Accessibility links

logo-print

”ალ-ყაიდის” მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენეს


ანდრო ეული პუშტუნების შეიარაღებულ ფორმირებათა მეთაურებმა აღმოსავლეთი ავღანეთის თორა-ბორას მთიან რაიონში გამაგრებულ ალ-ყაიდის მებრძოლებს წაუყენეს ულტიმატუმი – ოთხშაბათს შუადღისათვის დატოვონ ეს რაიონი და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იარაღი დაყარონ.

პუშტუნთა ტომების აღმოსავლეთი ალიანსის მეთაურმა მოჰამად ზამანმა სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და ახალი იერიშით დაემუქრა ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს, თუ ისინი არ შეასრულებენ წამოყენებული ულტიმატუმის პირობებს. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც ”ალ-ყაიდის” წარმომადგენლები რადიოთი დაუკავშირდნენ მოჰამად ზამანს და დანებების თაობაზე მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეასრულებს თუ არა თორა-ბორას რაიონში მყოფი ”ალ-ყაიდის” ყველა მებრძოლი დაზავების პირობებს, ან კიდევ სურს თუ არა დანებება. ბინ ლადენის მიმდევრებმა ადრე არაერთგზის განაცხადეს, რომ ცოცხლები არ დანებდებიან მოწინააღმდეგეს. აღმოსავლეთის ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაზრათ ალიმ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აიღეს ენზერი ზურის მთის ორიდან ერთი მწვერვალი, სადაც ორშაბათს ღამით ინტენსიური დაბომბვის შედეგად გამოქვაბულებიდან გაძევებულმა ”ალ-ყაიდის” ასობით მებრძოლმა მოიყარა თავი.

”ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ იერიში; დავიკავეთ მრავალი გამოქვაბული; ”ალ-ყაიდის” მებრძოლები გარბიან; ვცდილობთ მეორე მხრიდან გადავუკეტოთ მათ გზა”-განაცხადა ჰაზრათ ალიმ. მან თქვა, რომ ”ალ-ყაიდის” მებრძოლები სამხრეთით ცდილობენ გაქცევას, რათა პაკისტანს შეაფარონ თავი. ამასობაში პაკისტანმა ჯარის დამატებითი შენაერთები განათავსა მთიანეთში თორა-ბორას სამხრეთით, რათა ”ალ-ყაიდის” მებრძოლებმა ვერ შეძლონ მის ტერიტორიაზე გადასვლა. ჯერაც გაურკვეველია იმყოფება თუ არა თორა-ბორას რაიონში ოსამა ბინ ლადენი. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ბინ ლადენი და თალიბების სულიერი ლიდერი მოლა მოჰამად ომარი ყანდაარის რაიონში იმალებიან. თალიბებმა პარასკევს დათმეს ყანდაარი და ბევრი მათგანი იქიდან გაიქცა, მაგრამ სხვები შესაძლოა ჯერაც იქ იმყოფებიან. ავღანეთის ისლამური პრესის ცნობით, ყანდაარის მაცხოვრებლებმა დამარხეს 50 არაბი მებრძოლი, რომლებიც ქალაქის აეროპორტის მახლობლად დაიღუპნენ ამერიკის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო რეიდის შედეგად.

ამასობაში იუწყებიან, რომ სამშაბათს ქაბულში გაეროს საგანგებო წარგზავნილი ლახდარ ბრაჰიმი ჩავიდა და ავღანეთის დროებითი მთავრობის წევრებთან გამართა მოლაპარაკება. დროებითი ადმინისტრაცია ჰამიდ კარზაის მეთაურობით 22 დეკემბერს შეუდგება ავღანეთში თავისი მოვალეობის შესრულებას. ბრაჰიმი ეთათბირა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულ აბდულა აბდულას, აგრეთვე გენერალ მოჰამად ქასიმს, რომელიც ავღანეთის დროებით მთავრობაში თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს

საგულისხმოა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მიერ სამშაბათს პარიზში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ბრიტანეთი გაუწევს კოორდინირებას სამშვიდობო ძალებს, რომლებიც ავღანეთში გაიგზავნება. ამჯერად საჭიროა, რომ გაერომ სათანადო რეზოლუცია მიიღოს - დასძინა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG