Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი უცხოელებისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითხოვს


გერმანელი დიპოლმატის გინტერ ბოიხელის მკვლელობის გამო, პრეზიდენტის რისხვა უშიშროების ახალ მინისტრს დაატყდა.

მთავრობის 12 დეკემბრის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს უცხოელებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა, მანამდე კი გერმანელი დიპლომატის მკვლელობის საქმის სასწრაფო გამოძიება დაავალა.

ბოლო წლების მანძილზე უცხო ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ საქართველოში ჩადენილ იქნა 150-მდე დანაშაული, მათ შორის 5 მკვლელობა და 60-მდე ძარცვა. საქართველოში ჩამოსვლა ტრაგიკულად დამთავრდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლისთვის ფრედ ვუდროფისთვის. თბილისში მოკლეს გაეროს ოფისის თანამშრომელი მარია მაგდალინა ვევიორსკა, სიცოცხლეს გამოასალმეს საბერძნეთის საკონსულოს ერთ-ერთი მუშაკიც. კახეთში იპოვეს გაურკვეველ ვითარებაში მოკლული იტალიელი ჟურნალისტის, ანტონიო რუსოს გვამი. რამდენიმე დღის წინ კი თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ევროკომისიის მისიის თანამშრომელი გიუნტერ ბოიხელი მოკლეს. გერმანელი დიპლომატის მკვლელობის მოტივად გაძარცვას ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკომისიის მისიის თანამშრომლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა თბილისში მასზე განხორციელებული რიგით მესამე თავდასხმა. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ საშიში ქვეყნის იმიჯის ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს, განსაკუთრებით კი უშიშროების მინისტრს შეახსენა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სტაბილურ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება, იქ მობილიზებულები არიან. უცხოელების უსაფრთხოება ძირითად ქვეყნებში გარანტირებულია. მე უნდა გამოვთქვა შენიშვნა უშიშროების სისტემის მიმართ. თუ ახალი მინისტრი ძველი ცოდვების ქექვას შეუდგება და სამინისტროს მუშაობაში გარდატეხას არ შეიტანს, არაფერი გამოვა.”

მთავრობის 12 დეკემბრის სხდომაზე პრეზიდენტმა გიუნტერ ბოიხელის მკვლელობის საქმის სასწრაფო გახსნა მოითხოვა და არ გამორიცხა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გახშირებული თავდასხმები ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვისკენ იყოს მიმართული.

შევარდნაძის განცხადებით, უკანასკნელი დანაშაული შემაძრწუნებელია, მსგავსის განმეორებამ კი შეიძლება ძალიან დიდი ხნით შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ორგანიზაციებში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში. უშიშროების მინისტრს შევარდნაძემ საქართველოში მყოფ უცხოელებთან კანონის ფარგლებში მუშაობა დაავალა. პრეზიდენტის თქმით, ეს უკანასკნელნი გულუბრყვილოდ ისეთ პიროვნებებსაც ენდობიან, რომლებსაც არ უნდა ენდონ.

ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვა, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი ახალი სტრუქტურის შექმნის ინიციატივით გამოეხმაურა. ამ სტრუქტურას სწორედ უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოიძიება დაევალება.
XS
SM
MD
LG