Accessibility links

logo-print

ქართული კინოს გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ


თბილისის კინოს სახლში მოწყობილმა რეტროსპექტივამ "აღმოსავლეთ გერმანია დღეს" თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ არა მარტო ქართველ, არამედ ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კინემატოგრაფისტებს.

გოეთეს ინსტიტუტის საქართველოს განყოფილებამ თბილისის კინოს სახლში მოაწყო რეტროსპექტივა, რომლის მსგავსი ქართველ კინოს მოყვარულებს ნამდვილად არ ახსოვთ - ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კინემატოგრაფისტთა მიერ 90-იან წლებში, ე. ი. გერმანიის გაერთიანების შემდეგ გადაღებულ ფილმებთან ერთად მაყურებელს უჩვენეს ამავე პერიოდში დასრულებული რამდენიმე ქართული მხატვრული და დოკუმუნტური სურათი, როგორც ჩანს იმის გასარკვევად, თუ რა აერთიანებთ ადამიანებს, რომლებმაც ერთი და იგივე დროს განიცადეს თავისებური კულტურული შოკი - ფაქტობრივად დარჩნენ სამუშაოს გარეშე: კინოსტუდიამ, რომელშიც ისინი თავიანთ ფილმებს იღებდნენ ფუნქციონირება შეწყვიტა, სახელმწიფომ უარი განაცხადა მათი ფილმების დაფინანსებაზე. არა და როგორც აღმოსავლეთ გერმანელი, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები სწორედ ასეთი ტიპის კინოწარმოებას შეეჩვივნენ - ხელისუფლება მათ მკაცრად აკონტროლებდა, აქტიურად ერეოდა შემოქმედებით პროცესში, მათ ფილმებს კრძალავდა კიდეც - მაგრამ ყოველ მათგანს შეეძლო კომპრომისისთვის მიემართა და კინო მაინც გადაეღო. 1996 წელს გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა თანასწორობის იდეალებს თავისუფლებაზე უფრო მაღლა აყენებს. არ არის გამორიცხული, რომ ასეთმა გამოკითხვამ საქართველოშიც ანალოგიური შედეგი მოგვცეს. ყოველ შემთხვევაში კულტურული შოკი, მსხვერპლის როლში ყოფნა, ფასეულობათა ძირეული ცვლილება რეტროსპექტივაში ჩართულ ფილმების ავტორებს ერთნაირად რომ აწუხებთ,-ეს ფაქტია. ამას ემატება მხატვრული გადაწყვეტის მეორადობა, სქემატურობა როგორც გერმანულ, ისე ქართულ ფილმებში. თუმცა, გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლის ლაშა ბაქრაძის აზრით [ლაშა ბაქრაძის ხმა: "დოკუმენტური ფილმები, რომელიც არის ნაჩვენები, უფრო საინტერესოა, ვიდრე მხატვრული ფილმები. შეიძლება არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური თვალსაზრისით. საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან ჩვენთან დოკუმენტურ კინოს სხვანაიარად უყურებენ, ვიდრე დასავლეთში"]
თანამედროვე ქართულ კინოში არა მარტო დოკუმენტურ კინოს, ისტორიასაც "სხვანაირად" უყურებენ. განსხვავებით გერმანული ფილმებისგან, რომელიც რეტროსპექტივაშია ჩართული, 90-იანი წლების ქართულ კინოში დრო მკვდარია, ჩვენი კინემატოგრაფისტები ისევ იგავის ფორმას და "ეზოპეს სტილს" ირჩევენ. ანუ არ იმჩნევენ, რომ დრო მართლაც შეიცვალა. ამ თვალსაზრისით მათ ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ გერმანელი კოლეგებისგან კინოკვირეულზე, რომელიც შაბათს დაიხურება.
XS
SM
MD
LG