. თავად ბატონი რეზო ასე აღწერს მომხდარს:

[რეზო ცინდელიანის ხმა]. “ახლა მე მითხრეს – აბა, შეაგროვეთ ფული, 2000 მაინცო. მე გამეცინა, კაცო, 2000 ლარს სახლ-კარი რომ გავაყიდინოთ, მაშინაც ვერ შეაგროვებენ-მეთქი. ჰოდა, კარგი, რამდენიც აქვთ, ის აუცილებლად დადონო. პირადად შენ რამდენი გაქვსო და ჯიბეზე მტაცა ხელი. მე აქიდან ხალხი ფულს მატანს ხოლმე – ხან შაქარი ამომაქვს, ხან ფქვილი, ხან რაღაცა და იმ დღესაც მქონდა სამი ტომრის ფული. ავიღე ეს ფული და დავდევი – აჰა, რაცა გვაქვს, ეს არის-მეთქი. მერე ხალხს დაუწყეს, აბა დადევით, ვის გაქვთ ფულიო. გამოდიოდნენ – ზოგი 10 ლარს დებდა, ზოგი – ხუთს, ზოგი – ოცს, ერთ ბიჭს 50 ლარიც დაუდია. ერთი სიტყვით, შეგროვდა ეს ფული, რამდენიც იყო, რაც იყო. მაგრამ ერთ ქალს გული წაუვიდა, ძლივს მოვასულიერეთ, შემდეგ მეორეს, მესამეს, სამი ქალი გორაობდა, გრძნობა დაკარგეს, რა. ბავშვები ხელში ჰყავდათ, ისე გამოდიოდნენ და ისე დებდნენ იქ ფულს. მერე დაგვიწყეს კიდევ, პაპიროსი დატოვეთო. პაპიროსი აღმოაჩნდა ერთ კაცს, და… უფილტრო არ გვინდა, ფილტრიანი მოგვეცითო… ჰოდა, დავშორდით რამეფრად იმ ადგილს…”

ადგილიდან დაძვრა დიდი შეღავათი არ გამოდგა, რადგან დაბა ჯვართან მიახლოებისას ავტობუსი უკვე ხუთმა ავტომატით შეიარაღებულმა ნიღბოსანმა გააჩერა.

[რეზო ცინდელიანის ხმა]. “აქ გაგვაჩერეს – აბა, ახლა, ვის რამდენი გაქვთო. მე ვუთხარი, ვეხვეწები, კაცო, რა გვექნება, ამ წუთში დაგვაყაჩაღეს-მეთქი. აუ, რას ტყუიხარო, დამიწყეს ახლა შეშინება. აი, შეხედეთ-მეთქი ნატყვიარს. ნატყვიარი რომ დაინახეს, ცოტა მოლბნენ, კი, უფრო მორბილდნენ, მაგრამ თავისი საქმე მაინც გააგრძელეს. ქალებსაც წაართვეს ხელჩანთები, ჩანთებიც ჩამოუტანიათ ავტობუსიდან, მე მთხოვეს ფული, მაგრამ მე გადავაბრუნე – არა, თვითონ გადმომიბრუნეს – ჯიბეები – არ მქონდა არაფერი მისაცემი მეტი. ჩემს შვილს ჰქონია 30 ლარი სადღაც, ის წაართვეს, ქურთუკი წაართვეს. მგზავრებიდანაც ერთი ვაჟკაც კაცს ქურქი გახადეს და წაიღეს და ბევრი ასეთი რაღაცეები…”

2 დეკემბრის შემთხვევა ერთგვარად გამონაკლისი გამოდგა, რადგან ხაიშის პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა და ერთ-ერთი ყაჩაღი მეორე დღესვე დაიჭირა. რაც შეეხება ჯვრის პოლიციას, რომლის ზონაშიც მეორე ყაჩაღობა მოხდა, მან ეს ამბავი ყურადღების მიქცევის ღირსად არ მიიჩნია:

[რეზო ცინდელიანის ხმა]. “ჯვარში რომ ჩავედით, იქ ინსპექციას ვთხოვეთ – ტეკი არის, ავტომატიანები იდგნენ… კაცო, ის ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ პოსტს ვერ დავტოვებთო – არაფრად ჩაგვაგდეს.”

