Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინოწმინდაში მომხდარი ინციდენტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს


ნინოწმინდაში სომეხი ეროვნების ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად 15-მდე პირი დაშავდა.

ინციდენტი პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგლა ბარამიძის ინფორმაციით, გამორიცხულია ის პოლიტიკური მოტივის ყოფილიყო. ბარამიძის ვარაუდით ჩხუბი შესაძლოა ადგილობრივი პოლიციიდან დათხოვნილების პროვოცირებით მომხდარიყო. ინციდენტის მიზეზებს სამხარეო პროკურატურა იძიებს. ასე რომ, პრეზიდენტის რწმუნებულის განმარტებების მიხედვით, მას ქართულ-სომხურ ურთიერთობაში ჩრდილის შეტანა არ შეუძლია. ამ ურთიერთობას მეგობრულს და სანიმუშოს უწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება.

ნინო ბურჯანაძე ერევანში მატარებლით გაემგზავრა. სომხეთში მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პირველი ოფიციალური ვიზიტი 11 დეკემბერს, სომხეთის ეროვნულ კრებაში შეხვედრებით დაიწყო. ოთხშაბათს ბურჯანაძეს სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს.

ერევანში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს და სომხეთის ურთიერთობას უაღრესად მეგობრული უწოდა. საქართველოს და სომხეთის მეგობრულ ურთიერთობას პრეზიდენტიც შეეხო თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, როცა ჩვენს ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას თქვა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა მზად არის ექსტრემალურ სიტუაციაში საქართველოს ელექტროენერგია მიაწოდოს. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს.

როგორც სააგენტო “კავკას-პრესი” იუწყება, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ კმაყოფილება გამოთქვა, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სომხეთში სტრუმრობის გამო და მასთან შეხვედრისას დაადასტურა ოფიციალური სომხეთის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებით. თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა სომხეთის პოზიტიურ როლს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. მისი განცხადებიდან გამომდინარე სომხეთის ეს პოზიტიური როლი იმაში გამოიხატება, რომ მეზობელ ქვეყანას, რომელიც უაღრესად არის დაინტერესებული აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო ხაზის გახსნით, ეს დაინტერსება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის არასდროს გამოუყენებია. ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გახსნის საკითხს მაშინ განიხილავს, როცა დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პრობლემა გადაწყდება. ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ სომხეთს შეუძლია განახორციელოს აფხაზებზე ზეწოლა, დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების მიღწევის მიზნით, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედება უნდა მოჰყვეს. მან თავის სომეხ კოლეგას განუმარტა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება სომხეთის და აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგებაში.

ცნობილია, რომ სომხეთი ყოველთვის ცდილობს საქართველოში სომხური დიასპორის უფლებები დაიცვას. იქიდან საკმაოდ მწვავე რეაგირება მოჰყვა ამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე
დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას. სომხეთის პარლამენტარება ქართველი პარტიზანები აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების დევნაში დაადანაშაულეს. მსგავსი გამოხმაურება არ შეიძლება მოჰყვეს ამ ორიოდე დღის წინ ნინოწმინდაში მომხდარ ინციდენტს, სომეხი ეროვნების ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც ხელყუმბარა ააფეთქეს, რის შედეგადაც 15-მდე პირი დაშავდა. ადგილობრივმა პოლიციამ სიტუაცია დროულად განმუხტა.
სხვადასხვა სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეტაკების მიზეზებს გამოძიება ადგენს. დღესდღეობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ინციდენტის პოლიტიკასთან დაკავშირების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ნინოწმინდის პოლიციის მახლობლად მომხდარი, შესაძლოა ამავე პოლიციიდან დათხოვნილი პირების პროვოცირებით მომხდარიყო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგლა ბარამიძის განმარტებით, შეტაკების პერიოდში ნინოწმინდაში სიტუაცია იმდენად იყო დაძაბული, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა სამხედრო ნაწილის მობილიზებაზეც კი ფიქრობდა. ჩხუბის დროს დაშავებულებს ნინოწმინდის საავადმყოფოში მკურნალობენ.
XS
SM
MD
LG