Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალისტური პარტია ენერგო მაფიასთან კავშირს უარყოფს.


სოციალისტთა საპარლამენტო ფრაქცია ერთადერთი იყო, რომელმაც პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილ დავით მირცხულავას ხმა არ მისცა.


სოციალისტები მირცხულავას ენერგეტიკაში არსებული პობლემების გამო უპირისპირდებიან. საზოგადოების ნაწილი კი თვლის, რომ მათ შორის დაპირისპირება ენერგეტიკაში კერძო ინტერესთა კონფლიქტითაა გამოწვეული. ყურადღება მახვილდება სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრის მიერ მცირე ჰიდროელექტროსადგურების თითქოსდა უკანონო პრივატიზების ფაქტებზე.

11 დეკემბერს სოციალისტთა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ირაკლი მინდელმა პრეს-კონფერენცია მიუძღვნა იმის მტკიცებას, რომ მათ - სოციალისტებს - ელექტრომაფიასთან საერთო არაფერი აქვთ. მინდელს ამ განმარტებების გაკეთება კვირას 9 დეკემბერს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთში“ გაშუქებულმა მასალამ აიძულა.

„60 წუთში“ ნაჩვენები იყო „ალაზანჰესის“ აქციონერთა - ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია. მათ ჰიდროელექტროსადგურის ახალ მესაკუთრეს, ბიბილურს, სადგურში შესვლის საშუალება არ მისცეს, რადგან თვლიან, რომ პრივატიზება კანონის დარღვევით განხორციელდა. გადაცემაში ბიბილური სოციალისტური პარტიის წევრად დასახელდა. ასევე მოხსენიებული იქნა სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის სიმამრი, რომელიც 5 მცირე ელექტროსადგურის მფლობელი კანონდარღვევით გახდა და ასე შემდეგ.

ირაკლი მინდელმა განაცხადა, რომ მათი გაჩუმება სურთ და ამიტომ უმნიშვნელო 2 მეგავატი სიმძლავრის სადგურების გამო ედავებიან. მისივე განმარტებით ერთი დღე მოანდომა ალაზანჰესის ახალ მესაკუთრესთან დაკავშირებას, რადგან ის სოციალისტური პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. იქვე დასძინა, ბიბილურმა ჰესის პრივატიზება კანონის დაცვით განხორციელდაო.

რადიო თავისუფლებამ არაერთი გადაცემა მიუძღვნა ალაზანჰესის კანონიერი მესაკუთრის უფლებების შელახვასა და მისთვის ჰესის უსამართლოდ ჩამორთმევის ფაქტს, ამიტომ მასზე ყურადღებას აღარ შევაჩერებ. აღვნიშნავ, რომ ბიბილური ერთ-ერთი პარტნიორია იმ ჰიდროელექტროსადგურში, რომელშიც რჩეულიშვილის სიმამრის 11 პროცენტიან წილს ფლობს. მინდელის თქმით რჩეულიშვილის ოჯახი კიდევ ერთი ჰესის 10 პროცენტის შესაბამისი აქციების მფლობელი რჩება. რჩეულიშვილის სიმამრს 3 სადგურის დატოვება, მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მოუხდაო.

ირაკლი მინდელი, სოციალისტური პარტიის ენერგომაფიასთან კავშირის თეორიის ავტორებს, ქართული ენერგეტიკის დანგრევის ხარჯზე პირადი ცხოვრების მოწყობაში ადანაშაულებს.

„სოციალისტურმა პარტიამ წამოიწყო კამპანია, როგორც იცით თქვენ, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისა. და ეს არ აწყობს იმ ხალხს, ვინც ფულს შოულობს უცხოური კრედიტებიდან, ძირითადად ეს არის აი ამ ხაზებით, რომელიც „AES თელასს“ უკავშირდება და შესაბამისად უწევს ლობირებას ამ კომპანიებს.“

ამ განცხადებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართულ ენერგეტიკაში დაწყებულ კომპრომატების ომს ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური საფუძველიც აქვს.
XS
SM
MD
LG