სვანეთში შექმნილია ერთგვარი კრიმინალური ნაკრძალი, სადაც დამნაშავე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ისჯება. პოლიცია, როგორც წესი, ან დამნაშავეებს მფარველობს, ან თავად მონაწილეობს დანაშაულის ჩადენაში. მაგალითად, გასულ აგვისტოში დაკავებული იქნა ორი პოლიციელი, რომლებსაც ბრალი პოლიციის შენობიდან მთელი რაიონის პოლიციის ხელფასის სეიფიანად გატაცებაში ედებოდათ. უფრო ადრე, 2001 წლის 28 ივნისს ყაჩაღებმა რაიონის მთელი ორი თვის პენსიები და ხელფასები გაიტაცეს. არსებობს ეჭვი, რომ პოლიცია ამ გატაცებაშიც მონაწილეობდა, მაგრამ საქმე დღემდე ვერ გაიხსნა. შედეგად ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, რომელთა ერთი ნაწილი, სოფელ ჭუბერის საშუალო სკოლის დირექტორის, ნატო სუბელიანის თქმით, მხოლოდ ხელფასზე ცხოვრობს:

[ნატო სუბელიანის ხმა]. “2500 კვადრატულ მეტრზე ცხოვრობს ეს ოჯახები, ისინი მოსამსახურე ოჯახებად ითვლებოდნენ საბჭოთა პერიოდში, სხვა მიწა და საარსებო მათ არ გააჩნიათ, რომ, დავუშვათ, პირადი მეურნეობიდან რაიმე სხვა შემოსავლით ისარგებლონ და, ფაქტობრივად, ეს ოჯახები არიან მაცქერალი ამ ხელფასის…”

უხელფასოდ დარჩენილი მასწავლებლები გაიფიცნენ, რასაც რაიონში განათლების მინისტრის ჩასვლა და დაპირება მოჰყვა – ზაფხულის ხელფასებს აუცილებლად დაგირიგებთო, მაგრამ დაპირება ვერ შესრულდა – ფინანსთა სამინისტრომ უარი თქვა ფულის გადარიცხვაზე – ჩვენ ჩვენი წილი გადავრიცხეთ, ხოლო “აგრობანკმა” თუ ფული დაკარგა, ეს ჩვენი პრობლემა არ არისო. პირობა ცალკე პრეზიდენტმაც დადო – სახელმწიფომ თუ ფული ვერ დაიცვა, ხალხის რა ბრალიაო და დაკარგულ ფულს – 180 ათას ლარს პრეზიდენტის ფონდიდან ავანაზღაურებო, მაგრამ პირობა არც მან შეასრულა.

მთლიანად, რაიონის წლიური ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს ძლივს აღწევს, საიდანაც ლომის წილი – დაახლოებით 800 ათასი ლარი ტრანსფერზე მოდის. ტურიზმი, რომელიც რაიონის შემოსავლის მთავარი წყარო შეიძლება გამხდარიყო, კრიმინოგენული ვითარების გამო, პრაქტიკულად, გაჩერებულია. არადა, ინტერესი სვანეთისადმი იმდენად მაღალია, რომ დღესაც კი, ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში, თუ წესრიგი დამყარდება, ტურიზმი სერიოზული შემოსავლის წყაროდ იქცევა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიუჯეტისთვის.

ერთადერთი სფერო, სადაც ხალხის გარკვეული ნაწილია დასაქმებული, ხე-ტყის ბიზნესია, მაგრამ აქაც ერთეულები მუშაობენ. რაიონულმა საგადასახადო სამსახურმა ადგილობრივ საკრებულოებს უფლება არ მისცა, ხე-ტყის დამუშავებაზე თუნდაც მინიმალური მოსაკრებელი დაეწესებინათ.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: მთის კანონის თანახმად, კლასი მაშინაც ნარჩუნდება, როცა იქ 10 მოსწავლეზე ნაკლებია. ეს შეღავათი ჯერ არ ამოქმედებულა, რაც სვანეთში ბევრ სკოლას უქმნის სიძნელეს. მათ შორის ჭუბერის სკოლაცაა, თუმცა, არსებობს გამონაკლისი წლები:

[ნატო სუბელიანის ხმა]. “მოსწავლე 112 ბავშვია. მერყეობს ხოლმე, 107-დან 129-მდე გვყოლია. ყველაზე ბევრი 1993-94 სასწავლო წლებში გვყავდა 129-130 ბავშვი, როდესაც ლტოლვილთა შემადგენლობით შეივსო კლასები. წელს ისეთი მკვეთრი მატება იყო პირველ კლასში – 1993 წელს ჭუბერში ჩამოსული ახალი სახეები უკვე ახალი ოჯახების შექმნის საფუძველი გახდა და წელს, განსხვავებით სხვა წლებისგან, 13 პირველკლასელი მივიღეთ. სხვა წლებში იყო 10, 9, 8… 5 და 6 მოსწავლეც იყო…”
XS
SM
MD
LG