Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ასლან აბაშიძე ოფიციალურად დანიშნა თავის წარმომადგენლად


თამარ ჩიქოვანი ერთი თვის წინათ, ბათუმში ყოფნისას, საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე საკუთარ წარმომადგენლად აჭარის ავტონომიის მეთაურის დანიშვნის შესახებ.

ოფიციალურად ეს ინიციატივა მხოლოდ 11 დეკემბერს გაფორმდა.

11 დეკემბრის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნის შესახებ. კონფლიქტის მხარეების რეაქცია ამ დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ფრთხილია. როგორც სააგენტო “ინტერ-პრესს” განუცხადა თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების ლიდერის ვლადისლავ არძინბას მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ასტამურ ტანიამ, იგი აფხაზეთის კონფლიქტში ასლან აბაშიძის ჩართვით რაიმე პრონციპული ხასიათის ცვლილებებს არ ელის. ასტამურ ტანია არ გამორიცხავს, რომ ადამიანური ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით, შესაძლოა, აბაშიძის მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში პოზიტიური აღმოჩნდეს, რადგან აჭარის ლიდერი სამხედრო კონფლიქტის მიმართ თავიდანვე თავშეკავებულ პოზიციას ავლენდა. ამავე დროს, არძინბას თანაშემწის განმარტებით, მოლაპარაკებებზე აჭარის ლიდერი აფხაზეთის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებში პრეზიდენტ შევარდნაძის იმ იდეების გამხმოვანებელი და გამტარებელი იქნება, რომლის არსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისთვის ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭებას არ სცილდება. ასეთი პოზიცია კი, ასტამურ ტანიას განცხადებით, სოხუმის ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის წარმომადგენლად ასლან აბაშიძის დანიშვნას მიესალმება საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, რომელსაც კონფლიქტის მოგვარებაში ასლან აბაშიძის პოლიტიკური პოტენციალის იმედი აქვს.

ამ კომენტარების მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა უფლებამოსილებები მიენიჭა ასლან აბაშიძეს მოლაპარაკებების წარმართვისას. თავის დროზე, როცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მხოლოდ ინიციატივის დონეზე გამოთქვა სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ასლან აბაშიძის ჩართვის თაობაზე, მან განაცხადა, რომ აფხაზეთის დაბრუნებისთვის ყველა გზა და ხერხი უნდა იყოს გამოყენებული და რომ მან ურჩია აბაშიძეს, მიიწვიოს აფხაზეთის ხელმძღვანელები, რათა მათ საკუთარი თვალით იხილონ, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოში რისი მიღწევაა შესაძლებელი სულ რაღაც 2-3 წელიწადში. ციტატა პრეზიდენტის 5 ნოემბრის ბრიფინგიდან: “ბატონ ასლან აბაშიძეს აქვს გარკვეული შანსები იმისთვის, რომ იმუშაოს აფხაზეთის ხელმძღვანელებთან და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას, იმ საკითხის მოგვარებას, რასაც ჰქვია აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა ერთიან და განუყოფელ საქართველოში.”

სხვათა შორის, აქამდე ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას, როგორც წესი, სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობდა ხოლმე. და თუ ამიერიდან ოფიციალური თბილისის ინტერესების დაცვა მოლაპარაკებებზე ასლან აბაშიძის ფუნქციაში გადადის, ამით მომავალ სახელმწიფო მინისტრს მძიმე ტვირთი ჩამოშორდება, რადგან, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ფაქტია: მხოლოდ, ასე ვთქვათ, “ადამიანური რესურსებით” ამ კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობა თითქმის ნულამდეა დასული.
XS
SM
MD
LG