Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში კამათობენ სამხედრო ტრიბუნალების შესახებ


შეერთებულ შტატებში სულ უფრო მეტ სიმწვავეს იძენს დისკუსია ეგრეთწოდებული ”სამხედრო ტრიბუნალების” შექმნის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავდაცვის სამინისტროს განკარგულება გასცა 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო სტრუქტურები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამერიკის მთავარ მონაპოვარს – დემოკრატიულ წყობილებას.

სამხედრო ტრიბუნალების თემაზე დისკუსია განსაკუთრებით გამოცოცხლდა მას მერე, რაც მაზარი შარიფის დაცემის შემდეგ დაპატიმრებულ იქნა შეერთებული შტატების მოქალაქე, ჯონ უოკერი, რომელიც თალიბების მხარეზე იბრძოდა. მართალია, ამერიკის ოფიციალურ პირთა განცხადებით, უოკერი არ არის ომის დამნაშავე, იგი სამხედრო ტყვეა და არ იქნება გასამართლებული სამხედრო ტრიბუნალის მიერ, თუმცა, მას შესაძლოა წაუყენონ სახელმწიფო ღალატის ბრალდება.

მაგრამ მრავალთა აზრით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ასე მოხდეს, ვინაიდან ამერიკაში სახელმწიფო ღალატის ბრალდება საერთოდ ძალზე არაპოპულარულია მოსახლეობაში.

გასულ კვირაში შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა სენატის წინაშე თავგამოდებით დაიცვა ახალი ტრიბუნალების შექმნის იდეა, თუმცა ეს ”კომისიები”, როგორც მათ უწოდებენ, თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა.

ადამიანის უფლებათა დამცველების აზრით, ტრიბუნალების შემოღება რამდენიმე ასპექტით არის სახიფათო.

ჯერ ერთი, განსასჯელის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია შეიძლება გასაიდუმლოებულ იქნეს. მაშინ, როცა ამერიკის სამოქალაქო სასამართლოში ყველა სამხილი საჯარო უნდა იყოს.

მეორე მხრივ, გასაჩივრების ერთადერთი გზაა თავდაცვის მინისტრის მიმართ აპელირება. სამოქალაქო სასამართლოში კი აპელაცია ქვეყნის უზენაეს სასამართლოში შეიძლება.

და მესამე: სამხედრო მოსამართლეთა მხოლოდ ორი მესამედია საკმარისი განაჩენის გამოსატანად. ამერიკის სამოქალაქო სასამართლოებში კი განაჩენი ერთხმად უნდა იქნეს გამოტანილი.

ტრიბუნალებში განაჩენის ბედი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე, ვიდრე თავად კანონზე. ეშკროფტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ამერიკელებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ პრეზიდენტი ბუში ან თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ბოროტად გამოიყენებენ ტრიბუნალების მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

ამაში არც ადამიანის უფლებების დამცველებს ეპარებათ ეჭვი. მაგრამ ისინი შიშობენ, რომ პიროვნებაზე დამყარებული სისტემა ძირს უთხრის საერთოდ ამერიკის სასამართლო სისტემას. [პაილონის ხმა] ”საქმე ის არ არის, სანდოა ეს ხალხი თუ არა. საქმე ის არის, განმსაზღვრელი ადამიანია, თუ კანონი. მე არ მსურს ადამიანის გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული კანონი, რაც უნდა კეთილი ნებისა იყოს ეს ადამიანი. მე კანონის უზენაესობის მომხრე ვარ. და ეს არის დიდი სხვაობა. ეს არის, რაც არ ესმით ეშკროფტებს,” - მიაჩნია ვაშინგტონის კატოს ინსტიტუტის ექსპერტს, როჯერ პაილონს.

აქვე უნდა ითქვას, რომ იმავე პაილონის თქმით, ჯერ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს სამხედრო ტრიბუნალები. თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მუშაობენ მათი მოქმედების მექანიზმებზე. არც ის არის ცნობილი, როდის გამოქვეყნდება ეს წესები.
XS
SM
MD
LG