Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჟეტო ორგანიზაციები წყლის გარეშე რჩება


თამარ ჩიქოვანი თბილისი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: გამორიცხული არ არის, უდენობასა და უგაზობას უწყლობაც დაემატოს. ოფიციალური ინფორმაციით, 12 დეკემბრიდან წყლის მიწოდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას შეუწყდა.

ამ სადამსჯელო ოპერაციის მიზეზი საქართველოსთვის ბანალური გახლავთ: უზარმაზარი დავალიანება.

საქართველოში ვალების ამოღების საინტერესო ფორმა მკვიდრდება. “AES თელასის” მუქარას, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, იგი დენის მიწოდებას შეუწყვეტდა “თბილწყალკანალს”, რომელიც თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს, ამ უკანასკნელის მხრიდან ოპერატიულად მოჰყვა ვალის დაფარვა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თბილისში წყლის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდა. ახლა უკვე თავად “თბილწყალკანალი” ცდილობს, საკუთარი მევალეებისგან თანხები ამერიკელების მიერ აპრობირებული მეთოდით ამოიღოს. “თბილწყალკანალის” კუთვნილი თანხა კი სოლიდურია: 18 მილიონი ლარი. ამ თანხის ლომის წილი საბიუჟეტო ორგანიზაციებზე მოდის. მთავრობის 12 დეკემბრის სხდომაზე თბილისის მერმა ვანო ზოდელავამ თავისი კოლეგები კიდევ ერთხელ გააფრთხილა წყლით მომარაგების შეწყვეტის საფრთხის შესახებ.

[ვანო ზოდელავას ხმა] “დღეს აბსოლუტურად ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია იქნება გამორთული და სასმელ წყალს არ მიიღებს: არც ერთი სამინისტრო, დეპარტამენტი, არც პარლამენტი, არც კანცელარია და ყველა ის უწყება, ვისაც აქვს დავალიანება წყალკანალისა. ასეთი დავალიანებაა 18 მილიონი ლარი. და ამერიკელები სწორად სვამენ საკითხს, “AES”-ი ვალდებულია, მიაწოდოს ბუნებრივი აირის საფასური, აქედან გამომდინარე, წყალკანალიც ვალდებულია, რომ მას გადაუხადოს მისი თანხა”

მთავრობის სხდომაზე მინისტრებს წყლის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამთ. თუმცა, გამორიცხული არ არის, პროტესტების ტალღა სანქციის ამოქმედების შემდეგ აგორდეს. მართალია, თბილისის მერის განცხადებით, საბიუჟეტო ორგანიზაციები კომუნალური გადასახადებისთვის აუცილებელ თანხებს ბიუჟეტიდან იღებენ, მაგრამ, რეალურად, საკამათო საკითხია, იღებენ თუ არა საბიუჯეტო ორგანიზაციები კომუნალური ხარჯების პარამეტრით გათვალისწინებულ თანხას. მაგალითად, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ცენტრალური ბიუჯეტი, მართალია, ითვალისწინებს ბიბლიოთეკის კომუნალურ ხარჯებს, მაგრამ სინამდვილეში ამ ორგანიზაციას ბიუჯეტიდან არაფერი მიუღია. პარლამენტის საბიუჟეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, სულაც არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის სეკვესტრისას შემცირებაში სწორედ კომუნალური ხარჯები მოყოლილიყო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები იღებენ იმავე წყლის ან ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარ თანხებს, მაგრამ ურჩობენ და გადასახადს არ იხდიან – რეალობას არ შეესაბამება.

სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს “თბილწყალკანალი” ამერიკელების მაგალითის გამეორებას და მევალეების მიმართ პრინციპულობის შენარჩუნებას. წყლის შეწყვეტის მუქარის მიუხედავად, 12 დეკემბერს წყალი პარლამენტსაც ჰქონდა, კანცელარიასაც და სამინისტროებსაც.
XS
SM
MD
LG