Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის კონფერენცია სახელწოდებით '' ეუთო და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გარდამავალი პერიოდის სირთულეები.''


გიორგი კაკაბაძე წინა კვირას ჟენევაში გაიმართა სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ეუთო და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გარდამავალი პერიოდის სირთულეები".

კონფერენცია მიეძღვნა აღნიშნული რეგიონების ქვეყნების დამოუკიდებლობის ათი წლისთავს. შეხვედრის ორგანიზატირები იყვნენ ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობათა უმაღლესი სკოლა და ეუთო.

სამხრეთი კავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი მომხსენებელი გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე რონდელი.

ჟენევის კონფერენციის მონაწილთა უმრავლესობას ეუთოს დიპლომატები და დასავლელი ექსპერტები შეადგენდნენ, ხოლო სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან მიწვეული იყო 5 სპეციალისტი.

კონფერენციის ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ ზაფხულში მიმართეს თხოვნით ალექსანდრე რონდელს, მოემზადებინა მოხსენება სამხრეთი კავკასიის სამივე ქვეყანაში სახელმწიფო აღმშენებლობის შესახებ განვლილ ათწლიან პერიოდში. ქართველი ექსპერტის 20-წუთიან მოხსენებაში საუბარი იყო როგორც გარკვეულ მიღწევებზე, ისე იმ სიძნელეებზე, რომლებიც რეგიონის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ ანალოგიური მოხსენების მომზადება დაევალა ცნობილ ინგლისელ ექსპერტს შირინ აკინერს.

როგორც ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს, კონფერენციაში მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ პრაქტიკოსი სპეციალისტები. მომსხენებლები, ძირთადად, განიხილავდნენ არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრტული შინაარსის პრობლემებს. მაგალითად, იტალიელი ექსპერტი შეეხო ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის თემას:[რონდელის ხმა]"ავღანეთი როგორ არის ამაში ჩართული, როგორ მიდის ეს ცენტრალურ აზიაში, როგორ მიდის მერე კავკასიაში, რუსეთში და სხვადასხვა. უნდა გითხრათ, რომ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით რომ დასრულდა, ერთი ორო-სამი წუთი სამარისებური სიჩუმე იყო და ყველამ წარმოვიდგინეთ ის ტრაგედია და მასშტაბები, რაც მოსდევს ამას ყველაფერს."

ჟენევის კონფერენცია საკმაოდ საინტერესოდ იყო ჩაფიქრებული-ტრადიციული მოხსენებების გარდა იმართებოდა მეტად მწვავე დისკუსიები ჩეთემ-ჰაუზის წესებით, ანუ კონფერენციის კედლებს გარეთ აკრძალულია საუბარი იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ რა ისაუბრა დისკუსიის მსვლელობისას.

რაც შეეხება დისკუსიებზე გამოთქმულ ზოგად მოსაზრებებს, ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ დადებით მოვლენად იქნა მიჩნეული მხოლოდ ის, რომ რეგიონების ქვეყნებმა შეძლეს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, აგრეთვე ის, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში. სხვა მხრივ კი საკმაოდ მძიმე სურათი გამოიკვეთა.[რონდელის ხმა]"იმიტომ, რომ საუბარი იყო ცუდ მმართველობაზე, საშინელ კორუფციაზე, სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტურობაზე, საკმაოდ ცუდ პერსპექტივებზე ბევრი ქვეყნის. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩვენც არ ვიყავით იქ მაინცდამაინც ნაქები და საერთოდ უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში ისეთი იმიჯი საქართველოსი, ცოტა არ იყოს შეილახა და ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად ვჩანვართ. კავკასიაში მაინც შედარებით უკეთესი იმიჯი თითქოს სომხეთს აქვს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს და უნდა ვთქვა ეს, რომ მაინც საქართველოს გამოყოფენ როგორც ყველაზე დემოკრატიულ პოლიტიკურ ერთეულს, რომელშიაც პრესა არის თავისუფალი და,აი, იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც, დავუშვათ, იქ იყო, საკმაოდ მძაფრი ყველას მიმართ-ჩვენ არა ვართ გამონაკლისი-რამდენიმე კარგი სიტყვა გაისმა ჩვენი მასმედიის მიმართ."

საერთოდ, კონფერენციის მონაწილეთა საყოველთაო აღიარებით, მასმედია საქართველოში თავისუფალია, რაც არ ითქმის, რეგიონის მეზობელ ქვეყნებზე და, მით უმეტეს, ცენტრალური აზიის რეგიონზე.

ალექსანდრე რონდელის თქმით, ჟენევის კონფერენციისგან მიღებული მთავარი შთაბეჭდილება უკავშირდება განსჯას, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში განვლილი ათი წლის განმავლობაში-მთავარია, რომ საქართველო არსებობს, მაგრამ, ალბათ, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამიტომ უკმაყოფილების დიდი გრძნობა გეუფლება, თუმცა ცდილობ, რომ მაინც ოპტიმიზმით შეხედო მომავალს.
XS
SM
MD
LG