Accessibility links

logo-print

ორი პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.


ვადამდელი არჩევნები ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის აქტუალური თემაა. პარტიული ლიდერების ერთი ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს

მეორე ნაწილი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც მოითხოვს, პრეზიდენტი კი ორივე მოსაზრებას ქვეყნისთვის დამღუპველად აცხადებს.

ვინ იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ვადამდელი არჩევნები ახსენა? მიხეილ სააკაშვილი? კობა დავითაშვილი? ან, იქნებ, ვინმე სხვა?

ია ანთაძე გესაუბრებათ ორ პოზიციაზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ორი წლის წინ, 1999 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა "დილის გაზეთში". ციტატა: "ეს პარლამენტი, ალბათ, გარდამავალი იქნება. საგარეო და საშინაო მდგომარეობის მოსალოდნელი განვითარებისა და ხელისუფლების კრიზისის გამო, ვფიქრობ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ვადამდე ჩატარდება - წელიწადნახევარ-ორ წელიწადში. იმ დროისათვის ქართული საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება არსებული საარჩევნო სისტემის არაეფექტურობაში, საარჩევნო ბლოკები სულ სხვა სახეს მიიღებს და ქვეყანას სხვა პარლამენტი ეყოლება."

ეს პროგნოზი, რომელიც მის ავტორს თითქმის სიტყვა-სიტყვით აუხდა, საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა. მისი ავტორია მოსკოველი პოლიტოლოგი, აწ უკვე პარტია "ერთობის" თანათავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია.

მაშინ ალექსანდრე ჭაჭია ვადამდელ არჩევნებს უკავშირებდა სწორედ იმ ფაქტორს, რომლის გამოც ეს თემა აქტუალურია დღეს, ორი წლის შემდეგ.

პარლამენტი ქვეყნის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოა, თანაც, მუდმივად განახლებადია და, წესის თანახმად, ადეკვატურად უნდა ასახავდეს საზოგადოების პოლიტიკურ ნებას.

როდესაც ალექსანდრე ჭაჭიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იწინასწარმეტყველა, იგი დაეყრდნო მოსაზრებას, რომ არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის პოლიტიკური სტრუქტურა ვერ ასახა. მისი აზრით, ბლოკი "აღორძინება" ხელოვნურად შეკოწიწდა: ასლან აბაშიძის დახმარების გარეშე ტრადიციონალისტები და სოციალისტები პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ. ამ ორ პოლიტიკურ პარტიას საზოგადოება მხარს არ უჭერდა და, შესაბამისად, მათი ადგილი პარლამენტში არ იყო.

ასევე ხელოვნურად შეკოწიწებული უწოდა ჭაჭიამ მოქალაქეთა კავშირს. ციტატა: "საქართველოში არ არსებობს მოქალაქეთა კავშირის ხელისუფლება. მოქალაქეთა კავშირი არის ბუტაფორიული ფორმირება, რომელიც ფონისთვის, ლაყბობისთვის შეიქმნა. საქართველოში არსებობს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის გამოყენებით ხორციელდება. ედუარდ შევარდნაძისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ამ უმრავლესობას მოქალაქეთა კავშირის წევრები შეადგენენ თუ ჩონგურ-ფანდურის მოყვარულთა საზოგადოების წევრები."

ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ, უკვე არაერთი პოლიტიკური ლიდერი ფიქრობს, რომ პარლამენტში ძალთა განლაგება მეტისმეტად ხელოვნურია და მოსახლეობის რეალურ ინტერესებს არ შეესაბამება.

ამას ადასტურებს, თუნდაც, ბოლო პოლიტიკური მოვლენა: პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობას, რომელსაც მოსახლეობა უნდობლობას უცხადებდა ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით. შესაბამისად, პარლამენტს სჭირდება განახლება იმისათვის, რომ უკეთ ასახოს საზოგადოების ინტერესები.

ეს ნორმალური არგუმენტია. პრობლემა ისაა, რომ ვადამდელ არჩევნებს საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. რა უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს ქვეყანას: კონსტიტუციური წესრიგის რღვევა თუ კიდევ ორი წლის განმავლობაში პარლამენტის შენარჩუნება დღევანდელი შემადგენლობით?

პრეზიდენტს ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს: ვადამდელი არჩევნები სიკეთეს არ მოიტანს, რადგან პროცესები კონსტიტუციის ჩარჩოში უნდა მიმდინარეობდეს.

სხვაგვარად ფიქრობენ მიხეილ სააკაშვილი, ირინა სარიშვილი და ჯუმბერ პატიაშვილი, რომლებიც, განსხვავებული მსოფლხედვის მიუხედავად, კრიზისიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავენ.

გამოდის, პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებენ მეტ-ნაკლებად პოპულარული პოლიტიკური ლიდერები.

სამაგიეროდ, პრეზიდენტის პოზიცია დაემთხვა მესამე სექტორის ლიდერის -გია ნოდიას მოსაზრებას. ათ ნოემბერს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე გია ნოდიამ ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია. ციტატა: "კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადრეული საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების იდეას.'დემოკრატიის უპირატესი პრინციპია კონსტიტუციონალიზმი და არა ხალხის ნება. თუ ხალხმა აირჩია პრეზიდენტი და პარლამენტი, მერე არ აქვს უფლება, თქვას - აღარ მომწონს ისინი და ხელახლა ამარჩევინეთო. ის, რომ ერთი ან მეორე თავის ფუნქციას ვერ ასრულებს; ან ის, რომ პარლამენტის შემადგენლობა განახლებულ პოლიტიკურ სიტუაციას არ შეესაბამება, - არ არის საკმარისი საფუძველი ახალი არჩევნებისთვის" (ციტატის დასასრული).

ჯერჯერობით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ნებისმიერი დაინტერესებული მხარე ცალსახა პოზიციას გამოხატავს: ან ხალხის ნებაზე მიუთითებს, ან კონსტიტუციურ წესრიგზე. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა იმისათვის, რომ მასშტაბური პოლიტიკური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეს? ვისი ლოგიკა უნდა გაიზიაროს რიგითმა მოქალაქემ - მიხეილ სააკაშვილის თუ გია ნოდიასი? დღეს საზოგადოება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არის.
XS
SM
MD
LG